Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა ინფლაციას ინფლაციითვე ებრძვის


საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი

საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ელექტროენერგიის 20-ლარიანმა ვაუჩერებმა, რომელთა დარიგება მიმდინარე კვირაში დაიწყო, მოსახლეობაზე ინფლაციური ზეწოლის ნაწილობრივი კომპენსირება უნდა მოახდინოს. მოქალაქეთა დიდ ნაწილს მოსწონს მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება, მეორე ნაწილი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს, ეკონომიკის ექსპერტები კი ყურადღებას იმ უარყოფით შედეგებზე ამახვილებენ, რაც თან სდევს მსგავს გადაწყვეტილებებს.
მე არ მგონია, ეროვნული ბანკის აზრი, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ინფლაციაზე საქართველოში, სწორი იყოს...

ბოლო დროს საქართველოს ძირითად სატელევიზიო არხებზე სულ უფრო გახშირდა ინფორმაცია მსოფლიოს ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქციის ყოველდღიური გაძვირების შესახებ. ქვეყნის მთავრობა ძირითადად სწორედ საგარეო ფაქტორებს, მსოფლიოში ხორბლის, წიწიბურისა და ნავთობის გაძვირებას აბრალებს საქართველოში არსებულ 12 პროცენტზე მაღალ ინფლაციას. მთავრობის ამგვარ პოზიციას არ ეთანხმებიან მისი ეკონომიკური რეფორმების მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტებიც კი. მათ შორისაა ჟურნალ ”ტაბულას” ერთ-ერთი ავტორი, ეკონომიკის ექსპერტი მიშა თავხელიძე, რომელიც ამბობს:

„მე არ მგონია, ეროვნული ბანკის აზრი, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ინფლაციაზე საქართველოში, სწორი იყოს. ანუ ინფლაციის მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ დახარჯა იმაზე მეტი ფული, ვიდრე ჰქონდა. და ეს ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიდეს, და მოვიდა იქიდან, რომ ეროვნულმა ბანკმა გაზარდა მიმოქცევაში არსებული ფულის მასა.”
20-ლარიანი ვაუჩერები

20-ლარიანი ვაუჩერების დარიგება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო, სწორედ ფულის მასის ზრდის გამომწვევ, ანუ ინფლაციის ზრდის მასტიმულირებელ, რისკს წარმოადგენს. არადა, ვაუჩერების დარიგებას მთავრობა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინფლაციის გავლენის შემამსუბუქებელ ნაბიჯად განიხილავენ:

”იყო დავალება, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს ხალხს მსოფლიოში ფასებით ზრდით განპირობებული სიძნელეები. პირველი დავალება იყო, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში ოჯახებს ყველაზე მეტად, ალბათ, სითბო სჭირდებათ და ვაუჩერები, გარკვეულწილად, მათ გარემოებას შეუმსუბუქებს”.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოწონება დაიმსახურა, ნაწილი კიდევ უფრო მეტს ითხოვს. აი რა განუცხადეს რადიო თავისუფლებას რიგითმა თბილისელებმა:

„ვაიმე, ძალიან მიხარია, რომ გვირიგებენ ვაუჩერებს! ორნი ვართ ოჯახში და თვეში 30 ლარს ვხარჯავთ, ანუ კარგი შეღავათი გამოგვდის!“

„გაჭირვებული ადამიანისთვის ეს ერთჯერადი დახმარება დიდ შეღავათს არ წარმოადგენს. ფულს კი არა, შეღავათს უნდა გვაძლევდნენ კილოვატებში, თანაც ყოველთვე“.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც მთავრობის 20-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა შეურაცხყოფად მიიღეს. 11 თებერვალს, რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმართან შეკითხვების დასმის ნაცვლად, ზოგიერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ არ სურს მთავრობის დახმარების მიღება:

”მე მგონია ეს პიარ-აქცია მთელ ერს აყენებს შეურცხყოფას და ვიღაცებისთვის კი არის შეღავათი, მაგრამ თვალწინ უნდა გადაუხიონ ეს ვაუჩერები”.

”აი მეც ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და რა უნდა გავაკეთო, რომ არ აისახოს ჩემს ანგარიშზე ეს თანხა?”
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი

ასეთი მოსაზრებები გამოთქვეს მოქალაქეებმა რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის სტუმრობისას. თავად მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ ვაუჩერებით ინფლაციის შემსუბუქების ნაცვლად შეიძლება ის კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რადგან ბაზარზე დამატებით 20 მილიონი ლარი ჩნდება. იგი აღნიშნავს, რომ მთავრობას ინფლაციის შემცირების გეგმა არ გააჩნია:

”ჯერჯერობით არაფერი გეგმა და სტრატეგია ჩვენ არ მოგვისმენია მთავრობის მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა”.

ამჟამად რასაც საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის შესაკავებლად აკეთებს, არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ კი, გამოცხადდა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი და უცხოური კაპიტალის სარეზერვო ნორმები, რამაც მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შემცირება უნდა გამოიწვიოს. ბანკი მსგავსი გამკაცრების პოლიტიკას ბოლო 7 თვის მანძილზე ახორციელებს, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ინფლაციის ერთნიშნა დონემდე დაყვანა.
რამდენი სესხიც გასცა ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს, ეს რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი 2010 წელს. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება...

ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსად 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგებისა, მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთი ხელით ინფლაციას ებრძვის, მეორეთი კი ინფლაციის წახალისებას ახერხებს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხარჯების შემცირების ნაცვლად წელსაც გაიზარდა ბიუროკრატიის სახელფასო ფონდი. ასევე ეროვნულმა ბანკმა გაზარდა კერძო კომერციული ბანკების დაკრედიტება:

”მარტივი მაგალითებიც მაქვს: რამდენი სესხიც გასცა ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს, ეს რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი 2010 წელს. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება და 2011 წელს კიდევ 2-ჯერ არის გაზრდილი ბანკებზე გაცემული სესხი.”

ეკონომისტები ინფლაციის დაძლევის გზებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად სახელმწიფო ხარჯების შემცირებაში ხედავენ.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის ზოგიერთი სახეობის ფასების ზრდით საქართველოში გამოწვეულ გაძვირებას, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტს, გია ჯანდიერს, მიაჩნია, რომ მისი კომპენსირება შესაძლებელია არა ელექტროენერგიის ვაუჩერების ან სოფლის მეურნეობის სუბსიდირებით, არამედ გადასახადების შემცირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი ნაწილი 12-პროცენტიანი საბაჟო გადასახადით იბეგრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG