Accessibility links

logo-print

სემნები სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებისაკენ მოუწოდებს ევროკავშირსა და ეუთოს


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, პეტერ სემნები რეგიონში გააქტიურებისაკენ მოუწოდებს ევროკავშირსა და ეუთოს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას). ამ მოწოდებით ის დღეს გამოვიდა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში. სემნების შეფასებით, მოუგვარებელი კონფლიქტები კვლავაც მთავარ საფრთხეს უქმნის სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამასთან, მას განსაკუთრებული შეშფოთების საგნად მიაჩნია უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება მთიანი ყარაბაღის გარშემო. სემნები საჭიროდ მიიჩნევს, რომ „ევროკავშირის ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში კვლავაც შესამჩნევი, ძლიერი და თანმიმდევრული“ იყოს და რომ მთელს რეგიონში ძალიან აქტიურ როლს ასრულებდეს ეუთო. ეუთომ, სემნების განცხადებით, უნდა გამონახოს გზა საქართველოში ჰუმანიტარული მისიის აღსადგენად, რადგან მისიის დახურვამ (2009 წლის ივნისში) ვაკუუმი დატოვა არა მარტო კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების სფეროში, არამედ დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვის მხრივაც. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიასთან ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში თანამშრომლობაზეც, სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში - დემოკრატიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მუდმივმოქმედი საბჭო ეუთოში გადაწყვეტილებების მიმღები ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. ის კვირაში ერთხელ იკრიბება ვენაში, ეუთოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
XS
SM
MD
LG