Accessibility links

logo-print

დნესტრისპირეთში ჯაშუშობის ბრალდებით მოლდაველი დააპატიმრეს


მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მეორედ დააპატიმრეს და მძიმე სასჯელი მიუსაჯეს მოლდავეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს.

მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სასამართლომ განსასჯელს 14 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, ჯაშუშობის ბრალდებით.

განსასჯელი - 25 წლის ილიე კაზაკი - დნესტრისპირეთის ქალაქ ბენდერში გადასახადების ინსპექტორად მუშაობდა. ის 2010 წლის მარტში დააპატიმრეს და ბრალად სახელმწიფო ღალატი და მოლდავეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა წაუყენეს.

თვითაღიარებული სეპარატისტული რეგიონის ბევრი მცხოვრების მსგავსად, როგორც ვარაუდობენ, კაზაკსაც მოლდავეთის პასპორტი აქვს.

ოთხშაბათს, 9 თებერვალს, მოლდავეთის მთავრობამ სასჯელს „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა.

მკაცრი სასჯელის გამოცხადებას კაზაკის ახლობლები და მომხრეებიც აღშფოთებით შეხვდნენ.

მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში, ეუთოს შტაბბინის წინ, აქცია გამართეს კაზაკის მშობლებმა და რამდენიმე აქტივისტმა. ისინი ორგანიზაციას მოუწოდებენ, აქტიურად იმუშაოს მის გასათავისუფლებლად.

ეუთოს მისიის ხელმძღვანელ ფილიპ რემლერთან შეხვედრის შემდეგ კაზაკის დედამ, სტელა სურკიჩანმა, რადიო თავისუფლებას შემდეგი უთხრა: „რის გამო მიუსაჯეს სასჯელი? არ მესმის. თავიანთი პოლიტიკური თამაშების გამო? მართლა არ მესმის, რატომ უნდა დაყოს ჩემმა შვილმა კიდევ 13 წელი ციხეში - ის უკვე თითქმის წელიწადია საპატიმროში ზის.“

ბოლო თვეების განმავლობაში ამ პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ ხდება.

დეკემბერში სომხური წარმოშობის დამოუკიდებელი ჟურნალისტი ერნესტ ვარდანიანი მსგავსი ბრალდებით 15 წლით ჩასვეს ციხეში.

ორივე დაკავებულის გათავისუფლებისა და პატიოსნად გასამართლების მოწოდებით არაერთხელ გამოვიდნენ მოლდავეთის მთავრობა, ევროკავშირი და აშშ.

ეუთოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აზუბალისმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ორგანიზაცია დიპლომატიური არხებით გააგრძელებს კაზაკის უფლებების დაცვას.

კიშინიოვში უფლებადამცველი ჯგუფის - „პრომო ლექსის“ - აქტივისტი იონ მანოლე ამბობს, რომ კაზაკის სასამართლო სრულიად გაუმჭვირვალედ ჩატარდა. უფლებადამცველის აზრით, კაზაკიც და ვარდანიანიც დიდ პოლიტიკურ თამაშში ჩათრეული უდანაშაულო ფიგურები არიან: „ორივე მათგანს ტირასპოლი იყენებს - ორივე მსხვერპლია. ტირასპოლი თავისას თუ მიაღწევს, შეიძლება გამოუშვან კიდეც.“

კაზაკმა მის მიმართ წაყენებული ბრალდება ივნისში ეუთოსთვის გაგზავნილ წერილში აღიარა, მაგრამ, მისი მშობლების მტკიცებით,
მათმა შვილმა ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.

მოლდავეთის მთავრობა ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს.

შარშან კაზაკის მშობლებმა კიშინიოვში, რუსეთის საელჩოს წინ, ხანგრძლივი საპროტესტო აქცია - შიმშილობა - მოაწყვეს.

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ ბოლოს კაზაკს უფლება დართო თავად აერჩია ადვოკატი. ამასთან, პატიმარს საშუალება მისცეს დედასთან ერთსაათიანი შეხვედრა ჰქონოდა.

მოლდავეთში რუსეთის ელჩმა კაზაკის ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა, თუმცა დასძინა, რომ მოსკოვს, რეგიონისთვის აღმოჩენილი პოლიტიკური და ფინანსური დახმარების მიუხედავად, დნესტრისპირეთის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არა აქვს.

დნესტრისპირეთი მოლდავეთს 1990 წელს გამოეყო და ორი წლის შემდეგ მოლდავეთის ჯართან ხანმოკლე ომიც აწარმოვა.
XS
SM
MD
LG