Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაუჩერით ინფლაციის წინააღმდეგ


საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერების დარიგება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ სახის ერთჯერად დახმარებას დაახლოებით ერთი მილიონი ოჯახი მიიღებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ვაუჩერების დარიგებით ინფლაციის ზემოქმედების შემსუბუქებას ცდილობენ. რამდენად ეფექტიანია მთავრობის ეს ძალისხმევა და რას ფიქრობენ თბილისელები ერთჯერად დახმარებაზე?

სამომხმარებლო ფასების მატებას ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ანტიკრიზისული ღონისძიებებით უპირისპირდება. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, დახმარებას მიიღებს უკლებლივ ყველა ოჯახი, რომელსაც უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში 200 კილოვატი ელექტროენერგია მაინც აქვს დახარჯული. სულ ბიუჯეტიდან ამ მიზნით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ვაუჩერების გაცემა 10 თებერვალს დაიწყო თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 20-ლარიან დახმარებას 16 თებერვლიდან მიიღებენ. ამასთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის თქმით, აუცილებელი არ არის აბონენტის მისვლა სადისტრიბუციო კომპანიაში:

„დახმარება ავტომატურად აისახება ანგარიშზე, მაგრამ თუ ვაუჩერის მფლობელი თვლის, რომ სურვილი აქვს დაეხმაროს მასზე უფრო შეჭირვებულს, მაშინ შეუძლია გადაამისამართოს ეს ვაუჩერი ამა წლის 1 ივნისამდე, ჩაწეროს სპეციალურ ქვითარში დასაჩუქრებული აბონენტის გვარი, სახელი და ნომერი.“

ვაუჩერების დარიგებას თბილისელთა ერთი ნაწილი სიხარულით შეხვდა, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთჯერადი დახმარებით ინფლაციით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლებელია.

ქალი: „ვაიმე, ძალიან მიხარია, რომ გვირიგებენ ვაუჩერებს! ორნი ვართ ოჯახში და თვეში 30 ლარს ვხარჯავთ, ანუ კარგი შეღავათი გამოგვდის!“

კაცი: „ესაა კაპიკები! ზამთარში გათბობაზე თვეში 130 ლარი მაინც მეხარჯება. შვილი რომ არ გვყავდეს გერმანიაში და ფულს არ გვიგზავნიდეს, შიმშილით დავიხოცებოდით.“

ქალი: „გაჭირვებული ადამიანისთვის ეს ერთჯერადი დახმარება დიდ შეღავათს არ წარმოადგენს. ფულს კი არა, შეღავათს უნდა გვაძლევდნენ კილოვატებში, თანაც ყოველთვე. ეს, რასაც ახლა გვაძლევენ, ბევრს არაფერს ნიშნავს.“

ამ მოქალაქის მოსაზრებას იზიარებენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები. დეპუტატი გურამ ჩახვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას არა აქვს ინფლაციის შემცირების არანაირი გეგმა:

„ანტიინფლაციური ღონისძიებების პაკეტი უნდა იყოს და სოციალური ფონის შერბილებაც ასევე სხვანაირად უნდა ხდებოდეს. ვაუჩერების დარიგება არ არის გამოსავალი და ამით ჩვენ რეალურ წარმატებას ვერ მივაღწევთ. ეს უფრო პოპულისტურ ქმედებას ჰგავს... კი, 20 ლარის მიღება რაღაც შეღავათი არის, მაგრამ არა ისეთი, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს“, უთხრა გურამ ჩახვაძემ რადიო თავისუფლებას.

მდგომარეობა კი, თუ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებს დავეყრდნობით, მართლაც მძიმეა. "საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს წლიური ინფლაციის დონე იანვარში 12.3%–მდე გაიზარდა, დეკემბერში არსებული 11.2%–დან. ამ ფონზე ვაუჩერების დარიგებას გაუმართლებლად მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა:

„ვაუჩერების დარიგება თავისი ბუნებით ეს არის ინფლაციური ღონისძიება, იმიტომ რომ მთავრობა დამატებით უშვებს 20 მილიონს, რაც თავსატეხს უჩენს ეროვნულ ბანკს, რომ ეს ფული ამოიღოს მიმოქცევიდან და არ გაიზარდოს ფულის მასა. მთავრობა რასაც გვთავაზობს, ეს არის ისევ და ისევ ინფლაციური ღონისძიება და არა ანტიინფლაციური ჩანაფიქრი.“

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერების გაცემის პარალელურად, თბილისში გაიზარდა წყლისა და დასუფთავების გადასახადები და გაძვირდა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG