Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფასები იზრდება, მყიდველი იკლებს


თბილისის ერთ-ერთი ბაზარი
თბილისის ერთ-ერთი ბაზარი
სასურსათო პროდუქტებზე ფასები იმატებს. შარშანდელ წელთან შედარებით, ზოგიერთ პროდუქტზე ფასი 100 %-ით არის მომატებული. ამასთან, დღეს თბილისის ერთ-ერთი აგრარული ბაზრის დახლებზე ადგილობრივი პროდუქცია თითქმის არ ჩანდა.

დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ აგრარულ ბაზარში პროდუქცია საბითუმო ფასში იყიდება, ანუ აქ ბოსტნეულს, ხორცს და რძის პროდუქტებს მყიდველი რამდენიმე თეთრით იაფად ყიდულობს. შესასვლელშივე იყიდება კარტოფილი. გამყიდველი გვეუბნება, რომ კარტოფილი თურქულია:

”ქართული ძალიან ძვირია. იქვე, მარნეულში, გვთხოვენ 1,35 ლარს, მერე აქ კიდე ჩამოტანაა საჭირო. რა ღირს ტრანსპორტი, საწვავი და ერთი კილო კარტოფილი ლარ-ნახევარი ჯდება და მერე რა ფასად უნდა გაყიდო? არ გაიყიდება და თურქული კარტოფილის ასაღები ფასი არის 1 და 20 თეთრი. კარგად მაინც არ იყიდება. დღეში შეიძლება ერთი ტომარა გავყიდო, მეტი ვერა. ხალხს ისე უჭირს, მათხოვრობს. მოდიან, გვეხვეწებინ, ერთი ცალი კარტოფილი მომეცი, გაფუჭებული ხომ არ გაქვს, ის მომეცი, რო გავთალო და შევჭამო, ან ბავშვს ვაჭამოო. ხალხი მართლა ცოდოა”.

მოპირდაპირე დახლთან ყველა სახის ბოსტნეულს ყიდის სიცივისგან თავის დასაცავად საგულდაგულოდ შეფუთული გამყიდველი ქალი. ორი ქუდი ახურავს, ზემოდან კიდევ ნაქსოვი კაშნე ახვევია, ხელთათმანიდან მხოლოდ თითის წვერები უჩანს. ვეკითხებით, ადგილობრივი პროდუქტები თუ აქვს:

”ქართული რა გვაქვს? არაფერი თითქმის”.

ამ ქალბატონის შორიახლო ხახვის გამყიდველი დგას:

” ჩემი ხახვი 2 ლარი ღირს, შარშან ასეთივე 80 თეთრი ღირდა”.

ბაზარში მოვაჭრე გამყიდველებს მზარდი ფასების შემცირების საკუთარი ვერსიები აქვთ:

” ჩვენს გლეხს უნდა შეეწყოს ხელი, თორე სარწყავში რომ 45 ლარს გადაიხდის გლეხი საათში და ”სალიარკა” კიდე რა ღირს, იმ გლეხმა რა უნდა მოიყვანოს, მარა ეტყობა აწყობს მთავრობას, რო შემოტანილი მეტი იყოს, - განბაჟება, ხო იცით, რა ძვირია...”

”გახსნან საზღვარი, მოხსნან სასოფლო-სამეურნო პროდუქტებზე საბაჟო გადასახადი და კონკურენცია რო იქნება, გაიაფდება პროდუქტი. თურქეთიდან რომ შემოდის საქონელი, მოუხსნან 12%-იანი საბაჟო გადასახადი და მაშინ გასწორდება ყველაფერი...”


გამყიდველები მყიდველის ნაკლებობას ჩივიან. ამბობენ, დღის განმავლობაში ერთ ტომარა ხახვს და კარტოფილს თუ ვყიდითო. ფასების ზრდას უჩივიან მყიდველებიც:

”მარაგს ვერ ვაკეთებთ, მაგის საშუალება არა გვაქვს. ცოტ-ცოტას ვყიდულობთ იმის მიხედვით, რა თანხაც მოგვიგროვდება ოჯახში. ძალიან გაჭირდა ცხოვრება, ბავშვებს რომ ხილი უყიდო, განსაკუთრებით ვაშლი, ძალიან ძნელია. 4 და 5 ლარი ღირს ვაშლი. ზოგჯერ 2 ცალი ვაშლი მიყიდია. უნდა ბავშვს და რა უნდა ქნა...”

”კარტოფილი ვიყიდე 11 ლარის. 7 კილომდე გამოვიდა. ხახვი უნდა ვიყიდო ერთი კილო მაინც. მეტი ფული არ დამრჩა და ეს უნდა მეყოს ერთი კვირა. გაჭირვებულები ვართ, რაღაცას ვწვალობთ. სააკაშვილის დახმარება გვაქვს და იმით ვართ. ძირითადად, ვყიდულობთ ბრინჯს, მაკარონს, კარტოფილს და ხახვს და ცოტა ზეთს და ამაზე დაახლოებით 40 ლარი გვეხარჯება”.

ბოსტნეულზე გაზრდილი ფასების პარალელურად ფასებმა აიწია ბურღულეულზეც. გაძვირდა პურიც. თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი პატარა მაღაზიის გამყიდველი სხვადასხვა პროდუქტს ჩამოთვლის:

”შავი პური გაძვირდა, 90 თეთრი გახდა. თეთრი დიდი ხნის წინ გაძვირდა - 500 გრამიანი 70-80 თეთრი ღირს. ბურღულეული გაძვირდა დაახლობით 10 თეთრით. წიწიბურა 4 ლარი და 50 თეთრი ღირს. შაქარი ჯერ გაძვირდა, მერე დაიკლო ფასმა და ახლა 2 ლარი და 30 თეთრი ღირს...”

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, გასული წლისთვის დაფიქსირდა ინფლაციის პროცენტული მაჩვენებელი - 11,2% . აქედან სურსათის წვლილი 9, 5 პროცენტული მაჩვენებელი იყო.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG