Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს მოუწოდებენ არ შეავიწროოს მშვიდობიანი დემონსტრანტები


საპროტესტო აქცია ირანში
საპროტესტო აქცია ირანში
ევროკავშირი და აშშ ირანს მოუწოდებენ ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს საშუალება მისცეს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ამ მოწოდების ფონია თეირანში ორშაბათს მომხდარი შეტაკებები დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. ნიშანდობლივია, რომ წელიწადზე მეტია ირანში ორშაბათის მსგავსი მასშტაბური საპროტესტო აქცია არ ჩატარებულა.

ევროკავშირი და აშშ ირანის მთავრობას მოუწოდებენ თავი შეიკავოს დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებისგან და დაიცვას მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლება.

ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ორშაბათს თეირანში შეტაკებები მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. აქცია, რომელიც ირანისთვის წელიწადზე დიდი დროის განმავლობაში ყველაზე მასობრივი იყო, ეგვიპტესა და ტუნისში ახლახან მომხდარი ამბოხებებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გაიმართა. გავრცელებული ცნობებით, შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებული და დაპატიმრებულია ათობით ადამიანი.

სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი, ირანის მთავრობას მოუწოდებს „ბოლომდე პატივი სცეს და დაიცვას“ თავისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები - მათ შორის, გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებები.

ამ განცხადების გავრცელებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ირანელი დემონსტრანტების „სიმამაცესა“ და „მისწრაფებებზე“ ისაუბრა და ქვეყნის მთავრობას მოუწოდა ეგვიპტის მაგალითს მიბაძოს და პოლიტიკურ სისტემაში ღიაობა შეიტანოს.

საინტერესოა, რომ ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარ ამბოხებებს ირანში ხელისუფლებისა და მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალების წარმომადგენლები სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევენ.

ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ ამ ქვეყნებში სეკულარული, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მმართველების ჩამოგდებას „ისლამური გამოღვიძება“ უწოდა, ირანში 1979 წელს მომხდარი რევოლუციის მსგავსი, რამაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი შაჰის დამხობა მოიტანა. ამ აზრს იზიარებს პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადიც,რომელიც ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში განახლება იწყება და ამ რევოლუციების შემდეგ რეგიონში აშშ-ს აღარ დაედგომება.

საპირისპიროს ამტკიცებს ირანის ოპოზიცია. მათი აზრით, ეგვიპტე და ტუნისი რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მათ გამოცდილებას ეხმიანება, კერძოდ კი, 2009 წლის ივნისში მომხდარ საპროტესტო გამოსვლებს, რაც, ოპოზიციის განცხადებით, მაჰმუდ აჰმადინეჟადის სასარგებლოდ გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა.

ამ ვითარებას სამშაბათს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, იეჟი ბუზეკი, განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, ირანში მიმდინარე აქციები მოწმობს, რომ ირანელ ხალხს, ეგვიპტელი და ტუნისელი ხალხის მსგავსად, თავისუფლება სურს. „ირანის რეჟიმის განცხადებების მიუხედავად“, - ამბობს ბუზეკი, - „ეგვიპტესა და ტუნისს არ სურთ 1979 წლის ისლამური რევოლუციის მაგალითს მისდიონ.“

ეგვიპტის მოვლენების მიმართ ირანის ხელისუფლების პოზიციის შესახებ ჰილარი კლინტონმაც ისაუბრა ტელეკომპანია ალ-ჰურასთვის მიცემულ ინტერვიუში. „ჩემი აზრით, დიდი ირონიაა იმაში, რომ ირანი ვიღაცისთვის დემოკრატიის სწავლებას ცდილობს. რევოლუციის მნიშვნელობის მოტაცებაზე თუ ვლაპარაკობთ, ამის პირველი მაგალითი ირანია. რასაც ირანი თავის ხალხს უშვრება, - ახლაც, ამ წუთებშიც, როცა დემონსტრანტები ცდილობენ ქვეყანას თავიანთი ხმა გააგონონ და ამ დროს მათ სასტიკად უსწორდებიან უსაფრთხოების ძალები, - არა მგონია, რომ ვინმემ ახლო აღმოსავლეთში - ან თუნდაც მსოფლიოში - ირანი თავისთვის მაგალითად აღიქვას“, - განაცხადა კლინტონმა და დასძინა: „მსგავსი სიტუაციის ქონა არავის უნდა - როცა, ფაქტობრივად, სამხედრო დიქტატურაა დამყარებული, თეოკრატიული საფარველით, რომელიც არ ეხმიანება ირანელი ხალხის უნივერსალურ ადამიანის უფლებებს. ამდენად, არა მგონია, ირანისგან დემოკრატიის თვალსაზრისით რაიმე სასარგებლოს გაგება ან ხილვა შევძლოთ.“

თუმცა, სავარაუდოდ, ირანის ხელისუფლება არ აპირებს დასავლეთის მოწოდებების გათვალისწინებას. ეს კარგად ჩანდა განცხადებაში, რომლითაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რამინ მეჰმანპარასტი, სამშაბათს გამოვიდა:
„ჩვენი აზრით, რეგიონის ყველა ქვეყანა იზიარებს სურვილს, რომ რეპრესიული ქვეყნები მათ საქმეებში არ ჩაერიონ - განსაკუთრებით სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დარღვევებისა და უკანონობის გათვალისწინებით - და შეწყდეს აშშ-ზე, სიონისტურ რეჟიმებსა და მათ მომხრეებზე დამოკიდებულად ყოფნა.“

სამშაბათს თეირანის და სხვა ქალაქების ქუჩებში ჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევდა - საპროტესტო აქციები არ გაგრძელებულა. თუმცა ორშაბათს, როგორც ვთქვით, ქვეყანაში წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქციები გაიმართა.

ათასობით დემონსტრანტი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვიროდა. აქციის ცენტრად გამოცხადებული აზადის - ანუ თავისუფლების - მოედნისკენ მიმავალ დემონსტრანტებს გზა უსაფრთხოების ძალებმა მოუჭრეს. ისინი ჰაერში ისროდნენ და აქციის დასაშლელად ცრემლმდენ გაზს იყენებდნენ. გავრცელებული ცნობებით, შეტაკებებს ერთი კაცი ემსხვერპლა. დაშავებული და დაპატიმრებულია ათობით ადამიანი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ლიდერებს - მირ ჰუსეინ მუსავის და მეჰდი ქარუბის - სახლების დატოვებისა და აქციებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მათი სატელეფონო ხაზებიც გადაჭრეს.

სამშაბათს ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტომ - ირნამ - გაავრცელა ცნობა, რომ ირანში პარლამენტარები მუსავის, ქარუბის და ყოფილი პრეზიდენტის - ამჟამად ოპოზიციის მომხრე მოჰამად ხათამის - სიკვდილით დასჯის მოწოდებით გამოვიდნენ.

ირანის ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები მონაწილეობენ დასავლეთის გეგმაში, რომლის მიზანიც ირანში ისლამური სისტემის გადატრიალებაა. მუსავი და ქარუბი ბრალდებას უარყოფენ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG