Accessibility links

logo-print
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე უისტლერის ტრასაზე ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზი ტრასის გაუმართაობა გახდა, - იტყობინებიან კანადის სამაუწყებლო კომპანია ”სი ბი სი” -ს ჟურნალისტები, რომლებმაც ორშაბათს ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო სამსახურის წარმომადგენლების ელექტრონული წერილები გამოაქვეყნეს. საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლების მიმოწერა, რომელიც კანადელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე 11 თვით ადრე მიმდინარეობდა. სწორედ აღნიშნული წერილებიდან ირკვევა, რომ უისტლერის ტრასა, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილმა უკანასკნელი სავარჯიშო დაშვება 2010 წელის 12 თებერვალს განახორციელა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დასკვნით, ზედმეტად სწრაფი იყო, რასაც შეიძლებოდა მოციგავეების დაშავება ან დაღუპვაც კი გამოეწვია.

ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეული იყო ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალება და, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს მისი გარდაცვალების რეალურ მიზეზს ...
სრულიად განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა გასული წლის 4 ოქტომბერს კანადის საგამოძიებო სამსახურმა. დასკვნის მიხედვით, 21 წლის ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში დიდი როლი მისმა ”შედარებითმა გამოუცდელობამ” ითამაშა. ახალგაზრდა მოციგავემ უისტლერის ტრასაზე უკანასკნელი სავარჯიშო დაშვება ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე განახორციელა. ის საათში დაახლოებით 145 კმ სიჩქარით მოძრაობდა, მაშინ როცა უისტლერის ტრასის ევროპელი დამპროექტებლები მაქსიმალურ სიჩქარედ 135 კმ-ს ვარაუდობდნენ. ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძა და მწვრთნელი ფელიქს ქუმარიტაშვილი მოციგავის გარდაცვალების მიზეზად პირველივე წუთებიდან ტრასის ზედმეტ სისწრაფეს ასახელებდა.

ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ჯონ ფურლონგს, კანადის სამაუწყებლო კომპანია”სი ბი სი”-ს ერთ-ერთ შოუში - ”ძალაუფლება და პოლიტიკა” - ჟურნალისტის კითხვებზე პირდაპირ ეთერში მოუხდა პასუხების გაცემა. ”ზაფხულში, - მას შემდეგ, რაც მოციგავეებმა ტრასაზე წვრთნები დაიწყეს, - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მითითებით, 30-მდე შესწორება შევიტანეთ. ტრასის დახვეწის პროცესი ოლიმპიური თამაშების გახსნამდე მიმდინარეობდა. ჩვენ გვითხრეს, რომ ტრასა სრულ მზადყოფნაში იყო და დაცული იყო ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, რაც თამაშების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევდა”, - ამბობს ჯონ ფურლონგი კანადელ ჟურნალისტთან საუბრისას.

როგორც ”სი ბი სი”-ს ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მიმოწერიდან ირკვევა, ჯონ ფურლონგი თანამშრომლებს უგზავნის შიდა მეილს, სახელწოდებით ”უისტლერის ტრასის სიჩქარე”, სადაც მათ ატყობინებს, რომ ექსპერტთა აზრით, ტრასა დასაშვებზე გაცილებით სწრაფია, რამაც შეიძლება მოციგავეების დაშავება ან დაღუპვა გამოიწვიოს: ”ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ ამის შესახებ გაგვაფრთხილეს და ჩვენ კი არაფერი გავაკეთეთ”, სწერს ჯონ ფურლონგი თანამშრომლებს.

”ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეული იყო ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალება და, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს მისი გარდაცვალების რეალურ მიზეზს”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა და ის, საგამოძიებო პროცესის ხელახლა დაწყების შემთხვევაში, ქართული მხარის ჩართვას მოითხოვს: ”ჩვენ ვფიქრობთ, წერილით მივმართოთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, ვანკუვერის ოლიმპიურ კომიტეტს, რათა მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ჩვენი შემდგომი რეაგირება სწორედ მათ პასუხებზეა დამოკიდებული”, - ამბობს გია გალდავა.

ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ვახტანგ გეგელიას განცხადებით, ოლიმპიური კომიტეტი დეტალურად შეისწავლის კანადური ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ქართული მხარის რეაგირება დამოკიდებულია გარდაცვლილი მოციგავის ოჯახის გადაწყვეტილებაზე და მომდევნო ნაბიჯებსაც მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავენ: ”აუცილებლად მივმართავთ წერილით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, საციგაო თამაშების საერთაშორისო ფედერაციას, ვანკუვერის საორგანიზაციო კომიტეტს და მოვითხოვთ ახსნა-განმარტებას: როდესაც მათ ნოდარის გარდაცვალების შემდეგ დასკვნები გამოაქვეყნეს, რატომ არ აისახა იქ ეს წინასწარი გაფრთხილებები და ის პრობლემები, რაც ტრასაზე არსებობდა? ალბათ, კანადის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, საქართველოს მხარეც ჩამოყალიბდება და თუკი ოჯახს პრეტენზიები გაუჩნდება, შესაბამისად, ჩვენც გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს”, - აღნიშნავს ვახტანგ გეგელია.

ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილი, ყოფილი მოციგავე და მწვრთნელი ვლადიმერ ქუმარიტაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ როგორი შეცდომაც არ უნდა დაეშვა მოციგავეს, ის ციგიდან არ უნდა ამოვარდნილიყო: ”ამ მიმოწერაში ახალი არაფერია. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ნოდარის გარდაცვალების მიზეზი ტრასის გაუმართაობა და უსაფრთხოების არარსებობა იყო”, - ამბობს ის.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ, უსაფრთხოების სპეციალისტების გადაწყვეტილებით, დამოკლდა უისტლერის ტრასის სიგრძე, რის საფუძველზეც შემცირდა დაშვების სიჩქარე, ამაღლდა სწორედ ის მოსახვევი, საიდანაც მოციგავე ციგიდან ამოვარდა, ხოლო რკინა-ბეტონის ჯებირები რბილი დამცავი საფარით შეფუთეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG