Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 8 თებერვალი 2011


”24 საათი” წერს, რომ ”სადაზღვევო კომპანიებს საქართველოს კონტროლის პალატის პარალელურად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოწმებს, თუმცა ამ ინფორმაციას იქ არ ადასტურებენ. სადაზღვევო კომპანიებში კი გვითხრეს, რომ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო უკვე რამდენიმე დღეა ჯანმრთელობის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამების ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს.” ”24 საათის” ამავე სტატიიდან შეიტყობთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით 284 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომლის მხოლოდ მეხუთედი დახარჯეს სადაზღვევო კომპანიებმა.

ამავე თემაზე ”რეზონანსი” წერს: ”სადაზღვევო კომპანიების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას სახელისუფლებო კულუარებში მერაბიშვილი-ადეიშვილის დაპირისპირებას უკავშირებენ. როგორც ამბობენ, სადაზღვევო კომპანიებს აქამდე მერაბიშვილი აკონტროლებდა, და საუბრობენ იმ სქემებზე, რომლის მეშვეობითაც სადაზღვევო კომპანია იღებდა ბიუჯეტიდან გარანტირებულ ფულს და მოგებიდან გარკვეულ წილს ისევ ხელისუფლებას - ოღონდ არაოფიციალურად - უბრუნებდა.”

”საბერძნეთი 60 ათასმა ქართველმა მიგრანტმა დატოვა” - წაიკითხავთ ”რეზონანსის” პირველ გვერდზე. სტატია კი გაზეთის ეკონომიკურ ჩანართ ”ბიზნეს-რეზონანსში” ქვეყნდება. ავტორი, საბერძნეთში ქართული სათვისტომოს ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით, წერს, რომ ”საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ქვეყანა 50-60 ათასმა არალეგალმა ქართველმა დატოვა... მათი ერთი ნაწილი უკეთესი სამუშაოს ძიების მიზნით ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავიდა, დიდი ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნდა.”

დღევანდელ ”რეზონანსში” წაიკითხავთ ექსპერტთა მოსაზრებებს ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდის მართებულობაზე.

”ალიას” ავტორი ქართველი პოლიციელების მონაწილეობით 3D-ს ფორმატის ახალ კომპიუტერულ თამაშზე წერს: ”როგორც ინტერნეტსაიტებზე ვრცელდება, ეს თამაში თითქოს შეიცავს ფარულ ვირუსს, რომელიც მოთამაშის კომპიუტერის ფაილების წაკითხვის საშუალებას მისცემს პოლიციას. ეს უკვე ნაკლებად დამაჯერებელი ვერსიაა. თუკი ვანიჩკა მოინდომებს, მაგ თამაშის გარეშეც კარგად წაიკითხავს თქვენი კომპიუტერის ფაილებს. აქ მთავარი სხვა რამაა: არაპროფესიონალიზმი, თამაშის დაბალი დონე, ბავშვებისთვის განკუთვნილი სიბინძურე, ანუ უხამსი სიტყვები...”

”ალიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელიც 2008 წლის ამბებსაც იხსენებს: ”სრული პასუხისმგებლობითა და კატეგორიულად ვაცხადებ: კოდუას ბადრი არ ჩაუწერია. პირიქით, ბადრიმ ჩაწერა კოდუა!..” ხაჭაპურიძე ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ კოდუას პატარკაციშვილისგან ”200 ათასი დოლარი წინასწარ ჰქონდა აღებული იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილი მიეძინებინა.”

”ახალ თაობაში” ირაკლი ბათიაშვილთან ინტერვიუ იბეჭდება. ის ამბობს: ”ზამთარი ხომ მშიერი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის, გაზაფხული კიდევ უფრო მძიმე იქნება და ეს არის დენთის კასრი, რომელზეც ერთი პატარა ნაპერწკალი რომ დაეცეს, ისე შეიძლება აფეთქდეს, რომ ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს”. ”ახალ თაობაშივეა” ინტერვიუ ”ხალხის პარტიის” წარმომადგენელ ალეკო შალამბერიძესთან: ”ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სოლიდარულნი. მე იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ ვითარება შეიცვლება. სხვა გზა ჩვენ, უბრალოდ, არ გვაქვს. ჩვენ პრეზიდენტი აღარ გვყავს.”

”იყო თუ არა მეორე მსოფლიო ომი ”სხვისი ომი”?” - ამ სათაურით ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება წერილი: ”თუ ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ არ შეიძლება არსებობდეს საქართველოს მოქალაქე და, ამავდროულად, ”სხვისი ვეტერანი”, მაშინ სულ მალე შეიძლება შემდგომმა მთავრობამ წინამორბედი მთავრობის დროს მომხდარი ომის ვეტერანებიც ”სხვის ვეტერანებად” გაგვიფორმოს...”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG