Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონმა სამოქალაქო საზოგადოების კითხვებს უპასუხა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მსოფლიოს 20 ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს სახელმწიფო დეპარტამენტის ბენჯამინ ფრანკლინის დარბაზიდან უპასუხა.

ვიდეოკონფერენცია (Webcast), რომლის ინიციატორიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იყო, თბილისის დროით 19 00 საათზე დაიწყო და ორ საათს გაგრძელდა. მასში საქართველოში მოღვაწე 30-მდე ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.

მთავრობებს, რომლებიც ახორციელებენ დემოკრატიულ ცვლილებებს, აქვთ გამჭვირვალე ეკონომიკა, შეუძლიათ ამერიკა მეგობრად იგულონ ...
ამერიკის საელჩოში ვიდეოკონფერენცია, სახელწოდებით ”სტრატეგიული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან”, საღამოს შვიდ საათზე დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, 20 ქვეყნის ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიმართავდა შეკითხვებით. ჰილარი კლინტონმა თავისი გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ბოლო დროს ეგვიპტესა და ტუნისში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ამერიკის მთავრობა ასეთი დიალოგის აუცილებლობაში:

”ეს პირველი შემთხვევაა ასეთი სტრატეგიული დიალოგისა, რომელიც არასამთავრობო ჯგუფებთან იმართება. მაგრამ ჩვენ ვიცით რა სარგებელი ექნება ასეთ დიალოგს. ის დაანგრევს ბარიერებს ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ეს დიალოგი თანამშრომლობის ჩვევებს გააჩენს, რაც გაზრდის ურთიერთგაგებას და პრაქტიკულ შედეგებზეც აისახება. ეს დიალოგი გაგვიადვილებს რეალური პრობლემების დანახვას და რეალური მიზნების დასახვას.”

ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც ამერიკის მთავრობის ინიციატივით დაიგეგმა, სახელმწიფო მდივანმა სამოქალაქო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

„მთავრობებს, რომლებიც ახორციელებენ დემოკრატიულ ცვლილებებს, აქვთ გამჭვირვალე ეკონომიკა, შეუძლიათ ამერიკა მეგობრად იგულონ. ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას და თანამშრომლობას მთავრობის გარეთაც. როგორც მე გასულ თვეში მიუნხენში გამოსვლისას აღვნიშნე, დემოკრატიისკენ სვლა უნდა იყოს მშვიდობიანი და მუდმივი პროცესი, რომელშიც როგორც მთავრობა, ისე არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს ჩართული. სამოქალაქო საზოგადოება აიძულებს მთავრობას იყოს მის მიმართ ანგარიშვალდებული, პატიოსანი და, რაც მთავარია, იმუშაოს უფრო ეფექტურად. თქვენ კიდევ უფრო დიდი როლი გაკისრიათ -
თქვენი საქმიანობით ნდობას განამტკიცებთ, რაც მეტად არსებითია დემოკრატიისათვის.”

ვიდეოკონფერენციას ესწრებოდა 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაც. ყველა მათგანს სახელმწიფო მდივანთან კონკრეტული კითხვა ჰქონდა. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის კითხვა ასე ჟღერდა:

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორისადმი; ასევე ის, რომ საქართველოს შეკითხვას გაეცა პასუხი ...
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გარკვეულწილად, დემოკრატიული ღირებულებები და კანონის უზენაესობა ეწირება. რადგან ამერიკა ორივე საკითხში წარმატებული ქვეყანაა, სახელმწიფო მდივანს გვინდა ვკითხოთ, ეს ნორმალური პროცესია თუ არა და რა დოზით შეიძლება ამ ღირებულებებიდან შეეწიროს ერთ-ერთი მეორეს ან, საერთოდ, დასაშვებია თუ არა ეს.”

ამ შეკითხვას აშშ-ის საგანგებო ელჩმა ქალთა გლობალურ საკითხებში მელანი ვერვეერმა ასე უპასუხა:

”თუ თქვენ არ გექნებათ კომბინაცია მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და არ ააშენებთ ისეთ ეკონომიკას, რომელშიც კერძო სექტორი თავისუფლად იქნება ჩართული, თქვენ ვერ გექნებათ მდგრადი ეკონომიკური წინსვლა, რისი ხილვაც ჩვენ ასე გვსურს.”

ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს პასუხი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

”პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორისადმი; ასევე ის, რომ საქართველოს შეკითხვას გაეცა პასუხი და ითქვა ის, რასაც, პრინციპში, ველოდით - რომ დემოკრატიული ღირებულებები და კანონის უზენაესობა მთავარი ღირებულებებია და ეკონომიკური განვითარების პროცესში სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს გამჭვირვალობას.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურისთვის კი მნიშვნელოვანი იყო ის მესიჯი, რომელიც ჰილარი კლინტონმა სამოქალაქო საზოგადოებას და, ამასთანავე, კონკრეტული ქვეყნების მთავრობებს გაუგზავნა და რომელიც სწორედ არასამთავრობო სექტორის როლს ეხებოდა.

ქართული არასამთავრობო სექტორის შეკითხვების საკმაოდ გრძელ ჩამონათვალს შორის მოხვდა შეკითხვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლება, სასამართლო რეფორმა, დევნილების გამოსახლების პროცესი. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა დროის სიმცირის გამო, ცხადია, ვერ მოხერხდა - ვიდეოკონფერენცია ორ საათს გაგრძელდა. თუმცა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო მდივანი მათ კითხვებს აუცილებლად გაეცნობა, რაკი ისინი ინტერნეტით გაიგზავნა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG