Accessibility links

"2015 წლისთვის გადავადებული სამოთხე" - ეხმაურება „რეზონანსი“ პრეზიდენტის გუშინდელ ვიზიტს პარლამენტში. რამდენიმე დეტალი გაზეთის დაკვირვებიდან: პრეზიდენტმა პარლამენტში 15 წუთით დაიგვიანა; პრეზიდენტმა ხელი მხოლოდ ორ ოპოზიციურ პარლამენტარს ჩამოართვა; სიტყვა პრეზიდენტს 33-ჯერ შეაწყვეტინეს ტაშით.

”უნდა ითქვას რომ ტაშისკვრის რეკორდი მართლაც მოიხსნა - შარშან პრეზიდენტს ტაში მხოლოდ 14 ჯერ დაუკრეს”.

ამ ფაქტების მოყვანის შემდეგ გაზეთი წერს დარგების მიხედვით პრეზიდენტის ხედვებზე. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობაზე, სიდუხჭირის, უმუშევრობის დაძლევის აუცილებლობაზე, გზების, წყლის გაყვანილობის, კომუნალური პრობლემების მოგვარების, ენერგოუსაფრთხოებისთვის ჰესების მშენებლობის, თავისუფალი ვაჭრობის და, ამავდროულად, ქართული წარმოების განვითარების ხელშეწყობის და ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე, განათლების სისტემის შეუქცევად მოდერნიზება-კომპიუტერიზაციაზე, ტურიზმის განვითარებაზე:

”ჩვენი გეგმა ამბიციურია, მაგრამ მას აუცილებლად შევასრულებთ”.

თუმცა, როგორც გაზეთი წერს, პრეზიდენტმა რეფორმების დასრულების ვადა საკუთარ საპრეზიდენტო მოვალეობის ვადას გადააცილა. მისი სიტყვის მიხედვით: ”ყველაფერი 2015 წლისთვის დასრულდება.”

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე „რეზონანსი“ ცალკე ერთგვერდიან სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ვკითხულობთ პარლამენტის საპრეზიდენტო ვიზიტისთვის მზადების დეტალებზე. მაგალითად:

”განსაკუთრებული სიმკაცრე კი უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით არსებობს. ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაიწყეს პარლამენტის შენობის საგანგებო შემოწმება და საპრეზიდენტო ფლიგელებში ოთახებიც კი დალუქეს”.

კიდევ ერთი ციტატა სტატიიდან საპარლამენტო მზადებაზე: ” გუშინ ისე გულმოდგინედ ემზადებოდნენ, რომ ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დარბაზში წარწერებიც კი გააკეთეს, ჟურნალისტები სად უნდა დამსხდარიყვნენ, დეპუტატები სად და სტუმრები სად. ასეთი რამ კი პარლამენტის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა”.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი დაწვრილებით გვიამბობს, გვარების აღნიშვნით, ოპოზიციურ პოლიტიკოსთა გამოსვლების მთავარ აქცენტებზე: როგორ იხარჯება თანხები მთავრობის მიერ და რატომ არის ეს პროცესები გაუმჭვირვალე? რატომ აკონტროლებენ სხვადასხვა სექტორს მონოპოლიები? რატომ არის ქვეყანაში ყოველი მეორე ადამიანი პატიმარი? რატომ არის ქვეყანა საკუთრების დაცვის უფლებით ასმეთექვსმეტე ადგილზე, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობით ასმეოთხეზე? რატომ არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე? რატომ ყიდულობს საქართველოს მოსახლეობა ჩინურ ნიორს ცხრა ლარად, თურქულ პომიდორს 5 ლარად, სომხურ სტაფილოს 2 ლარად? რატომ არის საგარეო ვალი ოთხი მილიარდი დოლარი? რატომ არის ინფლაცია 12 პროცენტი და უმუშევრობა 40 პროცენტი? - ეს სტატიაში გაბნეული შეკითხვები ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა დასვეს გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

„24 საათიც“ პრეზიდენტის საპარლამენტო ვიზიტს და პარლამენტში შემდგარ დებატებს ორი სტატიით ეხმაურება. პირველი, "2015 წელი რეფორმების შეჯამების წელიწადი"- სტატიის ავტორი წერს, რომ პრეზიდენტმა 2015 წელი ახსენა როგორც 2012-2013 წლებში დასაწყები რეფორმების პირველი შედეგების მიღების წელიწადი.

მეორე სტატიას ჰქვია "დებატები პარლამენტში". აქ აქცენტებია დასმული იმ გამოსვლებზე, რომლებსაც პრეზიდენტმა პასუხი გასცა. მაგალითად, ელიტარული კორუფციის თემა. პრეზიდენტი სტატიაში ამბობს: ”ან არის კორუფცია ყველგან, ან კორუფცია არსად არ არის.” სტატია ცალკე სათაურებად გამოყოფს "უმრავლესობის პოზიციას", "პრეზიდენტის დასკვნით სიტყვას" და გიორგი თარგამაძის ციტატას: "მე ვარ ქართველი მაშასადამეების გარეშე". გაზეთი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გამოსვლიდან სხვა ციტატებსაც აქვეყნებს, სადაც პარლამენტარი საუბრობს ავტორიტარიზმის საფრთხეებზე, რომლებიც სხვა ქვეყნების მაგალითებზე აუცილებლობით რევოლუციას შობს.

სტატია მთავრდება პრეზიდენტის დასკვნითი სიტყვით, სადაც პრეზიდენტი დროის უქონლობასა და ჩქარი რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. პრეზიდენტი სტატიაში ოპოზიციას მოუწოდებს ამ რეფორმებს ფეხი აუწყონ.

„24 საათი“ კვირის დასაწყისში სადაზღვევო სფეროში არსებულ პრობლემებზე წერს. გაზეთის თქმით, სადაზღვევო კომპანიებში შემოწმება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. გაზეთისვე ინფორმაციით, სამინისტროს შესაბამისი ორგანო ჯანმრთელობის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამების ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს”.

ამავე თემაზე კვირის დასაწყისიდან ”რეზონანსიც” წერს. სადაზღვევო კომპანიების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას სახელისუფლებო კულუარებში, გაზეთის მიხედვით, მერაბიშვილი-ადეიშვილის დაპირისპირებას უკავშირებენ. როგორც ამბობენ, სადაზღვევო კომპანიებს აქამდე მერაბიშვილი აკონტროლებდა. გაზეთის მიხედვით, საუბარია იმ სქემებზე, რომლის მეშვეობითაც სადაზღვევო კომპანია იღებდა ბიუჯეტიდან გარანტირებულ ფულს და მოგებიდან გარკვეულ წილს ისევ ხელისუფლებას - ოღონდ არაოფიციალურად - უბრუნებდა. „24 საათის“ ინფორმაციით, ამ პროგრამებზე სულ 284 მილიონი ლარი დაიხარჯა.

”ახალ თაობაში” ირაკლი ბათიაშვილთან ინტერვიუ იბეჭდება. ის ამბობს: ”ზამთარი ხომ მშიერი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის, გაზაფხული კიდევ უფრო მძიმე იქნება და ეს არის დენთის კასრი, რომელზეც ერთი პატარა ნაპერწკალი რომ დაეცეს, ისე შეიძლება აფეთქდეს, რომ ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს”.

”ახალი თაობა” ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერ დავით გამყრელიძესთან ინტერვიუს ბეჭდავს. მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში დაგეგმილი გამოსვლის წინ გამყრელიძე ამბობს: ”ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, თუ სააკაშვილი გამოვა და იტყვის - ის არ აპირებს დარჩეს თავის თანამდებობაზე, დარჩეს პოლიტიკაში, რომ 2013 წელს ასრულებს პოლიტიკურ საქმიანობას. გარწმუნებთ, ეს იქნება მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში ყველაზე გმირული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე არ ვარ ასეთი შეხედულების. თუ პოლიტიკური პრაგმატიზმი აქვს შერჩენილი, სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, თუნდაც იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც დაიძრა ეგვიპტეში, ტუნისში, თუნდაც უკრაინაში”.

”ახალი თაობა” 11 თებერვალს წერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის პრესკონფერენციაზე. „სააკაშვილის პრეზიდენტობისას 111 ადვოკატი დააკავეს“ - ასეთია სტატიის სათაური. ავტორს მოჰყავს ხატიაშვილის სიტყვები: „საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა. არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ გამოჩნდება კეთილი პოლიტიკოსი, წაგვიძღვება წინ და ქაჯეთის ციხეს აიღებს. არც ერთი პრეზიდენტი არ დაიწყებს ჟურნალისტებისა და ადვოკატების დაცვას, ვინც უნდა იყოს იგი. მისი თქმით, არც ერთი პრეზიდენტი არ იქნება თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარების მომხრე, მაგრამ თუ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება იქნება, სააკაშვილზე ძლიერი უფლებადამრღვევიც შეიძლება უფლებადამცველად აქციონ”.
XS
SM
MD
LG