Accessibility links

logo-print
გამოცემისთანავე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის, მემუარების წიგნი, სახელწოდებით „ნაცნობი და უცნობი“. ეს მოსალოდნელიც იყო. დონალდ რამსფელდი ხომ ერთ-ერთი შემოქმედია ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შეჭრისა. თანაც, ამ გადაწყვეტილების მართებულობას პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი მემუარების წიგნშიც იცავს. დონალდ რამსფელდი საქართველოშიც ახსოვთ მის მიერ საქართველოს უსაფრთხოებაში შეტანილი დიდი წვლილის გამო.

„რაც ვიცით, ვიცით. რაც არ ვიცით, არ ვიცით და არის რაღაც, რაც არასოდეს გვეცოდინება“, - ასეთი კალამბურით უპასუხა შეერთებული შტატების ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-ს წამყვანს საკუთარი მემუარების შესახებ გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარში. 800-გვერდიან წიგნში, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების გარემოებებს და მიზნებს, დონალდ რამსფელდი ერთი გოჯითაც არ იხევს უკან და ბოლომდე იცავს ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ სადამ ჰუსეინს არ ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი, „მე რომ პრეზიდენტ ბუშის ადგილას ვყოფილიყავი და იგივე ინფორმაციები მქონოდა, ეჭვგარეშეა, მსგავს გადაწყვეტილებას მივიღებდიო“, - წერს რამსფელდი მემუარებში და დასძენს, „ჰუსეინის სასტიკი რეჟიმისაგან რეგიონის გათავისუფლებით მსოფლიო კიდევ უფრო უხიფათო გახდაო“. აი როგორ განმარტა „ეი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში საკუთარი მოსაზრება დონალდ რამსფელდმა:

„ის, რაც დღეს იცით, დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი აზრები ხვალ, მაგრამ ვერაფერს უშველით იმას, რაზეც თქვენ ადრე ფიქრობდით. მაშინ კი არსებობდა შეგნებული რწმენა, რომ სადამ ჰუსეინს ჰქონდა ასეთი იარაღი“.

შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მინისტრი მემუარების წიგნში ასევე ეხება უსამა ბინ ლადენის შეპყრობის ოპერაციის წარუმატებლობას თორა ბორას ბრძოლაში. დონალდ რამსფელდი წერს, რომ მას სანდო სადაზვერვო ინფორმაციას არავინ აწვდიდა, იმყოფებოდა თუ არა ბენ ლადენი შემთხვევის ადგილზე და მისთვის მის გენერლებს არც დამატებითი ძალები მოუთხოვიათ, რათა ტერორისტთა მეთაური არ გაჰქცეოდათ.

რაც შეეხება სამხედროების მაროდიორობას პოსტსადამისეულ ერაყში, დონალდ რამსფელდი ამაში დამნაშავედ მიიჩნევს დასავლურ მედიას, რომელმაც მაროდიორობის ფაქტები გააზვიადა. „მაროდიორობა - ეს იყო ტრაგიკული მოვლენა, მაგრამ ჩვენს ჯარებს ამაში არავითარი ბრალი არ მიუძღვითო“, - წერს დონალდ რამსფელდი მემუარების წიგნში.

მასში გულახდილი აღიარებაც გვხვდება აბუ ღრაიბის ციხის სკანდალზე. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მინისტრი წერს, რომ მან ორჯერ ითხოვა თანამდებობიდან წასვლა მას შემდეგ, რაც 2004 წელს ეჭვმიტანილი ერაყელი პატიმრების მიმართ ამერიკელი სამხედროების დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ფოტოები იხილა. თუმცა დონალდ რამსფელდი პენტაგონში კიდევ ორი წელი დარჩა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თხოვნით, რომელიც შიშობდა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა ორ რთულ ომში იყო ჩაბმული, თავდაცვის მინისტრის გადადგომას მძიმე შედეგები ექნებოდა. „მე დავეთანხმე პრეზიდენტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყოო“, - წერს დონალდ რამსფელდი.

„ნაცნობი და უცნობი“ გამოსვლისთანავე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. დონალდ რამსფელდის მემუარებს პოტენციური მკითხველები საქართველოშიც ჰყავს, სადაც კარგად ახსოვთ 2002 წლის დეკემბერში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი, რომელსაც კონკრეტული გაგრძელება ჰქონდა. აი როგორ იხსენებს საქართველოსათვის ძალიან რთულ დროს რამსფელდთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1998-2003 წლებში დავით თევზაძე:

„პირდაპირ გეტყვი, ამ ჩამოსვლამ შექმნა, გარკვეულწილად, ის ფარი რუსეთის წინააღმდეგ და ამით აგრძნობინეს ამერიკელებმა რუსეთს, „არ გინდათ, თქვენ ნუ ჩაერევით ამ ამბავშიო“, - იგულისხმება პანკისის ხეობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, - ჩვენ აქ ვართ და ჩვენ საქართველოში შევქმნით იმ პოტენციალს, რომ ამ ქვეყანამ ეს თავისით შეძლოსო. აი ეს იყო იდეოლოგიური ჩარჩო, რომლითაც ეს [„წვრთნისა და აღჭურვის“] პროგრამა იწყებოდა. მერე, ახლა იცი შენ, თუ როგორ გაგრძელდა, როგორ განვითარდა. ამან საკმაო გავლენა იქონია შემდგომ სვლაზე საქართველოს სამხედრო ძალების განვითარებისა“.

70 მილიონი დოლარი დახარჯა შეერთებულმა შტატებმა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 3 000-ზე მეტი პროფესიონალი სამხედრო მომზადდა და აღიჭურვა. დონალდ რამსფელდი კიდევ ერთხელ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა სულ რამდენიმე წუთით.

„მაგი ჩამოვიდა ძალიან მალე რევოლუციის შემდეგ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა აეროპორტში დაახლოებით 40 წუთი, გავცვალეთ მოსაზრებები. ამის შემდეგ ის შეხვდა ახალ ხელმძღვანელობას ქვეყნისას. ეს იყო მისი ბოლო ვიზიტი სადღაც ორ კვირაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. კარიკატურაც კი იყო ერთ-ერთ გაზეთში: „ჯარისკაც თევზაძის გადასარჩენად დონალდ რამსფელდის მისია“. აი ფილმი რომაა, იმის მსგავსი რაღაც იყო გათამაშებული სათაურში...“ [იცინის].

ასე იხსენებს დავით თევზაძე დონალდ რამსფელდთან ბოლო შეხვედრას, რაზეც შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მინისტრის მემუარების წიგნში არაფერია ნათქვამი. თუმცა იმედია, როდისმე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრებიც დაწერენ მემუარებს, სადაც ფარდას ახდიან საქართველოს უახლესი ისტორიის ბევრ უცნობ ფაქტს, გადააფასებენ საკუთარ საქმიანობას, გულწრფელად ილაპარაკებენ თავიანთ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.
XS
SM
MD
LG