Accessibility links

logo-print

ლიბიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა


ლიბიიდან გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიში. თვითმხილველების და ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციასთან და მთავრობის მომხრეებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, ადგილობრივი უფლებადამცველის დაპატიმრებას მოჰყვა. ახლა ქალაქში სიმშვიდეა, წუხელ კი ასობით დემონსტრანტი იყო შეკრებილი. მათ ქვები და საწვავით სავსე ბოთლები ჰქონდათ და ცეცხლს უკიდებდნენ ავტომანქანებს. ადგილობრივი გაზეთის ცნობით, პოლიციასთან შეტაკებაში დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის 10 პოლიციელი. ლიბიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დედაქალაქ ტრიპოლისა და რამდენიმე სხვა ქალაქში დღეს ჩატარდა ლიბიის ლიდერის, მუამარ გადაფის მხარდამჭერი დემონსტრაციები. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი გამოვიდა მოწოდებით, რომ დემონსტრანტებს მიეცეთ მშვიდობიან აქციებში მონაწილეობის უფლება. „ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ყური დაუგდოს ყველას, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, აგრეთვე იმას, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ამბობს და დაუშვას გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ გამოვდივართ აგრეთვე სიმშვიდისაკენ და ყოველგვარი ძალადობისთვის თავის არიდებისაკენ მოწოდებით“.
განაცხადა ეშტონის პრეს-მდივანმა, მაია კოჩიანჩიჩმა. ლიბიაში არეულობის შესახებ ინფორმაციის ფონია საპროტესტო გამოსვლები მთელს რეგიონში. ლიბიის ლიდერი, მოამარ კადაფი აფრიკის ლიდერებს შორის ყველაზე დიდხანს, 40 წელიწადზე მეტია, დგას ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG