Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრუს ჯეკსონი: „ბოლშევიკურ-რევოლუციურ ცვლილებებს ძალიან ფრთხილად ვუყურებ“


ბრუს ჯეკსონი, „გარდამავალი დემოკრატიების ინსტიტუტი“
ბრუს ჯეკსონი, „გარდამავალი დემოკრატიების ინსტიტუტი“
„გარდამავალი დემოკრატიების ინსტიტუტი“ აშშ-ში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც 2002 წელს დააარსა ბრუს ჯეკსონმა. ჯეკსონი პოლიტიკოსია, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი. მან ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს.
ჯეკსონი აღმოსავლეთ ევროპით არის დაკავებული და დასავლურ სტრუქტურებში მისი გაერთიანების მომხრეა. მიესალმებოდა ის ასევე საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას და ამ ქვეყნის დასავლურ ორგანიზაციებთან შეკავშირებას უწყობდა ხელს. მან თავიდანვე, როცა ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის მონაწილეებს შეფასებას აძლევდა, განაცხადა: „ბელორუსიამ 19 დეკემბრის არჩევნების შემდეგ თვითონვე მოისპო ეს შესაძლებლობა. ახლა იმაზეა ლაპარაკი, მოახერხებენ თუ არა და როდის მოახერხებენ უკრაინა და მოლდავეთი, გაიარონ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეტაპი და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება თუ არა მათი ჩართვა გაწევრიანების პროგრამაში. ამ მხრივ ნაკლებად გარკვეულია კავკასიის სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის -მდგომარეობა. ისინიც არიან ასოცირების შეთანხმებაში, მაგრამ გაწევრიანების პროგრამაში მათი ჩართვის გარშემო იმდენი ლაპარაკი არ არის.“

ბრუს ჯეკსონს ევროკავშირთან დაახლოება და მასში ინტეგრირება მიაჩნია რეგიონის ქვეყნების დემოკრატიზების გამართლებულ გზად. კორესპონდენტის შეკითხვაზე, როგორ უყურებს შავი ზღვის არეალში რეგიონალური თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობებს, ის ამბობს, რომ ამ რეგიონში ამგვარმა თანამშრომლობამ არ გაამართლა. მიზეზად ასახელებს სხვადასხვა ქვეყნის თავისებურებას, მათსავე შეხედუბელებას საკუთარ თავზე და, ამდენად, წარმატებულ თანამშრომლობას სკეპტიკურად უყურებს. საქართველოს მაგალითზე ამბობს, ეს ქვეყანა თავის თავს სრულიად განსხვავებულად ხედავს, ვიდრე შავი ზღვის მეორე მხარეს მდებარე ქვეყნებიო. ანალოგიური მაგალითები მოჰყავს მას სხვა ქვეყნების ამბიციების შესახებ და განაგრძობს, უკრაინა არ არის გუნდური მოთამაშე, რუსეთისა და მიხეილ სააკავშილის ერთ სივრცეში მოთავსება შეუძლებელია, თურქეთის საგარეო პოლიტიკა უფრო ახლო აღმოსვლეთისკენ იყურებაო, და დაასკვნის „გარდამავალი დემოკრატიების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ასეთი რეგიონალური თანამშრომლობა შავი ზღვისპირეთში დროის დაკარგვაა, ის ვერ იქნება დემოკრატიული ცვლილებებისა და უშიშროების სისტემის ძრავაო. ახლა დროა ეკონომიკური დაახლოებისა - ის ხანა, როცა უსაფრთხოების ზოლები იყო ორგანიზების პრინციპი, დასრულდაო: „ახლა საქმე გვაქვს რბილ ინტეგრაციასთან, ეკონომიკურ ინტეგრაციასთან, საბაზრო ინტეგრაციასთან, თავისუფალი ბაზრის შექმნასთან. საჭიროა მოგზაურობის, გადაადგილების შესაძლებლობის გახსნა, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გახსნა.“

ჯეკსონი თვლის, რომ ეკონომიკურად მდგრადი საშუალო ფენის შექნაა ახლა მთავარი იმ ქვეყნებში, სადაც რევოლუციებმა თავის მიზანს ვერ მიაღწიეს. კონსერვატორი პოლიტიკოსი ამბობს, ცივი ომის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში მთავრობების შეცვლისთვის აშშ-ის მხარდაჭერამ აშშ-ს ზიანი მოუტანა, ამან ბევრი რამ გვასწავლა და ამიტომ ეს აღარ განმეორდებაო. მისი თქმით, ხუთი წლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი ეგრეთ წოდებული რევოლუციების მდგომარეობა საკმაოდ იმედგამაცრუებელია. „საქართველოს მსგავსი ახალგაზრდა დემოკრატია ომებში არ უნდა ებმებოდეს, ეს არ უნდა ხდებოდეს, თავდაცვის ბიუჯეტი უზომოდ არ უნდა იზრდებოდეს. უკრაინაში იუშჩენკოსა და ტიმოშჩენკოს ქვეყანა უნდა ემართათ. ამის ნაცვლად კი ისინი დაუსრულებელი პოლიტიკური ურთიერთქიშპის გზას დაადგნენ, რამაც შედეგი არ მოიტანა და ეკონომიკა დაასუსტა. ამიტომ არა მგონია, რომ ყველა სახალხო გამოსვლა მესიის მოსვლად უნდა მივიჩნიოთ.“

ჯეკსონი ამობს, რომ ამგვარი მოვლენების შესაფასებლად დროა საჭირო, დრომ უნდა აჩვენოს, რომ საპროტესტო გამოსვლას მოყოლილი ცვლილებები სწორ გზაზეა, რომ მან მოიტანა დემოკრატიული და პლურალისტური პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. ამით ხსნის ბრუს ჯეკსონი აშშ-ის მთავრობის ახლანდელ პოლიტიკას ეგვიპტის მოვლენების მიმართ. ის ამბობს, კონსერვატორი ვარ და რევოლუციურ ცვლილებებს ფრთხილად ვეკიდები, მერჩივნა რუმინეთში ჩაუშესკუს მოკვლა საჭირო არ გამხდარიყოო: „მე მერჩივნა მენახა, რომ მიშა სააკაშვილი ამარცხებს არჩევნებში შევარდნაძეს ექვს თვეში, ჩვენ კი ვიხილეთ ხელისუფლებაში მოსასვლელად პარლამენტის იერიში. მე კონსერვატორი ვარ და ძალიან ფრთხილად ვეკიდები ბოლშევიკურ-რევოლუციურ ცვლილებებს. დიახ, ვიცი, არსებობს ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მემარცხენე იდეალისტები, მემარჯვენე რევანშისტები, ბრძოლა უფლებებისთვის, ხალხის გამოღვიძება... მე ასეთი რამეების წინააღმდეგი ვარ. მე არ მიმაჩნია, რომ დემოკრატიაზე გადასვლა ომის გზით შეიძლებოდეს.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG