Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვმა ლონდონთან „ცხელი ხაზი“ დაამყარა


უილიამ ჰეიგი (მარჯვნივ) და სერგეი ლავროვი
უილიამ ჰეიგი (მარჯვნივ) და სერგეი ლავროვი
ბრიტანეთში დასრულდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ორდღიანი ვიზიტი. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს ბრიტანელ კოლეგას შეხვდა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე დიპლომატიურად აუარეს გვერდი რუსი ჯაშუშების საკითხს, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობას და ბრიტანეთში მყოფი ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის, ახმედ ზაკაევის, ექსტრადიციას, რაზეც რუსეთი ძალას არ იშურებს. თუმცა პრესკონფერენციაზე უილიამ ჰეიგმა არ დამალა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს უთანხმოებაც და საერთო ინტერესებიც:

„ დიახ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს რამდენიმე სერიოზული უთანხმოება. ჩვენი თვალსაზრისები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ როგორც ეს დღეს მოხდა, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ვიმსჯელოთ იმაზე, რაშიც არ ვთანხმდებით. ეს არ აფერხებს ვიმუშაოთ ერთად ყველა იმ სფეროში, რომლებიც ორივე ქვეყნისათვის სარგებლის მომტანია.“

ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საფუძველი ჩაეყარა
კრემლსა და დაუნინგ სტრიტს შორის „ცხელ ხაზს“, რომლის კულმინაციაც იქნება დევიდ კამერონის მოსალოდნელი ვიზიტი მოსკოვში:

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ არსებული ეტაპი რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობაში - მათ შორის, მიმდინარე წლის კულმინაცია, რუსეთის ფედერაციაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი - აღინიშნოს ჩვენი ურთიერთობის ახალ ხარისხში, კონსტრუქციულ ხარისხში, სანდო პარტნიორობის ხარისხში გადასვლით და გავაკეთოთ ისე, რომ ეს ურთიერთობა სტრატეგიულად სტაბილური იყოს.“

ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვი ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რევოლუციები კონტრპროდუქტიულია. რაც შეეხება ირანისათვის სანქციების დაწესებას, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სანქციებს, რომლებიც სოციალურ ვითარებას გაამწვავებს ირანში, რუსეთი მხარს არ დაუჭერს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG