Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოების რეკომენდაციები ხელისუფლებას


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გორში
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გორში
„ახალგაზრდა იურისტებისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები, პროექტ „სახალხო მანიფესტის“ ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობას სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართავენ.

პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარდა გამოკითხვა და გამოიკვეთა ზოგიერთი პრობლემა, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის წლევანდელ ბიუჯეტში ასახული არ არის. არასამთავრობოები ხელისუფლებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად რეკომენდაციებს სთავაზობენ.

ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემა, შეშით მომარაგება, დევნილებისთვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესება, სოფლებში ნაგავსაყრელების მოწყობა, ამბულატორიების აღდგენა – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გადაჭრას მოსახლეობა დაუყოვნებლივ ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითოეული პრობლემა დეტალურად განიხილეს და მათი მოგვარების გზები დასახეს.

„ახალგაზრდა იურისტთა“ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არსებობს მზაობა, მისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, არსებული პრობლემების მოგვარება დაიწყოს.

კონფლიქტის ზონის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მწვავე პრობლემად სარწყავი წყლის უქონლობას ასახელებს. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე პირობას დებს, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევით ეს პრობლემა მალე აღარ იარსებებს.

ხელისუფლებამ მესამე სექტორის რეკომენდაციები მიიღო. „ახალგაზრდა იურისტებისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ახლა დასმული პრობლემების მოგვარების მონიტორინგს განახორციელებენ.
XS
SM
MD
LG