Accessibility links

ლავროვის განმუხტვის ვიზიტი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორდღიანი ვიზიტი დაიწყო ბრიტანეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონსა და საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგთან გამართავს მოლაპარაკებებს. ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ბოლო ხანს დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ლავროვის ლონდონში ჩასვლამდე რუსეთის ხელსუფლება შეეცადა, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტისათვის კეთილსასურველი ფონი შეექმნა. ერთი დღით ადრე რუსეთში დაბრუნების ნება დართეს „გარდიანის“ კორესპონდენტს, ლუკ ჰარდინგს. 8 თებერვალს ის მოსკოვიდან უკან, ლონდონში, გაამგზავრეს შერემეტევოს აეროპორტის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებიც იერარქიულად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ექვემდებარებიან.

ერთი კვირის წინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყება მოითხოვდა განემარტათ მისთვის, თუ რატომ დააკავეს და გააძევეს ქვეყნიდან წამყვანი გამოცემის ჟურნალისტი, რომელმაც, „ვიკილიკსის“ მასალებზე დაყრდნობით, რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნა რუსეთს, რომელსაც რეპორტიორი მაფიოზურ სახელმწიფოდ მოიხსენიებდა.

„ვიღაც ჩემი პასპორტით გაუჩინარდა გვერდით ოთახში, შემდეგ საკმაოდ სწრაფად გამოჩნდა და მითხრა: „თქვენთვის რუსეთის ფედერაცია უკვე დაკეტილია“.

ასე აღწერდა მის ექსტრადიციას ლუკ ჰარდინგი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ამჟამად „გარდიანის“ კორესპონდენტი კვლავ მოსკოვშია. ამის თაობაზე ინფორმაცია მან კვირას დაუდასტურა „ასოშიეიტედ პრესს“. თუმცა ჰარდინგის საქმე არ არის ერთადერთი, რომელზეც, დასავლური მედიის ინფორმაციით, ლავროვს მოუწევდა განმარტების მიცემა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინსტრ უილიამ ჰეიგისა და პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონისათვის შეხვედრის დროს.

ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დაიძაბა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების, რუსეთის უშიშროების ყოფილი ოფიცრისა და კრემლის კრიტიკოსის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობისა და ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის, ახმედ ზაკაევისათვის ბრიტანეთში თავშესაფრის მიცემის გამო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი აქვს, ჩვენ არ გვაშინებს რუსეთის მინისტრსა და რუსეთის ხელისუფლებასთან იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებზეც ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებით და არ ვეთანხმებით - კატეგორიულად“, - განაცხადა თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა.
XS
SM
MD
LG