Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შანსი დიდია!”


ოშკი
ოშკი
საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავითოღლუსა და მისი ქართველი კოლეგის გრიგოლ ვაშაძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე პირველი კითხვა, რომელიც ქართველი ჟურნალისტების მხრიდან გაისმა, თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ტაძრების აღდგენასა და საქართველოში მეჩეთების აღდგენა-მშენებლობის საკითხს შეეხო.
ცოტა ადრე უნდა დაგვემთავრებინა მოლაპარაკებები და ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დღეს, საბედნიეროდ, ერთდროულად ეკუთვნის საქართველოსა და თურქეთს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა....

”თურქეთისა და საქართველოს საერთო კულტურული მემკვიდრეობა ეს არ არის ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხი, ეს არის ორი ქვეყნის გამაერთიანებელი თემა, რომელიც აუცილებლად პოზიტიურად უნდა გადაწყდეს”, - ასე უპასუხა აჰმედ დავითოღლუმ ქართველ ჟურნალისტებს.

შეკითხვას თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების - ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის - რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პირველად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. როგორც მისი პასუხიდან გამოიკვეთა, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს სპეციალური ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ ზუსტდება, თუმცა ის სხვა საკითხს აკონკრეტებს - ”ჩვენ დავაგვიანეთო”, ასე ხსნის ის ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების ურთულეს მდგომარეობას:

”ცოტა ადრე უნდა დაგვემთავრებინა მოლაპარაკებები და ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დღეს, საბედნიეროდ, ერთდროულად ეკუთვნის საქართველოსა და თურქეთს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. თქვენ იცით, რომ ეს მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ამ პროცესის მთავარი მიზანია, უპირველეს ყოვილისა, გადავარჩინოთ ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა. როგორც კი ტექსტი დამუშავდება და ხელი მოეწერება, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება პირველი შეიტყობს”, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

საქართველოსთვისაც და თურქეთისთვისაც საერთო კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავითოღლუ და განმარტავს: ეს თემა არ უნდა იქცეს ორი მეზობელი ქვეყნის პრობლემად, საერთო კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა თურქეთსა და საქართველოს შორის პოზიტიური თანამშრომლობის საკითხია:
ოშკზე, ხანძთაზე, ოთხთა ეკლესიასა და იშხანზე დიდებული არაფერი შეუქმნია ქართველ ადამიანს და ჩვენ სახელმწიფოებრივად ვართ ვალდებულნი, რომ ისინი დავიცვათ...

”ეს ჩვენთვის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან ჩვენ ძირძველი საერთო ისტორია გვაქვს. თურქეთში არსებული ისტორიული ძეგლები თურქეთის კულტურული მემკვიდრეობაცაა და მათ სარესტავრაციოდ ყოველგვარ სამუშაოებს ისედაც შევასრულებთ. ასეთივე კულტურული მემკვიდრეობაა საქართველოსთვის თქვენს ტერიტორიაზე არსებული მუსულმანური კულტურული ძეგლები, ეს განსაკუთრებით აჭარის რეგიონსა და ბათუმს შეეხება, სადაც მუსულმანი მოსახლეობა მრავლადაა. ეს არ არის ორ ქვეყანას შორის განხეთქილების თემა, ეს ორი ქვეყნის გამაერთიანებელი, პოზიტიური საკითხია”, - აცხადებს აჰმედ დავითოღლუ.

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ისინი დაუყოვნებლივ რესტავრაციას საჭიროებენ, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აცხადებს. მისი თქმით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ამ ეტაპზე იძლევა იმის უნიკალურ შანსს, რომ ძეგლები გადარჩეს და მათ გადარჩენაზე საქართველომ იზრუნოს. ის აქვე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მუსულმანურ ძეგლებზე და ამბობს, რომ ისინიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა, რომლებიც ასევე იმსახურებენ რესტავრაციასა და აღდგენას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

”არ მიმაჩნია მართებულად, რომ ძეგლების გადარჩენის თემა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან თემებთან, მაგრამ მაინც სხვა თემებთან ავურიოთ - მაგალითად, როგორიც არის რელიგიური აღმსარებლობის პოლიტიკა საქართველოში. ეს ხელშეკრულება ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი აუცილებელი და საშურია. ოშკზე, ხანძთაზე, ოთხთა ეკლესიასა და იშხანზე დიდებული არაფერი შეუქმნია ქართველ ადამიანს და ჩვენ სახელმწიფოებრივად ვართ ვალდებულნი, რომ ისინი დავიცვათ”, - ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
ეს თემა გაჩერდება და დაგვენგრევა თავზე ოშკიც, ხანძთაც და სხვა ძეგლებიც. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, ერმაც და ბერმაც, რომ მათი დანგრევის შანსი დიდია და ყველანი თანაბრად უნდა ვიყოთ პასუხისმგებელნი ამ ხელშეკრულების განვითარებაზე...

ხახულისა და არდაშენის გადმოცემის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე სამი მეჩეთის აღდგენისა და ერთი ახალი მეჩეთის მშენებლობის დაწყებას საპატრიარქო გაუმართლებლად მიიჩნევს. ეს განცხადება თებერვლის დასაწყისში საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა საპატრიარქოს სახელით გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ეკლესიის ინტერესები არ არის გათვალისწინებული:

”გვინდა განვმარტოთ, რომ არდაშენი არ არის მხოლოდ ტაძარი, იგია ისტორიული ლაზეთის საეპისკოპოსოს ერთ-ერთი ცენტრი და, აქედან გამომდინარე, მისი აღდგენა არა მარტო არდაშენის, არამედ მთელი ამ მხარის, ლაზეთის, ქართული ეთნოკულტურისა და საეკლესიო სივრცის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენას ნიშნავს. იგივე ითქმის ტაოში ხახულის მონასტრის ამოქმედების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებისადმი ნიკოლოზ ვაჩეიშვილს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და ამბობს, რომ ხახული და არდაშენი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელშეკრულებაში შესატანი საკითხი.
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ცივი გონებითა და ცხელი გულით...

”განცხადებაში ორი ობიექტი დასახელდა, ერთი - ხახული, რომელიც არის ყველაზე კარგ მდგომარეობაში, რაც კი ადამიანს შეუძლია წარმოიდგონოს, და არის მეორე ობიექტი, ნანგრევი, რომელიც ქართული არის თუ არა, ისიც კი გასარკვევია. აქედან გამომდინარე, ეს არის სულ სხვა ხელშეკრულების, სულ სხვა სიბრტყეზე განსახილველი საკითხი. ეს არ არის კულტურული მემკვიდრეობის ხელშეკრულებაში შესატანი თემა. თორემ ეს თემა გაჩერდება და დაგვენგრევა თავზე ოშკიც, ხანძთაც და სხვა ძეგლებიც. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, ერმაც და ბერმაც, რომ მათი დანგრევის შანსი დიდია და ყველანი თანაბრად უნდა ვიყოთ პასუხისმგებელნი ამ ხელშეკრულების განვითარებაზე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ცივი გონებითა და ცხელი გულით”, - ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპისათვის უკვე მზად არის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გამაგრების პროექტი, რომლის განხორციელებაც ხელს შეუშლის ძეგლების მყისიერ ჩამონგრევას. ამის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებაც.
XS
SM
MD
LG