Accessibility links

logo-print

რა კარგი ყოფილა ეს დვორჟაკი


დვორჟაკის ერთ-ერთი სიმფონიის პირველი გვერდი ავტოგრაფით

დვორჟაკის ერთ-ერთი სიმფონიის პირველი გვერდი ავტოგრაფით

გასულ ოთხშაბათს ოდესღაც კარგი ორკესტრებისა და სამუდამოდ გამოუსწორებელი სასულეების შესახებ გიამბობდით. ისიც ვთქვი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი დეგრადაციის გზას ადგას-მეთქი, თუმცა ამ სიტყვების დაწერიდან რამდენიმე დღეში ამავე ორკესტრის მიერ შესრულებული დვორჟაკის მერვე სიმფონია მოვისმინე და უმალ შევიცვალე ჩემი წინაოთხშაბათური დამოკიდებულება. საქმე ისაა, რომ ორკესტრს არა მისი ტრადიციული ხელმძღვანელი, არამედ დირიჟორი დავით მუქერია უძღვებოდა.

წლების განმავლობაში ამ ვეება ორკესტრს, ჩემი აზრით, მისთვის შეუფერებელი რეპერტუარის ათვისება უხდებოდა (ძირითადად, მოცარტის სიმფონია-სერენადების, რომელსაც, ვფიქრობ, სულაც არ სჭირდება ორკესტრის ამხელა შემადგენლობა) და, შესაბამისად, მუდმივად ერთსა და იმავე პრობლემასთან გვქონდა საქმე: ორკესტრიცა და დირიჟორიც ვერ "აცოცხლებდნენ", ვერ "ამართლებდნენ" კონკრეტულ ნაწარმოებს, - ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მუსიკოსებს არ ჰქონდათ გააზრებული, რას უკრავდნენ და რას გადმოსცემდნენ. დვორჟაკისა და მუქერიას შემთხვევაში კი ამის პრობლემა ნამდვილად არ იყო (და ეს, ფაქტობრივად, პირველივე ტაქტებიდან იგრძნო მსმენელმა), - მუქერიასეულმა შესრულებამ ამ ორკესტრის წლებისწინანდელი ტრიუმფები გამახსენა, როცა პულტთან ჯანსუღ კახიძე იდგა.

ჩემი აზრით, კონცერტის წარმატების მიზეზად ორი რამის დასახელებაა შესაძლებელი: ერთი მხრივ, დირიჟორის, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და როგორ, მეორე მხრივ კი, სწორად არჩეული ნაწარმოების; ორკესტრი მისთვის ჩვეული, "დიდი სიმფონიის" ჟანრს დაუბრუნდა და სავსებით მობილიზებული ჩანდა. და, სხვათა შორის, არც სასულეებს ჩაუდენიათ ცოდვა.

ასე რომ, ამ კონცერტისათვის ნამდვილად გულწრფელი კომპლიმენტები ეკუთვნით დავით მუქერიას, თბილისის სიმფონიურსა და ანტონინ დვორჟაკს. მისი "მერვე" მართლაც მშვენიერი რამე ყოფილა...

თბილისში ოთხი ორკესტრი ჟღერს: ხსენებული თბილისის სიმფონიური, ოპერის ორკესტრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი და "თბილსის სიმფონიეტა", რომლის წარმატებული გამოსვლებიც თელავის ფესტივალზე შედგა.

ოთხივე ორკესტრს ბევრი მუშაობა სჭირდება, ბევრი ვარჯიში, სწორი სარეპერტუარო პოლიტიკა და თავდადება. ჩვენი დირიჟორების უმეტესობა, სამწუხაროდ, ზერელედ და "ჩინოვნიკურად" ეკიდება ორკესტრების განვითარების საკითხს. შესრულებებიც, შესაბამისად, სიცოცხლესაა მოკლებული. მსმენელი დაღლილი, გაბრაზებული და გასავათებული გამოდის საკონცერტო დარბაზიდან. ამიტომ ის, რაც განვითარებას უშლის ხელს, ან უნდა გამოსწორდეს, ან შეიცვალოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG