Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში აქციები გრძელდება, არის ცნობები ძალადობის შესახებ


ტაჰრირის მოედანი

ტაჰრირის მოედანი

კაიროში ანტისამთავრობო გამოსვლები დღესაც გაგრძელდა. ორგანიზატორები მხარდამჭერებს მოუწოდებენ დემონსტრაციები, ტაჰრირის მოედნის გარდა, დედაქალაქის სხვა ადგილებსა და ასევე სხვა ქალაქებშიც გაიმართოს. ასეთ ფონზე აშშ ეგვიპტეს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააუქმოს ქვეყნის მართვის საგანგებო რეჟიმი, რომელიც უკვე ათწლეულებია მოქმედებს.

ანტისამთავრობო აქციები კაიროს ტაჰრირის მოედანზე უკვე თექვსმეტი დღეა გრძელდება. არის ცნობები ქვეყნის სხვა რეგიონებში მიმდინარე გაფიცვებისა და ძალადობის შესახებ.

აქციების მონაწილეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებელ გადადგომას მოითხოვენ, ოთხშაბათს პარლამენტის შენობის შესასვლელი გადაკეტეს. ეგვიპტის პარლამენტში დომინანტურ ძალას მუბარაქის მმართველი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენს.

როგორც იუწყებიან, შენობას დაჯავშნული მანქანები და მთავრობის ძალები იცავდნენ, თუმცა პარლამენტის წინ აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ძალადობის შესახებ სხვა ადგილიდან გავრცელდა ჯერჯერობით დაუდასტურებელი ხმები, რომ დედაქალაქიდან 500 კილომეტრის მოშორებით მდებარე ახალი ხეობის რეგიონში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ბევრი დაშავდა.

აქციები ბევრ სხვა ქალაქშიც გაიმართა და, მათ შორის, ალექსანდრიაში. ერთ-ერთი მონაწილის, მუჰამედ ალ-ხავლის განცხადებით, აქციები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება: „ჯერჯერობით მიღწეული არაფერია. საპროტესტო აქციები იმიტომ გრძელდება, რომ არაფრისთვის მიგვიღწევია. როცა ამ რეჟიმის ყველა წევრი წავა, როცა ყველა მათგანს ბრალდებას წაუყენებენ, მაშინ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ რაღაცას მივაღწიეთ.“

კაიროში, ტაჰრირის მოედანზე გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მწერალმა ქალმა ღადა აბდელ აელმა, რომელიც ავტორია წიგნისა „მინდა გავთხოვდე!“, ჩვენს რადიოს ტელეფონით საუბრისას უთხრა, მოედანზე ოპტიმისტური განწყობა სუფევდაო: „დღევანდელი აქცია სახალხო ზეიმს ჰგავდა. ბევრი ოჯახი იყო გასული პატარა ბავშვებით, დედები და მამები. დიდი დღესასწაულივით იყო.“

ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები გაფიცვების მოწყობის მოწოდებით გამოდიან. მოწოდება უკვე გაითვალისწინა სუეცის არხზე მომუშავე დაახლოებით 6,000-მა კაცმა. ეს არხი, როგორც იცით, ხმელთაშუა და წითელი ზღვების მთავარი დამაკავშირებელი გზაა.

როგორც იუწყებიან, მთავრობის მოწინააღმდეგეები აპირებენ პარასკევს კიდევ ერთი მასშტაბური აქცია ჩაატარონ, რომელშიც მილიონმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ასეთ ფონზე, აშშ ეგვიპტის მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააუქმოს ქვეყნის მართვის საგანგებო რეჟიმი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოქმედებს და უშიშროების სტრუქტურებს გაფართოებულ უფლებებს ანიჭებს.

ამ მოწოდებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს გამოვიდა, ეგვიპტის ახალდანიშნულ ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანთან სატელეფონო საუბრისას.

ამასთან, ბაიდენმა სულეიმანს უთხრა, ეგვიპტის პოლიციამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება და ცემაო და ოპოზიციასთან ფართომასშტაბიანი ეროვნული დიალოგის გამართვისკენ მოუწოდა.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი ეგვიპტის მთავრობას და ხალხს „სისტემური და მშვიდობიანი“ ცვლილებების გატარების დაწყებას ურჩევს, თან - რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა მუბარაქის გადადგომის შესახებ პირდაპირი მოწოდების გამოთქმისგან ბან კი-მუნმა თავი შეიკავა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ჰოსნი მუბარაქმა ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა გულის მოგება ვერაფრით შეძლო - ვერც ახალი მთავრობის დანიშვნით, ვერც დაპირებით, რომ საპრეზიდენტო ვადის სექტემბერში გასვლის შემდეგ კენჭს აღარ იყრის,და ვერც ოპოზიციური ძალების მიპატიჟებით გასატარებელ რეფორმებზე მუშაობის მიზნით. აქციების მოთხოვნა უცვლელია -82 წლის ლიდერი, რომელიც ქვეყანას 30 წელიწადია მართავს, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

სამშაბათს, 8 თებერვალს, მუბარაქის წინააღმდეგ გამართულ მასობრივ აქციას მნიშვნელოვანი დინამიკა შესძინა 30 წლის ვაელ ღონიმის, კომპანია „გუგლის“ წარმომადგენლის, ციხიდან გათავისუფლებამ. ის ორი კვირის მანძილზე ჰყავდათ დაკავებული ბრალდებით, რომ ხელი შეუწყო პირველ საპროტესტო ტალღას.

ღონიმი მოედანზე შეკრებილების წინ მოკლე, მაგრამ ემოციური სიტყვით გამოვიდა. მე არა ვარ გმირი - გმირები ისინი არიან, ვინც ამ პროცესს თავი შესწირაო, - განაცხადა მან: „ახლა ინდივიდების, პარტიებისა და მოძრაობების დრო არ არის. ახლა ყველამ მხოლოდ ერთი რამ უნდა ვთქვათ: ეგვიპტე, უპირველეს ყოვლისა! ეგვიპტე, უპირველეს ყოვლისა! ეგვიპტე, უპირველეს ყოვლისა!“

საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ეგვიპტეში მოგზაურობაზე ათიათასობით ტურისტმა თქვა უარი. ეს კი მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაზე, რომლის ეკონომიკაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე.
XS
SM
MD
LG