Accessibility links

logo-print
„პატარა იმედის სახლი, რომელიც ომგამოვლილ ბავშვებს ცხოვრებას გაულამაზებს...“ - ეს სიტყვები ვატიკანის ელჩმა საქართველოში, კლაუდიო გუჯეროტიმ, გორში მე-19 საბავშვო ბაღის გახსნისას წარმოთქვა. ბაღი კარალეთის დევნილთა დასახლების სიახლოვეს აშენდა, ამიტომ აღსაზრდელების დიდი ნაწილი დევნილია.

ბაღი საერთაშორისო ”კარიტასის” ძალისხმევით აშენდა, რომელსაც ფინანსური დახმარება გერმანიის, იტალიის, ლუქსემბურგის ”კარიტასებმა” გაუწიეს. პროექტი 16 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ვატიკანის ელჩმა საქართველოში, კლაუდიო გუჯეროტიმ, ორი წლის წინანდელი ამბები გაიხსენა, როდესაც გორში შემოსვლა რუსული ბლოკ-საგუშაგოების გავლით უწევდა. მისი თქმით, იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც ომის საშინელი დღეები გადაიტანეს, ახალი ბაღის გახსნა სიხარულის მომტანი იქნება.

სტუმრებს ბაღის აღსაზრდელებმა მადლიერების ნიშნად საკუთარი შემოქმედებაც უჩვენეს.

მე-19 ბაღში დევნილების ნაწილიც დასაქმდა. თამუნა კაზიევა ექთანია, იგი დღეიდან აღსაზრდელების ჯანმრთელობაზე იზრუნებს.

თანამედროვე საბავშვო ბაღის მომსახურებით მშობლებიც კმაყოფილები არიან, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ აქამდე ისინი არაფერს იხდიდნენ, მაგრამ გაძვირებული პროდუქტების გამო, შვილების კვებისთვის, თებერვლიდან 10 ლარის გადახდა მოუწევთ.

თანამშრომელთა ხელფასებს ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს. გარდა ამისა, ბაღის ინვენტარის შესაძენად, ბუნებრივი აირისა და წყალგაყვანილობის ხარჯების დასაფარავად თანხები გორის ბიუჯეტიდან გამოიყო. მხარის გუბერნატორის, ზურაბ არსოშვილის, თქმით, თითოეული პროექტის განხორციელება, რომელიც დევნილებს ყოფა-ცხოვრებას შეუმსუბუქებს, მნიშვნელოვანია.

მე-19 საბავშვო ბაღში სულ 24 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის არიან დევნილები და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები.
XS
SM
MD
LG