Accessibility links

logo-print

გაავსებს თუ არა 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი კალათს


თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

11 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გაახმაურა: 20 ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერის შემდეგ, მოსახლეობას ერთჯერადი 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი დაურიგდება. ვაუჩერის დარიგების მექანიზმზე, რომელიც, დაპირებისამებრ, მარტში უნდა გაიცეს, ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ, თუმცა, მათი განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს დღეებში დეტალებიც ცნობილი გახდება. რას ფიქრობენ ეკონომისტები და რიგითი მოქალაქეები პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე?

”ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ თენდება დილა დედისათვის, რომელსაც ყოველი თეთრი გაწერილი აქვს, თუ როგორ დახარჯოს ფული ისე, რომ გადააგოროს ერთი დღე და აღმოაჩენს, რომ ერთი კილო შაქარი, ლარ-ნახევარის ნაცვლად, სამ ლარამდეა გაძვირებული...”

ალბათ, ამ დღეებში დაზუსტდება შინაარსი, დარიგების მექანიზმები, კონტინგენტი. გადაწყდება, საყოველთაოდ, ყველა ოჯახს დაურიგდეს ვაუჩერი თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ...
აი, მაგალითად, 55 წლის დიასახლის მაიას ერთი წუთითაც კი არ სჭირდება დაფიქრება იმისათვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დახატული საკმაოდ დრამატული კადრები წარმოიდგინოს, რადგან მაია მსგავსი კადრების ერთ-ერთი მთავარი გმირია:

”- შვიდნი ვართ. რა უნდა ვიყიდო?
- რა მოგივათ 30 ლარად?
- ერთი კილო ხორცი მომივა, კარტოფილი, ხახვი, პური”...

ორი პური, სამი სტაფილო, ერთი ზეთი, ცოტა მწვანილი, ერთი კარაქი, 600 გრამი ყველი, ერთი ხაჭო, ერთი კილო შაქარი, კარტოფილიც - ერთი კილო. ესეც 30 ლარი. არა, საერთოდ, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, ნათქვამია. ამიტომ პრეზიდენტის ახალი ინიციატივა ერთჯერადი 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგების შესახებ შესაძლოა მისასალმებელიც კი იყოს. თუმცა ის უფრო მისასალმებელი იქნებოდა, დახმარება არ სჭირდებოდეს მოსახლეობასო, ამბობენ რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერებიც მიიღეს.

30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგების მექანიზმზე, რომელიც, დაპირებისამებრ, მარტში უნდა გაიცეს, ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ, რადგან ჯერ იყო პრეზიდენტის - სიტყვა კი არა - იდეა და, შესაბამისად, განხორციელების გზებზე სწორედ ახლა მიმდინარეობს მუშაობა.

კურსი, რომელიც ახლა ხორციელდება, ანუ სახელმწიფო ეხმარება ყველას, ჩემი აზრით, ამ რესურსების არასწორად გამოყენებაა ...
”ალბათ, ამ დღეებში დაზუსტდება შინაარსი, დარიგების მექანიზმები, კონტინგენტი. გადაწყდება, საყოველთაოდ, ყველა ოჯახს დაურიგდეს ვაუჩერი თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. შეიძლება ის უფრო მართებულია, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცეს ვაუჩერი. ისიც შესაძლებელია, რომ კონკრეტულად ამ პროექტისათვის რაიმე სხვა ტიპის ბაზა შეიქმნას”, - ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი.

გიგი წერეთლის თქმით, დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება და, შესაბამისად, საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, სასურსათო ვაუჩერების განაღდება მოსახლეობას ბანკებში შეეძლება, თუმცა რომელი ბანკები მოემსახურებიან მოქალაქეებს, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ვაუჩერების საყოველთაო დარიგებას არასწორად მიიჩნევს და ამბობს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები გაცილებით ლოგიკურად შეიძლება დაიხარჯოს:

”კურსი, რომელიც ახლა ხორციელდება, ანუ სახელმწიფო ეხმარება ყველას, ჩემი აზრით, ამ რესურსების არასწორად გამოყენებაა, რადგან აღნიშნული 30 მილიონი ლარით შესაძლებელი იქნებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფრო მეტი თანხა გადასცემოდათ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს თანხა უნდა მიეცეს მხოლოდ მათ, ვისაც უჭირს.”

მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ხელისუფლება ვაუჩერის საყოველთაო დარიგებით საზოგადოების კეთილი ნებისა და გულისხმიერების გაღვივებაზეც ზრუნავს. შენ არ გჭირდება ვაუჩერი? მაშინ იმას მიეცი, ვისაც სჭირდება. თუმცა მსგავსი ზრუნვა მიუღებლად მიაჩნია ეკონომიკის დამოუკიდებელ ექსპერტს დემურ გიორხელიძეს:

”მილიონერსაც თუ უნდა მისცენ ვაუჩერი და ღარიბსაც, საინტერესოა, ეს რა ტიპის დახმარებაა. როგორ იქცევიან ჩვენი მაღალჩინოსნები? მიდიან სოციალურად დაუცველ ოჯახებში და სახალხოდ გადასცემენ მათ ამ ვაუჩერებს, ისინიც მადლობას უხდიან. განა შეიძლება ადამიანების ასე დამცირება? უკეთესი იქნებოდა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის არა 30 ლარი, არამედ, მაგალითად, 150 ლარი დაერიგებინათ და მსგავსი დახმარება გაცილებით გამართლებული იქნებოდა.”

საინტერესოა, რას ფიქრობენ პრეზიდენტის ამ ახალ ინიციატივაზე პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების ზრუნვის ობიექტები, ანუ რიგითი მოქალაქეები. რადიო თავისუფლება ხმებს აგროვებს:

- ერთი იმათ მივცეთ ის 30 ლარი და ვნახოთ ერთი რას იზამენ.
- ისეთი დიდი პრობლემებია, რომ 30 ლარი რას დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს?
- ოჯახისათვის ეს არის ერთი სადილი და მეტი არაფერი.
- ალბათ, რაღაცაში წამადგება. კი, კი, გამომადგება.
XS
SM
MD
LG