Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავისუფლების დაღმასვლა


ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი განაგრძობს იმის მტკიცებას, თითქოს უკრაინის პოლიტიკური სისტემა არ გადაიქცევა მთლად ავტორიტარულ სისტემად, როგორც ბელორუსია და რუსეთი, არამედ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი შეანელებს საკუთარ ავტორიტარულ მისწრაფებებს და სისტემა დასტაბილურდება როგორც ნახევრად ავტორიტარული. თუმცა არსებობს ალტერნატიული მოსაზრება, რომ უკრაინის თავისუფლების დაღმასვლა შეუქცევადად გაგრძელდება და ქვეყანა მიიღებს არათავისუფალი, ავტორიტარული სახელმწიფოს სტატუსს, რაც უკრაინას არ ჰქონია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ამ საკითხებზე მსჯელობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ტარას კუზიო.

პრეზიდენტის ოფისში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტი იანუკოვიჩი, ავტორიტარიზმის თვალსაზრისით, კიდევ უფრო შორს წავიდა, ვიდრე ლეონიდ კუჩმა 10 წლის მანძილზე. ორივე ადმინისტრაციას ჰყავდა პოლიტიკური პატიმრები. კუჩმას დროს, 2001 წლის ამბოხში მონაწილეობის გამო, საპატიმროში იმყოფებოდნენ ორგანიზაცია „უნა-უნსოს“ (უკრაინის ნაციონალური კრების - უკრაინის სახალხო თავდაცვის ძალების) წევრები, იანუკოვიჩის დროს კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოსა და მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ხოლო ზოგიერთი დაპატიმრებულია.

იანუკოვიჩმა ასევე აღადგინა ლეონიდ კუჩმას დროს არსებული არჩევნების გაყალბების პრაქტიკა. გასული წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნები უკრაინაში გაყალბდა, მაშინ როცა, საყოველთაო რწმენით, თავისუფალი და მაღალი დონის დემოკრატიული არჩევნები სამჯერ ჩატარდა უკრაინაში - 2006, 2007 და 2010 წლებში, იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს.

2006-07 და 2010 წლების პარლამენტებში კუჩმაც და იანუკოვიჩიც ცდილობდნენ მოსყიდვისა და შანტაჟის გზით გადაებირებინათ დეპუტატები, რათა დაეშალათ მმართველი კოალიცია და შეექმნათ საკუთარი. იანუკოვიჩის კოალიციის რიგებში ყოველთვის შედიოდნენ უკრაინის კომუნისტური პარტიის დეპუტატები, რომლებიც ანტიდასავლურ და ანტირეფორმისტულ ძალებს წარმოადგენენ.

იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში შეინიშნება რეგრესი ეროვნული თვითმყოფადობის საკითხშიც. კომუნისტურმა პარტიამ და იანუკოვიჩის რეგიონთა პარტიამ გააუქმეს 2006 წლის კანონი ე.წ. გოლოდომორის (მასობრივი შიმშილობის) თაობაზე და, თანაც, ეს მოხდა 2010 წლის 25 თებერვალს, იანუკოვიჩის ინაუგურაციის დღეს.

პირველად ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უკრაინის პარლამენტი გადაიქცა შტამპის დამსმელ ინსტიტუციად იანუკოვიჩის ხელში, რადგან ლეონიდ კუჩმასაც კი არასოდეს ჰყოლია ასეთი სტაბილური უმრავლესობა. იანუკოვიჩის „სტაბილურობისა და რეფორმების კოალიციის“ შემადგენლობა, ოპოზიციიდან 50 დეპუტატის გადაბირების ხარჯზე, 260-ს აღწევს.

