Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 10 თებერვალი 2011


დღევანდელ გაზეთებში 9 თებერვალს გამართულ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ წაიკითხავთ. ”ბიომეტრიული დოკუმენტი კვლავ მთავარი საკითხია” – ”24 საათის” სათაური. ”ხელისუფლების პირობის თანახმად, ოპოზიცია მმართველი პარტიისგან მათი ინიციატივების შესახებ პასუხებს ელოდა, თუმცა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა კიდევ ერთი კვირა ითხოვა.”

”რეზონანსიც” წერს გუშინდელ შეხვედრასა და ოპოზიციის ინიციატივაზე, საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მუშაობის პროცესი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საგანგებოდ გააშუქოს. მამუკა კაციტაძეს უთქვამს: ”აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით მან შექმნას კონკრეტული ტელეპროექტი ან მოახდინოს არსებული პროექტების ტრანსფორმაცია, სადაც მოხდება, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის დეტალურად მიწოდება და, მეორე მხრივ, კონკრეტული თემების განხილვა.” ”რეზონანსისთვის” საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს უთქვამს, რომ ”მისთვის ეს მოთხოვნა გაუგებარია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ისედაც აშუქებს როგორც საარჩევნო პროცესს, ისე ამ ჯგუფის მუშაობას. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ კონკრეტულ პასუხს მაშინ დააფიქსირებს, როცა ამ მიმართვას ოფიციალურად გაეცნობა.”

”ახალი თაობა” ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერ დავით გამყრელიძესთან ინტერვიუს ბეჭდავს. მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში დაგეგმილი გამოსვლის წინ გამყრელიძე ამბობს: ”ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, თუ სააკაშვილი გამოვა და იტყვის - ის არ აპირებს დარჩეს თავის თანამდებობაზე, დარჩეს პოლიტიკაში, რომ 2013 წელს ასრულებს პოლიტიკურ საქმიანობას. გარწმუნებთ, ეს იქნება მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში ყველაზე გმირული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე არ ვარ ასეთი შეხედულების. თუ პოლიტიკური პრაგმატიზმი აქვს შერჩენილი, სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, თუნდაც იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც დაიძრა ეგვიპტეში, ტუნისში, თუნდაც უკრაინაში.”

”ახალ თაობაში” კონსერვატიული პარტიის ლიდერ ზვიად ძიძიგურთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ამბობს, რომ ”ხალხის პარტიასთან” ერთად ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ ტელევიზიებისგან, რომლებიც ავრცელებდნენ ცნობას, რომ კახა კუკავა და კობა დავითაშვილი სტრასბურგში ”რუსული მხარის” მიწვევით იყვნენ ჩასულები. ”სტრასბურგში მიწვევა ევროსაბჭოში გვქონდა დემოკრატიული ფრაქციისგან, რომლის თავმჯდომარეც არის იტალიელი”, - აცხადებს ძიძიგური.

”ყველა სიახლე” ლონდონში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ვიზიტისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური გახსნის შესახებ წერს. გაზეთის ცნობით, ეკლესიისთვის ტერიტორია საპატრიარქომ ”ინგლისში მოღვაწე თამაზ სომხიშვილის, ბიზნესმენების ლაშა პაპაშვილისა და საქართველოდან სკანდალურად გახიზნული ვანო ჩხარტიშვილის დაფინანსებითა და თანადგომით შეიძინა.”

”ყველა სიახლეში” ქვეყნდება ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან, რომელიც ამბობს: ”საკმარისია გამოჩნდეს თუნდაც ერთი ისეთი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც რიგითი ადამიანის სულს შეძრავს, რომ სიტუაცია სწრაფად შეიცვლება.” ”ყველა სიახლე” ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების სამი წლისთავთან დაკავშირებით მის დედასთან ნათელა პატარკაციშვილთან და ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუებს აქვეყნებს.

”ალიაში” გრძელდება ინტერვიუების წყება იმის თაობაზე, თუ ვის რამდენით დაეხმარა ოპოზიციაში პატარკაციშვილი. ”ალიას” პირველ გვერდზე ნახავთ: ”დიდი დაჭერები იწყება!!!” - ამგვარი პროგნოზის საფუძველს გაზეთს აძლევს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ”ზურაბ ადეიშვილის სპეციალური ბრძანებით, გენერალურ პროკურატურაში ანტიკორუფციული დეპარტამენტი იქმნება და მას სათავეში ცნობილი პროკურორი, გახმაურებული საქმეების ”მკერავი”, ზაზა ქაჩიბაია ჩაუდგება.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG