Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსჯავრდებულებს „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაში“ ჩააბამენ


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც მსჯავრდებულები, საპატიმრო სასჯელის მოხდის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაებმებიან. სამინისტროს განმარტებით, ცვლილებები იმ მსჯავრდებულებზეა ორიენტირებული, რომელთაც არ ჩაუდენიათ მძიმე დანაშაული, არა აქვთ ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა და არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის საფრთხეს.

ციხეების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მონაცემებით, საქართველო პატიმრების კუთრი რაოდენობის მიხედვით, ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ხელისუფლების კრიტიკისას სწორედ ეს მონაცემები მოიშველია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტში გამართული დებატების დროს:

„საქართველოში ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 540 პატიმარია. შედარებისთვის: საშუალო ევროპული მაჩვენებელი 10-ჯერ ნაკლებია, ანუ 100 ათას მოსახლეზე 50-60 პატიმარი მოდის“.

პატიმრების რაოდენობა რომ დიდია, ამ ფაქტს არც ხელისუფლება უარყოფს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მის უწყებაში მომზადდა, მნიშვნელოვნად განტვირთავს საპყრობილეებს.

„საუბარია არასაპატიმრო სასჯელზე, ანუ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივაზე. დამნაშავე, მსჯავრდებული შეასრულებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და ამით აანაზღაურებს საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანს“, - განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ.

კანონპროექტი ამჟამად დამუშავების ეტაპზეა, მისი დასრულებული ვარიანტი კი უახლოეს მომავალში გადაეგზავნება პარლამენტს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სიახლე გავრცელდება მხოლოდ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებზე. მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ასახელებს იმ გარემოებას, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია:

„საქართველოში მოქმედმა მკაცრმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ და დანაშაულის საამაყოდ კლებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ვილაპარაკოთ ამ პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ალტერნატიული სასჯელების ძიება და გამოყენება. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არის დასავლური სტანდარტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“.

ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, მსჯავრდებულთა ნაწილი, საპატიმრო სასჯელის მოხდის ნაცვლად, მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმდება, ოღონდ შრომის ანაზღაურებას ვერ მიიღებს. სასჯელის ამგვარი ფორმის შემოღების ეფექტიანობაში ეჭვი არ ეპარება გიორგი ვაშაძეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს:

„ეს არის დანაშაულის წინააღმდეგ და არა დამნაშავის წინააღმდეგ ბრძოლა! ეს არის პრევენციაზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ დანაშაულის განგრძობადობა და მომავალში ჩადენა“.

მთავრობის ინციატივას იწონებენ პატიმართა უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ შესაბამისი ნორმა სისხლის სამართლის მოქმედ კოდექსში ჯერ კიდევ 1999 წელს ჩაიდო, თუმცა მისი ამოქმედება სხვადასხვა მიზეზის გამო დღემდე ვერ მოხერხდა.

„არ იყო მექანიზმი და რესურსი! გაურკვეველი იყო, ვის და სად უნდა დაესაქმებინა მსჯავრდებული. ამის გამო, ფაქტობრივად, მკვდარი ნორმა იყო. მისი ამოქმედება თავად პრობაციონერებისათვის იქნება კარგი, როგორც რეაბილიტაციის ქმედითი ღონისძიება. ამასთან სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვისაც“, - უთხრა ეკა ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG