Accessibility links

logo-print

რა ბრალდებათ სადაზღვევო კომპანიებსა და სახელმწიფო მოხელეებს


14 თებერვალს გავრცელებული საგამოძიებო ინფორმაციის მიხედვით, სოციალურად დაუცველი კლიენტების მოტყუების გზით 7-მა სადაზღვევო კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიითვისა დაახლოებით 6 მილიონი ლარი, რაშიც მათ სახელმწიფო უწყების მაღალჩინოსნებმა შეუწყვეს ხელი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია 16 ეჭვმიტანილი. გავიხსენოთ, რომ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გაშიფვრას წინ უსწრებდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელსაც უწყება ”საგანგაშოს” უწოდებდა.

”ალფა”, ”არქიმედეს გლობალ ჯორჯია”, ”ალდაგი ბისიაი”, "იმედი L", ”ირაო”, ”აისი ჯგუფი” და "GPI ჰოლდინგი" - ეს იმ კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისება-გაფლანგვაში ედებათ ბრალი. საუბარია სადაზღვევო კომპანიების მიერ უკანონოდ მითვისებულ დაახლოებით 5 მილიონ 700 ათას ლარზე. გვარების სია არ წაუკითხავს, მაგრამ, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა გილიგაშვილმა აღნიშნა 14 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საუბარია სადაზღვევო კომპანიების სახელმწიფო სოციალური პროგრამების მენეჯერებზე:

”აღნიშნულმა პირებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებითა და დამზადებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და, შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს...”

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ საზოგადოებას 14 თებერვალს ასევე აუწყა, რომ იმავე საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 7 მაღალჩინოსანი. დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებული წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულ სახელმწიფო მოხელეებს თანამდებობრივ გულგრილობაში ედებათ ბრალი.

საქმე ის არის, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან წამოსული თანხები სადაზღვევო კომპანიებს სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს გავლით მიეწოდებოდათ და, შესაბამისად, სწორედ ამ უწყებას ევალებოდა შემდგომი პროცესების კონტროლიც.
გამოძიებამ გაარკვია, რომ თანხების მიღების მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიებმა დროულად არ დაბეჭდეს სადაზღვევო პოლისები და ისინი რამდენიმეთვიანი დაგვიანებით მიაწოდეს სოციალურად დაუცველ ადამიანებს. გავრცელებული ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც დაზღვეულებს პოლისები 10-თვიანი დაგვიანებით გადაეცემოდათ.

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის თქმით, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის იმედით, საავადმყოფოებს ამაოდ აკითხავდა ჯანმრთელობის პრობლემით შეწუხებული ათასობით ადამიანი - სადაზღვევო პოლისების არარსებობის გამო საავადმყოფოებს მათთვის უარის თქმა უწევდათ.

”შესაბამისად, ისედაც შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მოუწიათ უკანასკნელი სარჩო-საბადებლის გაყიდვა და საკუთარი ჯანმრთელობის ასე დაცვა”, - აღნიშნავს დავით საყვარელიძე დანაშაულებრივი სქემით გამოწვეულ შედეგებზე საუბრისას.

სოციალურად დაუცველი ადამიანების მოტყუების ხარჯზე ნაშოვნი ფულის შესახებ პირველი ”საგანგაშო” ინფორმაცია საზოგადოებას საქართველოს კონტროლის პალატამ მიმდინარე თვის დასაწყისში მიაწოდა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008–2010 წლებში 10 სადაზღვევო კომპანიას დაახლოებით 800 000 ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 280 მილიონი ლარი, თუმცა მოსახლეობის მომსახურებაზე ამ თანხის დაახლოებით 40% დაიხარჯა, ხოლო თავად კომპანიების „მოგების მარჟამ 60%-ს გადააჭარბა“.

სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი მიდგომების გარდა, შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებს შორის „მკაცრი სახელმწიფო რეგულირების“ არარსებობაც სახელდება.
XS
SM
MD
LG