Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები - ევროსასამართლოში ბაჟის დაწესების წინააღმდეგ


აპრილის ბოლოს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ევროსასამართლოსათვის მიმართვაზე გადასახადის შემოღების საკითხის განხილვა იგეგმება. ე.წ. სასამართლო ბაჟის დაწესება ევროპის სასამართლოს რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი კომპონენტია და, როგორც ადამიანის უფლებადამცველები განმარტავენ, ის ერთგვარი ფილტრის ფუნქციას შეასრულებს, ანუ საქმეებით გადატვირთულ ევროპულ სასამართლომდე ყველა საჩივარს არ მიუშვებს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს სიახლე საფრთხეს შეუქმნის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელებას და სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ მხარი არ დაუჭიროს ამ გადასახადის შემოღებას.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არ იქნება ძალიან მაღალი გადასახადი, მაგრამ არც სიმბოლური თანხა იქნება ...
ქართველი უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებსაც უცხოელი დონორების დახმარებით სტრასბურგის სასამართლოში არაერთი სარჩელი აქვთ შეტანილი, მოსალოდნელ საფრთხეებზე ლაპარაკობენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კავშირი - 21-ე საუკუნე“ - არასამთავრობო სექტორის ის ნაწილია, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპის სასამართლოში ბაჟის დაწესება უპრეცედენტოდ უარყოფითი მოვლენა იქნება. საქართველო ევროპის საბჭოს წევრ იმ 47 ქვეყანას შორისაა, რომლებიც ხელს აწერენ ადამიანის უფლებათა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას. სწორედ ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ კენჭისყრით ბედი სასამართლო რეფორმისა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი სიახლე ევროსასამართლოში სასამართლო ბაჟის დაწესება იქნება. ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელს ადვოკატ ლია მუხაშავრიას ესმის ევროსასამართლოს წუხილი და საქმეების დაჩქარების წინააღმდეგი არც თავადაა, მაგრამ ფიქრობს, რომ გადასახადის შემოღება ადამიანის უფლებათა კონვენციით დადგენილ უმთავრეს უფლებას დაარღვევს. სწორედ ამიტომ მიმართავს ის საქართველოს ხელისუფლებას, მხარი არ დაუჭიროს გადასახადის შემოღებას.

ჯერ არავისთვის არის ცნობილი ევროსასამართლოსათვის მიმართვაზე გადასახადის შემოღების შემთხვევაში რა რაოდენობის თანხის გადახდა იქნება საჭირო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ნათია კაციტაძე განმარტავს, რომ ეს თანხა სიმბოლური არ იქნება, რადგან თავად ინიციატივა ძალიან კონკრეტულ შედეგზეა გათვლილი:

”როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არ იქნება ძალიან მაღალი გადასახადი, მაგრამ არც სიმბოლური თანხა იქნება, რადგან მიზანი ამ ბაჟის შემოღების სწორედ ისაა, რომ ადამიანი ორჯერ მაინც დაფიქრდეს, სანამ სარჩელს შეიტანს და ამ გზით გაიფილტროს საჩივრების რაოდენობა.”

ანუ ლოგიკურად გამოდის, რომ სერიოზული უფლებადარღვევის შემთხვევაშიც კი უფულობამ მოქალაქეს შეიძლება უარი ათქმევინოს ევროპული სასამართლოს დახმარებაზე. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, საპროტესტო კამპანია ევროპულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც წამოიწყეს:

”ჩვენც ვუერთდებით მათ და ვფიქრობთ, რომ იმის გარდა, რომ უსამართლო იქნება ეს გადაწყვეტილება, ადამიანს, რომლის უფლებაც მართლა დაირღვა და თან ამას ასაბუთებს, მაგრამ ადგილზე სამართალვს ვერ მიაღწია, ვუსპობთ ყველა გზას, რომ მან ეს უფლება ევროპულ სასამართლოში დაიცვას.”

ჩვენ არ ვიცით სტრასბურგი გაათავისუფლებს ამ ბაჟისგან სოციალურად დაუცველ ადამიანებს თუ არა, - ისეთებს, როგორებსაც, მაგალითად, მე ვიცავ, - პატიმრებს ...
ჩუგოშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რიცხვი საგრძნობლად არის გაზრდილი. საიას, მაგალითად, ახლა სტრასბურგში 79 საქმე აქვს წაღებული. აქედან მხოლოდ ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეების რაოდენობა 50-ია და ხუთასამდე ადამიანის საჩივარს აერთიანებს. 112 საჩივარია გაგზავნილი ორგანიზაცია „კავშირი - 21-ე საუკუნის” მიერ, რომლის წარმომადგენელი პაატა გაჩეჩილაძე შემდეგი არგუმენტით ასაბუთებს, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ უნდა დაუჭიროს:

”თუნდაც ის, რომ საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და მისი მოქალაქეების ეკონომიკური შესაძლებლობა ძალიან დაბალია.. დღესაც ჩემს ორგანიზაციას 112 სარჩელი აქვს სტრასბურგში წაღებული და ეს პროცესი დღემდე გრძელდება და ყველა ეს ადამიანი ომით დაზარალებული პირია, დევნილები, რომლებსაც ფული არ გააჩნიათ და მათთვის ამ ბაჟის დაწესება ნიშნავს, რომ ვერასოდეს დაიცავენ საკუთარ უფლებებს.”

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მომჩივანთა კიდევ ერთი ნაწილის - პატიმრების - ბედი, პატიმრებისა, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ და რომელთა არსებობაც რიგ შემთხვევებში მათი ოჯახის წევრებსაც კი აღარ ახსოვთ.

”ჩვენ არ ვიცით სტრასბურგი გაათავისუფლებს ამ ბაჟისგან სოციალურად დაუცველ ადამიანებს თუ არა, - ისეთებს, როგორებსაც, მაგალითად, მე ვიცავ, - პატიმრებს, რომლებიც წლებია ციხეში არიან და მათი არსებობა მათი ოჯახის წევრებსაც აღარ ახსოვთ”, აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი.

საქართველოს მთავრობაში ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებას არ ჩქარობენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ევროსასამართლოში მიმართვისათვის საჭირო ხარჯებს დღეს დონორების დახმარებით ფარავენ. ამიტომ მოქალაქეებს იურისტებისათვის თანხის გადახდა არ უწევთ. ბაჟის დაწესების შემთხვევაში კი სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ ამ თანხებს ის ვერ გადაიხდის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG