Accessibility links

logo-print
ეგვიპტეში, კაიროში, იქ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტი ჩავიდა - რობერტ ტეიტი და აბდელილა ნუაიმი. მათ მუშაობის დაწყებაც კი ვერ მოასწრეს - ორივე იქ ჩასვლისთანავე დააპატიმრეს. იმას, თუ რა გადახდათ თავს კაიროს ციხეში, ტეიტი გვიამბობს.

მას ვერასოდეს წარმოედგინა, რომ ასეთ ვითარებაში საპატიმროში მოხვდებოდა. ისა და ერაყული წარმოშობის ასევე ბრიტანელი მოქალაქე აბდელილა ნუაიმი თითქმის მაშინვე დააკავეს, როგორც კი ამსტერდამიდან კაიროში ჩავიდნენ. უკვე თვითმფრინავში იცოდნენ, რომ ეგვიპტეში უცხოელ ჟურნალისტებს კარგი დღე არ ადგათ, მაგრამ იმედოვნებდნენ, რომ აბდედილას არაბული წარმოშობა უშველიდა, რობერტს კი ახლოაღმოსავლური გამოცდილება. აეროპორტშივე დაიწყო მათი თავგადასავალი იმით, რომ ბარგი საგულდაგულოდ შეუმოწმეს. კამერამ და სატელიტურმა ტელეფონმა დააეჭვა მებაჟე, რომელმაც აუხსნა, ასეა საჭირო, ნივთებს უშიშროების გამო გიმოწმებთო. აეროპორტში ამ ჩხრეკამ უსიამოვნოდ, მაგრამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა.

რობერტ ტეიტი
როცა მასპინძელი, შუამავალი აბდულა დახვდათ, რობერტმაც და ებდელილამაც იფიქრეს, გადავრჩითო. მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდათ. მას მერე, რაც ტაქსი აიყვანეს და ქალაქის ცენტრს მიუახლოვდნენ, მათ წამდაუწუმ აჩერებდნენ და საბუთებს უმოწმებდნენ. ერთ ადგილას მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმლიანი პიროვნება ჩაუჯდათ, რომელმაც მძღოლს უბრძანა წინ მიმავალ მანქანას გაჰყოლოდა. როცა მანქანამ გეზი გარეუბნისკენ აიღო, აბდულა მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ იყო. ხმაში შიში შეეპარაო, გვიამბობს რობერტ ტეიტი. თავიდან ისინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. აუხსნეს, ეს უშიშროების პროცედურააო და აჰმედს ჰკითხეს, პალესტინელებთან ხომ არ იყო დაკავშირებული, ჰამასში ხომ არ ირიცხებოდა. მათი გამყოლი - როგორც ჩანს, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი - ტელეფონით ელაპარაკებოდა ხოლმე ვიღაცას, ალბათ - თავის ზემდგომთ. პოლიციის განყოფილება დატოვეს და უკვე მართლაც ქალაქგარეთ, როგორც შემდეგ გაირკვა, უშიშროების უწყების შენობაში მიიყვანეს. ეს ის ავადსახსენებელი „მუხაბარათია“, რომელსაც ქვეყნის ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, ომარ სულეიმანი განაგებს. იქ მათ თვალები აუხვიეს და დაიწყო ეგვიპტეში რადიო თავისუფლების ჟურნალისტების დაკავების ყველაზე დრამატული ეპიზოდი. თვითონ რობერტ ტეიტს ფიზიკურად არავინ შეჰხებია - ჩანს, ის მისმა ბრიტანულმა წარმოშობამ და მოქალაქეობამ დაიცვა, განსხვავებით მისი კოლეგისგან, რომელმაც დაპატიმრების შემდეგ ბრიტანეთის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მაშინ იყო, რომ მას პირველად შეეხნენ უხეშად: გიცნობთ, თქვე დედანატირებო ერაყელებოო, და მაგრად ჩასცხეს სახეში. აბდელილას სცემეს, სრულიად გააშიშვლეს, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. როცა აუხსნა, რომ ის ერაყის მოქალაქე აღარ არის, ბედმა გაგიღიმაო, უპასუხეს. რობერტ ტეიტი მოათავსეს ოთახში, სადაც მას მეზობელი საკნებიდან სხვა პატიმრების წამებისა და ცემის ხმა ესმოდა. როცა ახსნა-განმარტება მოითხოვა, უთხრეს, შენი ჟურნალისტობა სულაც არაფერს ნიშნავს, ქვეყანაში ქაოსია და უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენენ ჩამოსული უცხოელებიო. როცა კიდევ ერთი დაკითხვა მოუწყვეს, მან უამბო თავისი საქმიანობის, რადიოს შესახებ, იმაზე, რომ ჩვენი რადიო აშშ-ის კონგრესის მიერ არის დაარსებული. ტეიტი 24 საათის განმავლობაში თვალახვეული ჰყავდათ. საკანში, თვალახვეულს, დროის შეგრძნება დაეკარგა. გვერდით საკანში მყოფი აბდელილას მდგომარეობა მაინც სხვაგვარი იყო: მის ყურამდეც მიდიოდა ხმები, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ, რაკი ენა იცის, ესმოდა, რას ეუბნებოდნენ დაპატიმრებულებს. ბოლოს, ტეიტი, როგორც იქნა, გამოიძახეს - სხვა ოთახში გაიყვანეს და კვლავ დაკითხვა მოუწყვეს. უთხრეს, რომ გაუშვებდნენ. როცა სხვა ნივთებთან ერთად საათიც დაუბრუნეს, მიხვდა, რომ ის 27 საათის განმავლობაში ჰყოლიათ დაკავებული. მანქანაში კვლავ თვალახვეული ჩასვეს და ავტომობილი რომ დაიძრა და თვალები აუხსნეს, დაინახა, რომ მის გვერდით აბდელილა იჯდა. აეროპორტში კვლავ გაუჩხრიკეს ბარგი, კვლავ შეკითხვები დაუსვეს და, ბოლოს, თვითმფრინავით სამშვიდობოს, ამსტერდამისკენ გაისტუმრეს.

ტეიტი ჰყვება, ეგვიპტეში ჩავედით, რომ გვენახა, რა ხდებოდაო. და თუმცა არც ერთი დემონსტრანტი და არეულობის სცენა თვალით არ გვინახავს, უკეთ გავიცანით ვითარება, ვიდრე მოველოდითო: საკუთარი ყურით გავიგონეთ მათი ყვირილის ხმა, ვისაც აწამებდნენ მუბარაქის პოლიციური სახელმწიფოს იარაღითო. ეს ორი კვირის წინ არ დაწყებულა, ეს 30 წელია გრძელდებაო. ტეიტი ამბობს, მსხვერპლის ყვირილის ხმა, ალბათ, დიდხანს არ დამავიწყდებაო.
XS
SM
MD
LG