Accessibility links

logo-print

რიჩარდ ლუგარი მოლდავეთისათვის სავაჭრო შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს


სენატორი რიჩარდ ლუგარი

სენატორი რიჩარდ ლუგარი

შეერთებული შტატების ერთ-ერთმა წამყვანმა სენატორმა, რიჩარდ ლუგარმა, კონგრესს საკანონმდებლო ცვლილება წარუდგინა. დოკუმენტი ითვალისწინებს მოლდავეთისათვის მთელი რიგი იმ სავაჭრო აკრძალვის გაუქმებას, რომელიც 1970-იანი წლებიდან მოქმედებს. დოკუმენტის მომხრეები ფიქრობენ, რომ ჯაკსონ-ვანიკის დამატება მოლდავეთისათვის, რომლის სათავეში მყოფი პროდასავლური პოლიტიკური ძალები ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებენ, ანაქრონიზმია.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც მოლდავეთისათვის ცივი ომის დროინდელი შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ლუგარმა 9 თებერვალს წარუდგინა კონგრესს. საგანგებო განცხადებაში რესპუბლიკელმა კანონმდებელმა განმარტა, რომ „აღნიშნული ცვლილება გააუმჯობესებს სავაჭრო ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და მოლდავეთს შორის და გააძლიერებს მოლდავეთის დასავლურ ამბიციებს“.

ჯონ ტოდ სტიუარტი კი, შეერთებული შტატების ელჩი მოლდავეთში 1995-1998 წლებში, ფიქრობს, რომ სავაჭრო შეზღუდვის გაუქმება მოლდავეთისათვის საკმაოდ დაგვიანებულიც კია:

„აბსოლუტურად არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მოლდავეთი იყოს ჯაკსონ-ვანიკის დამატების საგანი. მოლდავეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რეზიდენტებისა და მოქალაქეების თავისუფალი ემიგრაციის თვალსაზრისით, არავითარი შეკითხვები არ ყოფილა. ამგვარად, ამ აკრძალვის გამოყენება მოლდავეთის შემთხვევაში ანაქრონიზმია. ეს ჩირქს სცხებს მოლდავეთის რეპუტაციას“.

ჯონ სტიუარტის ნათქვამი უფრო გასაგები გახდება, თუკი დოკუმენტის წინაისტორიას გავიხსენებთ. ძალაში 1975 წელს შესული ჯაკსონ-ვანიკის დამატება წარმოადგენდა შეერთებული შტატების პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. დოკუმენტს უნდა მოეხდინა ზეწოლა მოსკოვზე, რომელიც უარს ამბობდა ებრაელ და სხვა უმცირესობებს დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირის ტერიტორია და გამგზავრებულიყვნენ საზღვარგარეთ. ჯაკსონ-ვანიკის დამატება ზღუდავდა თავისუფალ ვაჭრობას იმ ქვეყნებთან, სადაც არასაბაზრო ეკონომიკა იყო განვითარებული და იზღუდებოდა ემიგრაცია. მიუხედავად იმისა, რომ მოლდავეთი ვაჭრობის მსოფლიოს ორგანიზაციის წევრია 2001 წლიდან, იგი მხოლოდ „არდამრღვევის“ სტატუსით სარგებლობს, როგორც აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

ჯაკსონ-ვანიკის დამატების გამო ვაშინგტონს არა მხოლოდ მოლდავეთის დამცველები აკრიტიკებენ, არამედ აღნიშნული სავაჭრო შეზღუდვა შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მგრძნობიარე საკითხია. აი რას ამობობს ვაშინგტონის ყავლგასული და სადამსჯელო სავაჭრო შეზღუდვის კრიტიკოსთა არგუმენტებზე მეთიუ როზანსკი:

„მოლდავეთის დამცველების მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში ისმის მძლავრი განცხადებები. ისინი ყოველთვის ირონიულად ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მოლდავეთთან მიმართებით ეს აკრძალვა კიდევ უფრო უსამართლო და არალოგიკურია, ვიდრე რუსეთის შემთხვევაში, სადაც ებრაელების მიმართ, მართალია, აღარ აქვს ადგილი დისკრიმინაციას, მაგრამ კვლავინდებურად ხშირია ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა. ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით მოლდავეთში საკმაოდ დემოკრატიული, საკმაოდ ზომიერი მთავრობაა“.

ანალიტიკოსის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა, გაუქმდეს კიშინიოვისათვის ჯაკსონ-ვანიკის დამატებით დადგენილი აკრძალვები, შესაძლოა იყოს მინიშნება ვაშინგტონისთვის, რომ უფრო მეტი იფიქროს ქვეყანაზე, რომელსაც პროევროპული პარტიების ალიანსი უდგას სათავეში. როდესაც რუსეთის პერიფერიაზე მყოფ ქვეყნებთან ევროატლანტიკური ურთიერთობების გაფართოებას ცდილობენ, „ზოგიერთი დასავლეთში უფრო რეალურ კანდიდატად განიხილავს მოლდავეთს, ვიდრე უკრაინას, რომელიც ამ თამაშს გამოეთიშა, ანდა ბელორუსიას, რომელიც არასოდეს ყოფილა თამაშის მონაწილე“, - ამბობს მეთიუ როზანსკი.

პროცედურის თანახმად, რიჩარდ ლუგარის მიერ წარდგენილი კანონპროექტი რომ კანონად იქცეს, მას ჯერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტს სენატის მთელმა შემადგენლობამ უნდა უყაროს კენჭი.
XS
SM
MD
LG