Accessibility links

logo-print
გორის რაიონში აგვისტოს ომის შემდეგ სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ომმა რაიონის მიწის სავარგულებზე მოწეული მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ადგილობრივ ფერმერებს თავიდან ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარნენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს ფინანსური დახმარებით, ომის შემდგომ პირველივე წელს გლეხებს მიწა დაუმუშავეს და ხორბალი დაუთესეს, მომდევნო წლებში კი ასეთი დახმარება მინიმუმამდე დავიდა. საერთაშორისო ორგანიზაციები ახლა კონფლიქტის ზონის სოფლებში აგრარულ და მექანიზაციის სერვისცენტრებს ადგილობრივი ფერმერების თანადაფინანსებით ხსნიან. ცოტა ხნის წინ USAID- ის დახმარებით სოფელ შინდისში ადგილობრივმა ფერმერმა დავით თვალიაშვილმა მექანიზაციის სერვისცენტრი გახსნა. მას 8 ახალი ტრაქტორი და 21 სამანქანო იარაღი გადაეცა. ამ ცენტრის მომსახურებით რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეღავათიან ფასებში ისარგებლებს. მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ აღარ ეხმარებიან გლეხებს და უპირატესობას ბიზნესის ხელშეწყობას ანიჭებენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, შინდისელები ფიქრობენ, რომ ახალი მექანიზაცია ყველას გამოადგება.

რეგიონის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულია და წლის განმავლობაში აგრარული სექტორის ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი განხორციელდება.

ორიოდე წლის წინ საქართველოს თითქმის ყველა სოფელმა პრეზიდენტის ინიციატივით საჩუქრად ტრაქტორი მიიღო. როგორ იყენებს მოსახლეობა ამ საჩუქარს? ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებულ სოფელ ერგნეთში შევჩერდი, ერთ–ერთი თავშეყრის ადგილას, სადაც ადგილობრივი გლეხები შეშას აგროვებდნენ. ჩემთან საუბარზე მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ, თუ მათ ვინაობას არ გავამხელდი. ინტერვიუ შედგა, პრობლემებით დამძიმებული ერგნეთელები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. მათი თქმით, პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი ტრაქტორები კერძო პირების ხელში აღმოჩნდა და ისინი ადგილობრივ მოსახლეობას არაფერში ადგება.

ადგილობრივი ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აგრარულ და მექანიზაციის სერვისცენტრებს კი ხსნის, მაგრამ შემდგომ უკვე აღარავინ აკონტროლებს, სოფლისთვის გადაცემული ტექნიკა ვის ხელში ხვდება. ახლა ადგილობრივი გლეხები, გაძვირებული საწვავისა და სასუქის პირობებში, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რათა საგაზაფხულო სამუშაოები არ ჩავარდეს. მათი აზრით, თუ მთავრობა სოფლის მეურნეობაში გარკვეულ ფინანსურ დახმარებას არ ჩადებს, თვითონ მიწების დამუშავებას ვერ შეძლებენ.
XS
SM
MD
LG