Accessibility links

logo-print
ზოგჯერ, კომპოზიტორი უაღრესად ღრმა იდეას ჩადებს თავის ნაწარმოებში - მუსიკის ენით საკრალურ, იდუმალ და სათუთ თემებზე შეეცდება მსმენელთან საუბარს, მაგრამ, უეცრად, გამოჩნდება ვიღაც აგრესიული დილეტანტი და ამ იდეებს თავისი მეტად მდაბალი და - მოდი, პირდაპირ ვთქვათ - ვულგარული მიზნებისთვის გამოიყენებს. მარტივად: რომელიმე კომპოზიტორის ოფლითა და სისხლით გამომდნარ შედევრს სარეცხის ფხვნილის რეკლამის მუსიკად გამოიყენებს (და მერე, როცა კი ამ ჰანგებს გაიგონებ, ყოველთვის სარეცხი და მასთან დაკავშირებული ფხვნილეულობა გაგახსენდება), ზოგსაც კი რაიმე გამაწითლებელი, გასართობი ტოქშოუს საილუსტრაციო "ქუდად" მოკლავს...

ასე ხდება დიდ მუსიკალურ იდეათა პროფანაცია: კომპოზიტორი, როგორც იტყვიან, ვარსკვლავებთან შეთამაშებას ცდილობს, პოპ-კულტურის რომელიმე ენერგიული მოციქული კი მის ნახელავს საღეჭი რეზინის ან - კიდევ უფრო უარესი - გასახდომი ქამრის რეკლამამდე დაიყვანს. შესაბამისად, ძალიანაც რომ მოინდომო, აღქმულ მუსიკაში არა მის პირველად "შინაარსს", არამედ მისგან წარმოქმნილ "ხატებას" გაიგონებ. ასე ვთქვათ, ბგერით სტერეოტიპს.

მოდი, დღეს ამგვარად მოკლულ მუსიკალურ იდეებს დავუთმოთ ჩვენი დრო.

გითხრათ, რატომ მძულს გასართობი გადაცემა "სად, რა, როდის"? იმიტომ რომ, აგერ უკვე წლებია რიჰარდ შტრაუსის გენიალური სიმფონიური პოემის, "ასე იტყოდა ზარათუსტრას" დასაწყისის პროფანაციით გახლავან დაკავებულები. კომპოზიტორი ნიცშეს ზეკაცზე გველაპარაკება, ესენი კი, უკაცრავად პასუხია და, ლაზღანდარაობისთვის ემზადებიან. ზარათუსტრას რიცხვი - 13-ია. ლიტავრებიც სამგზის ცამეტჯერ გვაუწყებენ ზარათუსტრას დაბადებას... შედეგად კი არც არავინ იბადება, ერთი ჩვეულებრივი, ყოფილსაბჭოური გადაცემა იწყება მხოლოდ.

აბა, ახლა ვცადოთ და იქნებ მოახერხოთ ამ მუსიკაში კომპოზოტორის ჩანაფიქრის გაგონება?

ჯოაკინო როსინიმ ვილჰელმ ტელის მომავალ გამარჯვებათა უვერტიურად ისეთი მუსიკა შექმნა, დღემდე ჟრუანტელი რომ გივლის მისი გაგონებისას. მაგრამ რად გინდა! ვილჰელმ ტელი ვიღას ახსენდება - ეს მუსიკა დღეს მხოლოდ გაქცევებსა და დევნებს ილუსტრირებს: მულტფილმი არ გადაღებულა, სადაც კატა თაგვს, ან ძაღლი კატას არ მისდევდეს და ეს მუსიკა არ ჟღერდეს; ან პოლიციელი ყაჩაღს. შენც ისმენ ამ ჰანგებს და მხოლოდღა ვირთაგვები, კრიმინალები და სიმსუქნის გამო მძიმედ და ხვნეშა-ხვნეშით მორბენალი პოლიციელები გახსენდება... ამ დროს, თვალწინ მეამბოხე ვილჰელმ ტელი უნდა გედგას (ან, ჰა, თუნდაც მისი თავზე ვაშლჩამოდებული შვილი) და შვეიცარიის მთებიდან დაბერილი ქარების ხმაური გესმოდეს...

კარლ ორფის "O, fortuna”-ს (მისივე Carmina Burana-დან) უკვე ათწლეულებია კლავენ (და მაინც ვერ სპობენ) გაკოტრებად ბანკთა რეკლამებში თუ პაპსა-თრილერებში. ხალხი, რომელიც თითქოსდა ბრეიგელის ან ბოსხის ნახატებიდან გვიმღერის თავის უხამს, საშიშ და გროტესკულ სიმღერებს, ტელევიზიამ და კინომ ბანალური აპოკალიფსისების ან ფულთა საცავების ჰიმნად აქცია. ამ დროს, როგორი მუსიკაა... თმას ყალყზე დაგიყენებს...

მოდი, ჩავთვალოთ, რომ ჩემმა დღევანდელმა გადაცემამ მცირე ომი გამოუცხადა მაღალ იდეათა შემარყვნელ, არაჰიგიენურ სტერეოტიპებს. ჯერი თქვენზეა.

დასასრულს კი - შეპირებული ორფი. ახლა ხუთი საუკუნის წინანდელი სტუდენტები მოგვითხრობენ თავიანთ ამბებს.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG