Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუშეთის დაცული ტერიტორიის მონაკვეთებს შეიძლება კატეგორია შეეცვალოს


საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას ”თუშეთის, ბაწარა-ბაბანეულის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ ” უკვე არსებულ კანონში. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის სამსახურში განმარტავენ, ცვლილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საფუძველზე დაიგეგმა.

” თუშეთის, ბაწარა-ბაბანეულის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, თუშეთის ზოგიერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკრძალის რეჟიმი შეიცვლება და 2003 წელს მიღებული კანონის მიხედვით დაწესებული აკრძალვები ნაწილობრივ მოიხსნება”, - ასეთია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პოზიცია.

როგორც სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირაკლი დვალი განმარტავს, 2003 წელს კანონის მიღებისას არასწორი დაგეგმარების შედეგად, გარკვეული სოფლების გარშემო ტერიტორიები აღმოჩნდა ან მკაცრი დაცვის ზონაში, ან ნაკრძალში. სწორედ ამის გამო იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ სარგებლობდა ტრადიციული სათიბებითა და საძოვრებით, ასევე სხვა სატყეო რესურსებით. კანონში ცვლილებების განხორციელების შედეგად კი, ირაკლი დვალის განმარტებით, ეს შეზღუდვები მოიხსნება:

”ანუ, ამ ცვლილებით, რეალურად ოდნავ შემცირდა ეროვნული პარკის ფართობი, მაგრამ გაიზარდა ნაკრძალის, ანუ მკაცრი დაცვის რეჟიმის ტერიტორია და დაცული ლანშაფტის ფართობები. ანუ ეს ცვლილება დაკავშირებული არ არის მთლიანად დაცული ტერიტორიის ფართობის შემცირებასთან. შიდა ფართობის ცვლილებაა, ანუ დაცული ტერიტორიების საერთო ჯამური ოდენობა იგივე დარჩა.”

ირაკლი დვალი აცხადებს, რომ, ამ ცვლილების შედეგად, ნაკრძალის ფართობი იზრდება კიდეც. თუ კანონის ძველი რედაქციით მისი ფართობი 11 ათას ჰექტარამდე იყო, ახალი რედაქციით 12 ათას 600 ჰექტარს მიაღწევს, თუმცა შემცირდება ეროვნული პარკის მასშტაბები. კანონში ცვლილების მოტივად, გარდა თავდაპირველად არასწორი დაგეგმარებისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს: 2003 წლის შემდეგ თუშეთის სოფლებში მოსახლეობამ ინტენსიურად იწყო დაბრუნება, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მეტი ინფრასტრუქტურაა შესაქმნელი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებაც უნდა ახლდეს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2002 წლის აღწერის მიხედვით, თუშეთში სულ 93 ადამიანი ცხოვრობდა, უფრო ახალი მონაცემი, სამწუხაროდ, არ არსებობს, აცხადებენ „საქსტატში“.

კანონში შესატან ცვლილებებს არ იცნობს ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ცვლილებები საკანონმდებლო დონის ნაცვლად მცირე რეგულაციებითაც უნდა შეიძლებოდეს:

”მესმის, რომ მოსახლეობას ან ვიღაცას აქვს ინტერესი ამ ბუნებრივი რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? მე ვფიქრობ, რომ ამას არ უნდა სჭირდებოდეს საკანონმდებლო ინიციატივები. უბრალოდ, უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული მართვის გეგმები შიგნით ყველა დაცული ტერიტორიების, იმიტომ რომ ყველა დაცული ტერიტორიისთვის არსებობს ტრადიციული გამოყენების ზონა, რომლითაც ყველა ქვეყანაში სარგებლობს მოსახლეობა.”

ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიებისათვის სტატუსის ან დაცვის რეჟიმის შეცვლას ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი სპეციალური კვლევის გარეშე არამიზნობრივად მიიჩნევს:

”დაცული ტერიტორიების შექმნა, საზღვრების შეცვლა და ა.შ. უნდა ხორციელდებოდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის მიხედვით. ეს, ერთი მხრივ, აგვარიდებს დაცული ტერიტორიების შექმნისა და ცვლილების დროს გარკვეული შეცდომების დაშვებას და ასევე საშუალებას იძლევა მოზიდული იყოს კერძო სტრუქტურების და ინვესტორების თანხა.“
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG