Accessibility links

საქართველოში ინფლაციაზე რუსული პრესაც წერს. „იზვესტიას“ თქმით, თებერვლის თვეში, მოსახლეობისათვის 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროგრამის ფარგლებში, მიმოქცევაში 20 მილიონი ლარის ოდენობის ქაღალდი გავა. თუმცა სტატიის მთავარი აქცენტი ეს არაა. გაზეთი წერს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს ახალი თვითმფრინავის ბოინგ 787-ის შეძენას, რომლის საშუალო ღირებულება 200 მილიონი დოლარია. „იზვესტია“ წერს, რომ ინფორმაციის გადამოწმება საქართველოში გაზეთ „რეზონანსს“ უცდია, მაგრამ ღია ინფორმაცია ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიუღია და ვერც ბოინგის დამკვეთთა სიაში მოუძებნია, რადგან, როგორც გაზეთი წერს, მსგავსი ინფორმაცია ღია არაა.

კონფლიქტი ამერიკა-რუსეთს შორის რეალურ სიბრტყეში აღარ არსებობს, ის მხოლოდ შიდამენტალური განწყობებიაო, წერს ნიკოლაი ზლობინი „ვედომოსტის“ შვიდი თებერვლის ნომერში. ავტორის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც იდენტობებს ქმნიდნენ, პოლიტიკას წერდნენ ცივი ომის პირობებში, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან ორივე მხარეს და მათ არ ძალუძთ ან არ სურთ საკითხს სხვაგვარად შეხედონ. ავტორის თქმით, იდეოლოგიური ხედვები ადამიანებს რეალობის აღქმაში ხელს უშლის და მათ წარსულში კეტავს, რადგან, როგორც ზლობინი წერს, დღეს წინააღმდეგობა აბსურდულად გამოიყურება:

”ის ვეღარ ახდენს გავლენას მსოფლიო სისტემაში ძალის გადანაწილებაზე და ასუსტებს ორივე მხარეს[…]. იყო დრო, როცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კონფრონტაცია იყო ცენტრალური ხერხემალი მსოფლიო პოლიტიკისა. დღეს არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსულ- ამერიკულ ურთიერთობებში დაახლოება გახდეს ყველაზე გავლენიანი ფაქტორი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისა.”

ავტორს მოჰყავს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ურთიერთობათა რაციონალური განვითარების გზაზე წინაღობაა. ერთ-ერთი გარე ფაქტორის ჭრილში ავტორს საქართველოს მაგალითი მოჰყავს, როგორც საკითხისა, რომელზეც მხარეები შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

ვაშინგტონი, ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდა, ვის დაუჭერს მხარს 2012-13 წლების საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოშიო, წერს გაზეთი „კომერსანტი“. გაზეთი წერს ირაკლი ალასანიას ვიზიტზე ვაშინგტონში ნაციონალურ საუზმეზე. ესაა ამერიკული 50 წლიანი ტრადიცია, სადაც ამერიკის პრეზიდენტთან ერთად, ამერიკელი სენატორები, მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები იკრიბებიან. წელს, როგორც „კომერსანტი“ წერს, პირველად ამ საუზმის ისტორიაში, მასში მონაწილეობის პატივი ჰქონდა საქართველოს წარმომადგენელს, ირაკლი ალასანიას. გაზეთი ამ ფაქტის აღნიშნვის შემდეგ მცირე ინფორმაციას აწვდის მკითხველს თავად ალასანიას წარსულ გამოცდილებაზე და ამბობს, რომ ალასანია ”მხარს უჭერდა კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. ამიტომ ის სარგებლობდა ნდობით აფხაზეთის მმართველ ელიტაში”.

„კომერსანტი“ ასევე წერს, რომ ალასანია 2006-2008 წლებში საქართველოს წარმოადგენდა გაეროში, ამ პოსტიდან ის გადადგა პროტესტის ნიშნადო. გაზეთს მოჰყავს ალასანიას იმდროინდელი შეფასება, რომ მისი პროტესტი იყო გამოწვეული ”პრეზიდენტ სააკაშვილის უუნარობით აერიდებინა ომი, რომელიც ეშმაკურად იყო პროვოცირებული რუსეთის მიერ”.

სტატიის მიხედვით, ირაკლი ალასანიასთან ერთად ამ სადილს საქართველოდან მოწვეული სტუმრის რანგში დაესწრო ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და დეპუტატი გიგი წერეთელი, თუმცა, როგორც „კომერსანტი“ წერს, მმართველი პარტიის ორი წევრის საუზმეზე მიწვევა სიტუაციის დასაბალანსებლად უფრო მოხდა. თავად ალასანია სტატიაში ამბობს, რომ ამერიკის ხელისუფლება ემხრობა ხელისუფლების შეცვლას საქართველოში მშვიდობიანი გზით: ”მე დავეთანხმე, რომ ცვლილება უნდა იყოს არა რევოლუციური, არამედ დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების გზით მიღწეული”, - ამბობს ირაკლი ალასანია ამერიკაში ვიზიტის შეჯამებისას „კომერსანტის“ სტატიაში.
XS
SM
MD
LG