Accessibility links

logo-print

ქართული ავანგარდი - დემოკრატიის პირველი სიგნალი


მარჯანიშვილის თეატრი

მარჯანიშვილის თეატრი

ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა, ერთგვარი ბიძგი დიალოგის დასაწყებად - ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” რედაქციის მიერ მოწყობილი დისკუსიის სახელწოდება ”80-იანი წლების ქართული ავანგარდი - დემოკრატიის პირველი სიგნალი”... რა გამოდის? დემოკრატიის პირველი ნიშნები საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა პირველად? მაინცდამაინც ქართველ ავანგარდისტებს უნდა მივაწეროთ ”დემოკრატიული სივრცის” შექმნა? თანაც, მაინცდამაინც ვიზუალური ხელოვნების სფეროში დასაქმებულ არტისტებს?

ცხადია, ასეთი სათაური გარკვეული ინტრიგის შექმნას ემსახურებოდა და, როგორც ჩანს, ინტრიგამ გაამართლა - დისკუსიაზე, რომელიც 7 თებერვალს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში გაიმართა, ბევრად უფრო მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ - ”ცხელი შოკოლადის” რედაქტორმა ნინო ლომაძემ რადიო თავისუფლების დილის ეთერში განაცხადა კიდეც: ველოდით 50 ადამიანს და მოვიდა 200... ალბათ, ორასზე მეტიც მოვიდა - უბრალოდ, დარბაზი ძალიან სწრაფად შეივსო და ხალხს უკან დაბრუნება მოუხდა. ბევრი რამ აღმოჩნდა სიმბოლური - ის, რომ დისკუსია ქართველ ავანგარდისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის, - შეიძლება ითქვას, იდეოლოგის, - კარლო კაჭარავას დაბადების დღეს დაემთხვა; ის, რომ დარბაზში თავი მოიყარეს სრულიად განსხვავებული თაობის მხატვრებმა, ხელოვნების მოყვარულებმა… სკეპტიკოსები ამბობდნენ, თანამედროვე ხელოვნების მოყვარული იმდენი არაა, რომ ამ სიცივეში გარეთ გამოვიდეს და დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობაო - არ აღმოჩნდა მართალი. არა მარტო დიდი ინტერესით უსმინეს ძირითად მომხსენებლებს - ხელოვნებათმცოდნესა და მხატვარს ილიკო ზაუტაშვილს, არტკრიტიკოსს დავით ჩიხლაძეს, არამედ თავადაც იაქტიურეს და სერიოზული კითხვები დასვეს: როგორი უნდა იყოს დღეს თანამედროვე ხელოვნება? სოციალურად მძაფრი თუ უფრო ”ელიტური ხასიათის”? ყველასთვის ადვილად გასაგები თუ რჩეულებისთვის განკუთვნილი? რა არის ავანგარდი? რა არის კონტრკულტურა? დაბოლოს, მთავარი: ვინ უნდა დააფინანსოს ასეთი ხელოვნება? ვალდებულია თუნდაც კულტურის სამინისტრო დაეხმაროს იმას, ვინც თავის თავს ”კონტრკულტურისტს” უწოდებს?

ილიკო ზაუტაშვილმა გაგვახსენა, რა იყო ქართველ 80-იანელთა მიზანი - იმ მხატვრებისა, რომელთაც განსაკუთრებით აქტიურად მოუხდათ მოღვაწეობა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, ე.ი. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა. თუმცა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში შეკრებილებმა ისიც გაიხსენეს, რომ 80-იანელებმა საქართველოში ტრადიციული სოცრეალისტური კულტურის ნგრევა უფრო ადრე დაიწყეს - ბრეჟნევის ეპოქაში, ”უძრაობის ხანაში”. ილიკო ზაუტაშვილმა გაიხსენა ათი წლის წინ ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ დაფინანსებული კრებული, სახელწოდებით ”კონტრკულტურა”, რომელშიც სწორედ ამ პერიოდს იხსენებენ. განსაკუთრებით საინტერესოა კრებულში შესული კარლო კაჭარავას ესეი. კარლო 80-იანი წლების კულტურულ სივრცეს აღწერს.

თუკი 80-იანი წლების ქართული ავანგარდი უფრო მეტად, როგორც დისკუსიაზე ითქვა, ”სამზარეულოში” აწყობდა რევოლუციას, მოგვიანებით შეიცვალა თანამედროვე ხელოვნების როლი, მთელ მსოფლიოში შეიცვალა: თანამედროვე ხელოვნება გამოვიდა კულტურის თუ კონტრკულტურის საზღვრებიდან და სოციალურად, პოლიტიკურად აქტიური გახდა.

ჰოდა, რატომ არ უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ ასეთი კულტურის განვითარებაზე? თუკი ქვეყნისთვის ეგრეთ წოდებული ”კულტურული ტურიზმი” პრიორიტეტია, რატომ არ უნდა იყოს პრიორიტეტული თანამედროვე ხელოვნების სფერო, რომელიც ასევე ”კარგად იყიდება” და მოგება მოაქვს? ეს კითხვა დაისვა და დავით ჩიხლაძემ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნის აუცილებლობაზე დაიწყო ლაპარაკი.

მუზეუმი, რომელიც ”კონტრკულტურას შეინახავს?” - იკითხა ვიღაცამ. მომხსენებლების თქმით, ეს სიტყვა, ”კონტრკულტურა”, დღეს უკვე სულ სხვა მნიშვნელობას იღებს. დავით ჩიხლაძის თქმით, თუკი 80-იან წლების ავანგარდი ოფიციალური იდეოლოგიის მიერ დამკვიდრებულ კულტურას უპირისპირდებოდა და ამიტომ იყო ”კონტრკულტურა”, დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. დავით ჩიხლაძის თქმით:

”კულტურის საპირისპირო დღეს არის რესტორანი - გამოვამჟღავნოთ ჰედონიზმი და ვთქვათ, რომ ჩვენ ვტკბებით ცხოვრებით. ჩვენთვის კონტრკულტურა რესტორანია, ამიტომ დღეს შეიძლება სულ სხვა პრობლემები იყოს აქტუალური“.

უნდა ითქვას, რომ დისკუსია, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ჩატარდა ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” მიერ, სრულიად მოკლებული იყო მხიარულ ნოტს, დამახასიათებელს ავანგარდისტი მხატვრებისთვის. ილაპარაკეს იმაზე, რომ ავანგარდი დღეს არავის აინტერესებს (უფრო სწორად, არავინ აფინანსებს), იმსჯელეს არტკრიტიკის არარსებობაზე, მხატვრების პასიურობასა და თანამედროვე ხელოვნების მიმართ ხელისუფლების გულგრილობაზე. იმსჯელეს იმაზე, რომ ქვეყანაში აღარ ტარდება ავანგარდული აქციები, რომელმაც ქართული საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოს და თუ ტარდება, თითქმის შეუფასებელი რჩება. ამასთან დაკავშირებით ილიკო ზაუტაშვილმა თბილისში რამდენიმე წლის წინ მოწყობილი აქცია ”სველი წრე” გაიხსენა - აქცია, რომელზეც ახალგაზრდა მხატვრები ერთმანეთს აფურთხებდნენ. ისინი გააკრიტიკეს, მაგრამ აქცია გაუაზრებელი დარჩა. დღეს არაფერი მსგავსი აღარ ტარდება ქვეყანაში. კონტრკულტურა - რესტორანშია.
XS
SM
MD
LG