Accessibility links

logo-print
ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი, რომლის თესვასაც ურჩევს გლეხებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, გვალვაგამძლეა და მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა.

ხელისუფლების აზრით, დაინტერესებული ფერმერისთვის ხელსაყრელი ის არის, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კულტურაა.

ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი საკვებად ისევე გამოიყენება, როგორც ადგილობრივი ჯიშის. მისი მოსავლიანობა საშუალოდ 12 ტონაა, თუმცა სამცხე-ჯავახეთში ფერმერებმა 9 ტონაზე მეტი ვერ მიიღეს. სპეციალისტების თქმით, ეს შედარებით დაბალი მოსავლიანობა და იმით აიხსნება, რომ ფერმერები სპეციალისტების მითითებებს ზედმიწევნით არ ითვალისწინებენ. მიუხედავად ამისა, ჰიბრიდული სიმინდის მოსავლიანობა ჩვეულებრივზე 3-ჯერ მეტია.

ფერმერებს ჰიბრიდული ჯიშის სიმინდს მესამე წელია სთავაზობს ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახური. სოფლის მეურნეობის სპეციალისტების თქმით, ინტერესი კულტურის მიმართ თანდათან იზრდება. 1კგ თესლი 15 ლარი ღირს. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მაღალი მოსავლიანობის გამო, აღნიშნული ტარიფი დაინტერესებული ფერმერისთვის ძვირი არ არის.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტი პავლე გიქოშვილი განმარტავს, რომ სათესლე პროდუქციის მუდმივი განახლება აუცილებელია.

სიმინდის ახალი ჯიში მესხ ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირადად გააცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებს მოსავლის რეალიზაციის გარანტიას აძლევს, რადგან მარცვლოვანი კულტურის მოთხოვნილება ევროპის ბევრ ქვეყანაშია, ასევე მსოფლიო ბაზარზეც.

”ჰიბრიდული სიმინდის თესლი ახალციხის მუნიციპალიტეტში იმაზე მეტმა გლეხმა მოითხოვა, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება ელოდა”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურს ჰიბრიდული სიმინდი წელს 300 ათას ჰექტარზე დაითესოს. მომავალ წელს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სიმინდის სათესლე მასალის შესაძენად 40 მლნ. ლარის გამოყოფა იგეგმება. 2012 წლიდან საქართველო სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება, – ასეთ პროგნოზს აკეთებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი.
XS
SM
MD
LG