სასამართლო ხელისუფლებაც უკრაინაში უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე კუჩმას დროს იყო. ვასილ ონოპენკომ, იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ, „კიევ პოსტს“ უთხრა“, რომ „სასამართლოებმა და მოსამართლეებმა, როგორც მართლმსაჯულების შტოებმა, დამოუკიდებლობა დაკარგეს. ეს კი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის უფლებების სასამართლოს გზით დაცვის მხრივ.“

ტარას კუზიოს შეფასებით, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სასამართლო ხელისუფლების მარგინალიზება მოახდინა, რაც პირად შურისძიებას წარმოადგენს 2004 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებისათვის, რითაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა იანუკოვიჩის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდში. 11 თებერვალს „ბიბისისთან“ ინტერვიუში ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმეორა, რომ „უზენაესმა სასამართლომ 2004 წელს დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც გაუუქმა მას „თავისუფალი არჩევნების“ შედეგად მოპოვებული გამარჯვება.“

როგორც კუჩმას, ისე იანუკოვიჩის დროს ე.წ. ძალოვანი სამინისტროები - უშიშროების სამსახური (ესბეუ), შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგადასახადო სამსახური - პოლიტიკური ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გამოიყენება.

1990-იან წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო ექვემდებარებოდა დემოკრატიულ კონტროლს, ვიდრე დღეს. მაშინ შინაგანი ჯარები სამინისტროს გამოეყო და ეროვნულ გვარდიად გადაკეთდა, მაგრამ 2000 წელს ეროვნული გვარდია ისევ შეუერთეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იგი გადაიქცა პრეზიდენტის ერთგვარ პრეტორიანულ გვარდიად. 2004 წლის 28 ნოემბერს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შინაგან ჯარს უბრძანა ძალის გამოყენებით ჩაეხშო ნარინჯისფერი რევოლუცია, მაგრამ ისინი უკრაინის არმიამ უკან გააბრუნა.

კუჩმას მმართველობის დროს საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმემ, როდესაც გამომჟღავნდა იმ საუბრის ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, პრეზიდენტი კუჩმა შინაგან საქმეთა მინისტრ იური კრავჩენკოს უბრძანებს სასტიკად სცემონ ჟურნალისტს. ნაკლებად ცნობილია 2001 წელს ჟურნალისტ იგორ ალექსანდროვის მკვლელობა დონეცკში, როდესაც იანუკოვიჩი რეგიონის ხელმძღვანელი გახლდათ.

გასულ თვეში „ვაშინგტონ პოსტი“ შეეკითხა პრეზიდენტ იანუკოვიჩს ხარკოველი გამომცემლის, ვასილი კლიმენტიევის თაობაზე, რომელიც გაუჩინარდა, როცა იანუკოვიჩი 7 თვის არჩეული იყო. „მსოფლიოში ბევრი ჟურნალისტი იკარგებაო“, - უდარდელად მიუგო იანუკოვიჩმა.

ცენზურა მედიაზე არსებობდა კუჩმას დროსაც, მაგრამ სიტუაცია ამჟამად უკრაინაში კიდევ უფრო უარესადაა, - წერს ტარას კუზიო. იანუკოვიჩისგან განსხვავებით, კუჩმას არ შეეძლო უპირობო ცენზურა დაეწესებინა მედიაზე, რადგან ოპოზიცია ძლიერი იყო როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ, და არსებობდა პლურალიზმი პოლიტიკურ ელიტაში.

ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ დასავლეთისგან ფულით ნაყიდი „დაქირავებულები“ უარყოფითად აშუქებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ხოლო ჩეხეთის მთავრობამ ქრთამის საფასურად მისცა პოლიტიკური თავშესაფარი უკრაინის ყოფილ ეკონომიკის მინისტრს, ბოჰდან დანილიშინს.

იანუკოვიჩს არ სურს აღიაროს, რომ მისი მმართველობის დროს ადგილი აქვს დემოკრატიის დაღმასვლას, რითაც იგი ჰგავს კუჩმას. თუმცა ხუთ პუნქტში - პოლიტიკური რეპრესიები, პარლამენტის თავისუფლება, მედიის ცენზურა, ძალოვანი უწყებების გამოყენება და არჩევნების ხარიხი - დემოკრატიული რეგრესი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე კუჩმას დროს იყო. და თუ დაღმასვლა ასე გაგრძელდა, ასკვნის ტარას კუზიო, უკრაინას ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლოსათვის ისევე ემუქრება გადაქცევა არათავისუფალ ქვეყნად, როგორც ყირგიზეთს, რომელმაც 2005 წლის „ტიტების რევოლუციის“ შემდეგ „ნახევრად თავისუფალის“ სტატუსი დაკარგა და 2010 წელს „არათავისუფალი“ ქვეყნების რიგებში დაიმკვიდრა ადგილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG