Accessibility links

logo-print
ქალთა მოძრაობა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ქსელს აფართოებს. მოძრაობის მიზანია რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს მათი ორგანიზაციის მუშაობაში როგორც დევნილთა დასახლებებიდან, ისე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან.

ანალოგიური ორგანიზაცია ცხინვალშიც არსებობს. ქართველი და ოსი ქალები საზღვარგარეთ პერიოდულად იკრიბებიან ხოლმე და სამშვიდობო პოლიტიკაზე მსჯელობენ. გორში ამჟამად ქალთა მოძრაობის ერთკვირიანი ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობს. მოწვეული ექსპერტები გორელ ქალებს ლიდერობისთვის ამზადებენ, რათა შემდგომში უკვე მათ შეძლონ ორგანიზაციის ახალი წევრების მომზადება.

თამარ ნიკორაშვილი ერედვიდან დევნილია, იგი დიდი ხანია ქალთა მოძრაობასთან თანამშრომლობს. მისი აზრით, ქალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მშვიდობის მშენებლობაში და ეს რესურსი გამოსაყენებელია.

ნანა საბანაძე 90-იანი წლების კონფლიქტის დროინდელი დევნილია. ცხინვალიდან გამოსული ქალბატონი საკუთარ ადგილს ქალთა სამშვიდობო მოძრაობაში ხედავს. მისი აზრით, კარგად მომზადებული ლიდერები, რომლებიც პირდაპირ კონტაქტში შედიან მეორე მხარეს მცხოვრებ ქალბატონებთან, დიდ სარგებელს მოუტანენ კონფლიქტების მოგვარებას.

ქალთა მოძრაობის ლიდერი მანანა მებუკე რადიო თავისუფლებას იმ ამბიციური გეგმების შესახებ ესაუბრა, რაც მოძრაობაში გაწევრიანებულ ქალებს აქვთ. მისი აზრით, მოძრაობის მიერ მომზადებული ლიდერები აუცილებლად უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რათა გადაწყვეტილების პროცესში სამშვიდობო პოლიტიკის ლობირება გასწიონ.

„ჩვენ დავიწყეთ მშვიდობის მშენებლობით, გადავედით ლიდერობაზე და შემდეგ უკვე გვინდა, რომ ამ ქალებმა მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუნდაც ადგილობრივ დონეზე, და შემდეგ უფრო მაღლა და მაღლა, საპარლამენტო დონეზე. რატომაა ეს აუცილებელი? თუკი დღეს ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა და დემოკრატია მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია, მაშინ ქალების მოსვლა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ეს არის თანასწორობის ერთ-ერთი მაჩვენებელი“, - ამბობს მანანა მებუკე.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ქსელი ყოველდღიურად ფართოვდება. მშვიდობისთვის მებრძოლ მანდილოსნებს უკვე პოლიტიკური ამბიციებიც გაუჩნდათ. ჯერჯერობით მოძრაობა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც შვედური ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირი და გაერო აფინანსებენ.
XS
SM
MD
LG