Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნი ბოსნიაში სექსტრეფიკინგში გაეროს პოლიციის მონაწილეობის შესახებ


კეთრინ ბოლკოვაკი
კეთრინ ბოლკოვაკი
ბალკანეთში სექსტრეფიკინგში გაეროს პოლიციის, სხვათა შორის, ამერიკელი თანამშრომლების მონაწილეობას ეხება წიგნი, რომელიც ამავე პოლიციის ერთ-ერთმა წევრმა, სამი შვილის დედამ, ნებრასკელმა კეთრინ ბოლკოვაკმა დაწერა. ბოლკოვაკი ორი წლის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და ბოსნიიდან გაიწვიეს იმის გამო, რომ თავის ხელმძღვანელობას აწვდიდა ფაქტებს გაეროს სხვა -ასევე ამერიკელი - თანამშრომლების სექსუალურ დანაშაულში მონაწილეობის შესახებ. ლაპარაკია მოლდაველი, უკრაინელი და რუმინელი - ხშირად არასრულწლოვანი -გოგონების ტრეფიკინგზე. თავის წიგნს ბოლკოვაკმა უწოდა „ინფორმატორი“, ანუ ის, ვინც საკუთარ ფირმაში არსებულ დარღვევებზე საზოგადოებას აუწყებს.

დეიტონის 1995 წლის სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად, ბოსნიაში განთავსდა გაეროს პოლიცია, რომლის ამოცანა ადგილობრივი სამართალდამცველების მეთვალყურეობა და მათი წვრთნა იყო. ამავე პერიოდში ჩავიდა იქ კეთრინ ბოლკოვაკი, ნებრასკელი პოლიციელი, ქმარს გაშორებული, სამი შვილის დედა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა სურდა. ბოლკოვაკმა გაეროს პოლიციაში მუშაობა დაიწყო ზენიცაში, სადაც მის ამოცანას ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შეადგენდა. ჩასვლიდან მალევე ის შემთხვევით გადააწყდა ერთ გაუბედურებულ ახალგაზრდა ქალს, რომელიც არა ბოსნიელი, არამედ მოლდაველი იყო. ვიქტორიამ არც ინგლისური იცოდა, არც ბოსნიური, მაგრამ მაინც მოახერხა მიენიშნებინა ადგილობრივ ღამის კლუბზე, სახელწოდებით „ფლორიდა“. ბოლკოვაკმა გადაწყვიტა თარჯიმანსა და თავის ორ თანამშრომელთან ერთად კლუბი მოენახულებინა და, აი, რა იხილა:

„მივადექით კლუბს. ღია იყო. ბარს უკან ლითონის ყუთი ვიპოვე, რომელშიც პასპორტები და ამერიკული დოლარის კუპიურები ეწყო. პასპორტები აღმოსავლეთევროპელი გოგონებისა იყო. ამ დროს გამიჩნდა ეჭვი, რომ ამ გოგონებს და სხვებსაც იქ ძალით აკავებდნენ. დავათვალიერეთ შენობა და დავინახეთ გარე კიბე, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. ავედით, კარი დაკეტილი დაგვხვდა. მოვითხოვეთ გაეღოთ. ოთახში შვიდი სხვა გოგონა ვიხილეთ. ჩანდა, რომ ისინი მათი ნების წინააღმდეგ ჰყავდათ იქ, უპასპორტებოდ. აქედან დაიწყო ყველაფერი.“

რასაც ბოლკოვაკმა მიაგნო, იყო სექსტრეფიკინგის დაჯგუფება, რომელსაც სერბიული მაფია განაგებდა. ისინი ვაჭრობდნენ უკრაინელი, მოლდაველი და რუმინელი გოგონებით, რომელთა შორის ზოგი 12 წლის იყო. დოლარებმა, რომლებიც ლითონის ყუთში ნახა ბოლკოვაკმა, აფიქრებინა მას, რომ კლუბის კლიენტები შეიძლება ბოსნიაში მყოფი ამერიკელები ყოფილიყვნენ, იქნებ თვით მისი თანამშრომლებიც კი. ვარაუდი გამართლდა. მსხვერპლისა და ბოსნიელი სამართალდამცავების დახმარებით რაც უფრო შორს გაჰყვა ბოლკოვაკი კვალს, მით უფრო აშკარა შეიქნა, რომ სექსტრეფიკინგთან დაკავშირებულნი იყვნენ გაეროს პოლიციის თანამშრომლები - ამერიკელები და სხვა უცხოელი კონტრაქტორები. ბოლკოვაკის თქმით, ზოგიერთი მათგანი არც კი მალავდა, რაც მოხდა:

„გამოვლინდა სულ უფრო და უფრო მძიმე შემთხვევები, რომლებშიც გაეროს პოლიციის თანამშრომლები, სამხედროები, სამოქალაქო პირები იყვნენ გარეული. ჩემმა ერთმა თანამშრომელმა, ამერიკელმა კონტრაქტორმა (ის ამერიკის პოლიციის ოფიცერი იყო), მიამბო, როგორ შეიძინა ერთ-ერთ ბარში, სარაევოს მახლობლად, გოგონა და როგორ აპირებდა ამერიკაში მის წაყვანას და ცოლად შერთვას. მაგრამ მალე გაჰქცევია და მობილური ტელეფონიც მოუპარავს, რამაც ძალზე განარისხა ამერიკელი. ასე რომ, არაერთ ისეთ შემთხვევას გადავაწყდი, დღემდე არ მჯერა, ასეთი რამ თუ შეიძლებოდა მომხდარიყო, საერთოდ.“

ბოლკოვაკმა განგაში ატეხა. წერდა მოხსენებებს ყველას - თვით გაეროს საგანგებო წარგზავნილის, ჟაკ პოლ კლაინის - მისამართით. მაგრამ მის ტექსტებს ან ყურადღებას არ აქცევდნენ, ან პასუხობდნენ, რომ პრობლემა მოგვარებული იყო, თუმცა ამ მოგვარების დეტალებზე არავინ არაფერს ატყობინებდა. მალე მიხვდა, რომ ამ უცხოელი კონტრაქტორების კანონის მიმართ პასუხისგება შეუძლებლი იყო იმ მიზეზით, რომ მათზე არ ვრცელდებოდა არც აშშ-ის, არც ბოსნიისა და არც სამხედრო კანონები. ამერიკელი პოლიციელის გულისწყრომის ობიექტი გახდა მისი უშუალო დამსაქმებელი კომპანია, „დინკორპსი“, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 15 მილიონიანი კონტრაქტი მოიგო და ბოსნიისთვის ამერიკულ პერსონალს აგროვებდა. ბოლკოვაკის აზრით, ეს ფირმა დიდი კორექტულობით არ გამოირჩეოდა და ხშირად აჰყავდა საქმეში გამოუცდელი და თან, არცთუ იშვიათად, საეჭვო წარსულის მქონე ხალხი. ეს კი იმას იწვევდა, რომ ზოგიერთი მათგანი იოლად ებმებოდა ადგილობრივ დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბოლკოვაკი გვიამბობს, ბალკანური მაფია კარგად ორგანიზებულია, საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებს და დიდ ფულსაც აკეთებსო; ამ რეგიონში რომ კორუცფია იქნებოდა, ვიცოდით, მაგრამ როცა ბოსნიისთვის პოლიციელების - და განსაკუთრებით ამერიკელი სპეციალისტების - აყვანას ეხება საქმე, ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტი მეტი გულმოდგინებით უნდა მუშაობდესო. ბოლკოვაკი ბოსნიაში სამსახურიდან ორ წელიწადში დაითხოვეს ცუდი მუშაობისათვის. თავად მას მიაჩნია, რომ გააგდეს, რადგან მისი ბრალდებები არ მოსწონდათ. მოკლედ, ის ბოსნიიდან გაიწვიეს და ისიც კი უთხრეს, შენს სიცოცხლეს აქ საფრთხე ემუქრებაო. მაგრამ ყოფილმა პოლიციელმა თან წაიღო მასალები, სადაც სულ აღნუსხული ჰქონდა თავისი კვლევის შედეგები. მისმა შემდგომმა ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო: „დინკორპსის“ მიერ აყვანილი შვიდი პირი დაითხოვეს „მიუღებელი საქციელისთვის“. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ფირმას არაფერი დაჰკლებია. ის კვლავაც აქტიურია იმავე სფეროში და ავღანეთსა და ერაყში პოლიციელთა წვრთნისთვის კადრების მოძიებაშია ჩართული. აქაც არადამაკმაყოფილებელი იყო „დინკორპსის“ საქმიანობა. მას ერაყში აშშ-ის სამთავრობო ფონდიდან მილიარდი დოლარის გაფლანგვა დაბრალდა. „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის დიპლომატიური ტელეგრამებში ლაპარაკია ამ ფირმის თანამშრომლებზე, რომლებიც ავღანეთში ადგილობრივ პოლიციელებს წვრთნიდნენ და რომლებიც ნარკოტიკების მიღებასა და ეგრეთ წოდებული „მოცეკვავე ბიჭუნებისთვის“, ასევე არასრულწლოვანი მეძავებისთვის, ფულის გადახდაში ამხილეს. ბოლკოვაკმა, როგორც გითხარით, წიგნი დაწერა იმაზე, რაც ნახა ბოსნიაში. სულ მალე მისი ფილმიც გამოვა ამავე თემაზე. ის ფიქრობს,რომ მისმა საქმიანობამ გარკვეული გავლენა იქონია ბალკანეთში ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაზე, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ რაიმე ცვლილება ხდება იმ განუკითხაობაში, რომელიც კონტრაქტორების დასაქმების საერთაშორისო სისტემაში კვლავ ბატონობს.
„არა მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ან, თუნდაც, სახელმწიფო დეპარტამენტი იყოს ჩარეული თითოეული კონტრაქტორის აყვანაში. ალბათ, ასე,10-20 პროცენტია დანაშაულთან კავშირში. მაგრამ საქმე ისაა, რომ დარჩენილი 80 პროცენტი არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად, თვალს არიდებს ფაქტებს. ასეა, ჰგონიათ, რომ ოკეანისგადაღმა, სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მანძილზე ვერავინ ჩაავლებს. ბევრს მართლაც ვერ იჭერენ და ისინიც განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG