Accessibility links

logo-print

დევნილების საკითხი პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ


დევნილების გამოსახლება თბილისში

დევნილების გამოსახლება თბილისში

საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტში 8 თებერვალს საკმაოდ მწვავე კამათი გაიმართა დევნილების გამოსახლების ხმაურიანი პროცესების თაობაზე. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უკანონო და არაჰუმანური ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებენ; საპარლამენტო უმრავლესობა კი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ოპონენტები პოპულისტურ ხერხებს მიმართავენ. პარალელურად ირკვევა, რომ დევნილთა მასობრივი გამოსახლების პროცესი დასრულებულია.

დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებული იანვრის ხმაურიანი პროცესების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის სხდომა პირველად სწორედ 8 თებერვალს გაიმართა და დეპუტატები შეეცადნენ პრობლემისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოეხატათ. საკმაოდ უარყოფითია საპარლამენტო ოპოზიციის შთაბეჭდილებები. მაგალითად, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ გამოსახლების უხეში ფორმებით განხორციელებულ პროცესში დევნილებს დაუზიანეს საოჯახო ნივთები, რომლებიც თავის დროზე სახელმწიფოს მიერ იყო შეძენილი და დროებითი საცხოვრებლიდან გაუფრთხილებლად გამოძევებულმა დევნილებმა ხშირ შემთხვევაში არ იცოდნენ, თუ საით უპირებდნენ მათ გადასახლებას. ამასთან, პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” სახელით მოქმედი დეპუტატი ამბობს, რომ იმ შენობებში, საიდანაც დევნილები გამოასახლეს, თავის დროზე ისინი სწორედ სახელმწიფომ შეასახლა:

დევნილი, რომელიც გაასახლეს, მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურაში და როცა ეუბნებიან, წადი ფოცხოში ან წადი კახეთშიო, მან სახელმწიფო სტრუქტურაში სამსახური უნდა მიატოვოს, რადგანაც სხვა გამოსავალი არ რჩება ...
”მე მაინტერესებს, ერედველმა, კეხველმა, თამარაშენელმა თუ ფრისელმა ქართველმა კაცმა, გამოდევნილმა სამაჩაბლოდან, რომელსაც კვალში ედგნენ ტერორისტები, სეპარატისტები და მკვლელები, საიდან გაიგო, რომ თურმე მიცკევიჩის 27-ში მიტოვებულია ქალაქ თბილისის ყოფილი სანეპიდსადგური და იქ უნდა შეჭრილიყო აუცილებლად... სიცრუეა ეს...”

დევნილების შეჭრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ მიიჩნევს პაატა დავითაიაც, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ის ზოგადად გამოსახლების პროცესის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მიაჩნია, რომ სახელმწიფოს ყველა დევნილის საკითხი ინდივიდუალური წესით უნდა განეხილა და განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმო, მაგალითად, ინტეგრაციის საკითხისთვის. დავითაიას ერთ-ერთი დევნილის მაგალითი მოჰყავს:

”დევნილი, რომელიც გაასახლეს, მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურაში და როცა ეუბნებიან, წადი ფოცხოში ან წადი კახეთშიო, მან სახელმწიფო სტრუქტურაში სამსახური უნდა მიატოვოს, რადგანაც სხვა გამოსავალი არ რჩება... როცა სტრატეგია საუბრობს და გაწერილი უნდა იყოს, რომ ის, ვინც ინტეგრირებულია, უნდა ჩასახლდეს აქ. აი, ეს არის პრობლემა...რასაც სერიოზული მსჯელობა სჭირდება.”

საპარლამენტო ოპოზიციის დასკვნებს არ იზიარებს უმრავლესობა, რომლის შთაბეჭდილებითაც, ოპონენტები დევნილების თემის პოლიტიზებით ქულების დაწერას ცდილობენ. უმრავლესობის წარმომადგენელმა ლაშა თორდიამ სამშაბათს, პარლამენტის სხდომის მსვლელობისას, კოლეგებს თავშეკავებისკენ მოუწოდა:

”ამ საკითხის პოლიტიზირება, ამ თემაზე აპელირება და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში წარმოჩენა იმ ხალხის, რომლებიც ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, არის ძალიან ცუდი ფაქტი. მოგიწოდებთ, რომ ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეისწავლოთ ეს თემა და დამახინჯებული ფორმით ნუ მივაწვდით საზოგადოებას...”

ოპონენტების მხრიდან დევნილების საკითხის პოლიტიზების მცდელობაზე 8 თებერვალს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმაც ილაპარაკა და თქვა, რომ არ შეიძლება იშვიათად გამოვლენილი ხარვეზების განზოგადება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წარმატებული პროცესის კონტექსტში:
”არსებობს გაეროს დასკვნა, რომელშიც საკმაოდ გარკვევით წერია, რომ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა) სამინისტროს არ დაურღვევია არც საქართველოს კანონი და არც საერთაშორისო ნორმა... გაერო ჩართული იყო მთელ ამ პროცესში თავიდან ბოლომდე. სამინისტრომ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა სპეციალური საოპერატორო პროცედურები, რომელიც გაეროსთან ერთად შემუშავდა და ამ პროცესებით მიმდინარეობდა ყველაფერი.“

თბილისში რა ობიექტებიც იყო, დამთავრდა... თუ რომელიმე ობიექტში შეჭრა მოხდება, ცხადია, ისევ დადგება რაღაც საკითხები - როგორ და რანაირად მოვიქცეთ ...
დადებითი დასკვნა, რომელსაც გოკა გაბაშვილი ახსენებს, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარიატს - გლუკს - ეკუთვნის, რომელიც აქტიურად არის ჩართული დევნილებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადებისა და მათი გამოსახლება-გადაყვანის მონიტორინგის პროცესში. ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ”დევნილები ძირითადად ინფორმირებული იყვნენ სხვა საცხოვრებელ ადგილას გადაყვანისა და შესაბამისი გამოსახლების შესახებ. არავინ დარჩენილა ქუჩაში. ფინანსური კომპენსაცია გადაეცათ მათ, ვისაც ეკუთვნოდა და ვინც დროულად შეავსო განაცხადი. საცხოვრებელ ადგილებად შეთავაზებული ვარიანტები, რომლებიც მოინახულა გლუკმა და მისმა პარტნიორებმა, გამზადებული და დევნილთა განსახლებისთვის შესაფერისია.”

თუმცა არსებობს საკმაოდ მწვავე უარყოფითი დასკვნებიც და ერთ-ერთი მათგანი 28 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეშენალმა” (Amnesty International) გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია, მაგალითად, იმით, რომ ”ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გამოსახლებულების შესაბამისი წინასწარი შეტყობინება; ვერ უზრუნველყო, რომ ყველა შესაბამის ოჯახს მიეღო ფინანსური დახმარება გამოსახლებამდე და ასევე ვერ უზრუნველყო მეთვალყურეთა სრული და შეუფერხებელი დაშვება.” Amnesty International-ის შეშფოთება ასევე გამოხატულია იმ ფაქტის გამო, რომ გამოსახლებულებისთვის შეთავაზებული ყველა ალტერნატიული საცხოვრებელი სრულად ვერ აკმაყოფილებს ”ადეკვატურ საცხოვრებელ სტანდარტებს“.

რაც შეეხება დევნილთა მასშტაბური და ხმაურიანი გამოსახლების პროცესის გაგრძელებას, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული სამართალდამცველი სტრუქტურები, როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი კოპალეიშვილი, დევნილთა მასშტაბური გამოსახლება-გადაყვანის პროცესი ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია:

”... ეს პროცესი უკვე დასრულებულია. თბილისში რა ობიექტებიც იყო, დამთავრდა... თუ რომელიმე ობიექტში შეჭრა მოხდება, ცხადია, ისევ დადგება რაღაც საკითხები - როგორ და რანაირად მოვიქცეთ. აქ არ ვიქნებით მარტო. ჩვენ მონიტორებთან ერთად განვახორციელებთ, რომ ყველაფერი იყოს კანონთან თანხვედრაში. სხვა მხრივ, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი გრძელდება, სამოქმედო გეგმა ხორციელდება და, შესაბამისად, ამის მიხედვით გაკეთდება ყველაფერი.”

ვალერი კოპალეიშვილის ინფორმაციით, ბოლოდროინდელი ხმაურიანი პროცესები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკანონოდ დაკავებულ შენობებთან მიმართებით მიმდინარეობდა და რომ იანვარში 22 ასეთი ობიექტი დაიცალა. ერთად აღებული კი, ბოლო 2 წლის მანძილზე დევნილების მიერ დაკავებული ამ ტიპის 750 ობიექტი გათავისუფლდა. აქედან დიდი ნაწილი შიდა ქართლში დაბრუნებულმა დევნილებმა საკუთარი ნებით დატოვეს. იმავე წყაროს ცნობით, გამოსახლების პროცესი არ შეჰხებიათ კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს და რომ ამ ეტაპზე 278 ასეთი ობიექტი უკვე დაუკანონდა 10 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს. თუმცა სამომავლოდ სახელმწიფოს შესაძლოა კომპაქტური დასახლებებიდანაც მოუწიოს დევნილების ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა. კოპალეიშვილის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ესა თუ ის კონკრეტული შენობა ან ვინმეს კერძო საკუთრებაა, ანდა ავარიულ მდგომარეობაშია.
XS
SM
MD
LG