Accessibility links

logo-print

ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან ერთი წლისთავზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება


ვანკუვერის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან ერთი წლისთავზე კანადელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. მისი ვიცე-პრეზიდენტის ვახტანგ გეგელიას განცხადებით, ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ელექტრონული მიმოწერის თანახმად, ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს აფრთხილებდა, რომ ტრასის გადამეტებული სისწრაფის გამო მოსალოდნელია როგორც სპორტსმენების ტრავმირება, ასევე ფატალური შედეგი. ვახტანგ გეგელიამ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ რეკომენდაციის საფუძველზე შეცვლილ მოსახვევებს შორის არ აღმოჩნდა ტრასის ის ნაწილი, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილმა სასიკვდილო ტრავმა მიიღო. ახსნა-განმარტების მისაღებად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამჟამად ოფიციალურ წერილებს ამზადებენ. ვახტანგ გეგელიას განცხადებით, საინტერესოა, რატომ არ არის საუბარი გაფრთხილებაზე ოფიციალურ დასკვნაში, რომელიც ქართველი სპორტსმენის დაღუპვის შემდეგ გამოქვეყნდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანადელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალა ახლად აღმოჩენილი გარემოებაა, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველს ქმნის.
XS
SM
MD
LG