Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია


საქართველოს პარლამენტთან ერთად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შედგენის პროცესში ოპოზიციური პარტიების ნაწილიც ჩაერთვება. ამასთან, საუბარი არაა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციაზე. „ახალი მემარჯვენეები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მზად არიან პარლამენტსა და უშიშროების საბჭოს საკუთარი რჩევები და მოსაზრებები მიაწოდონ.

მთავარი არის ის, რომ კონცეფცია, რომელიც უნდა დაამტკიცოს ერთი მოსმენით პარლამენტმა, განიხილება საჯაროდ, ყველა პარტიის მონაწილეობით ...
საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება იმაზე, რომ ეროვნული უსაფრთხოების მოქმედი კონცეფცია და საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ვერ პასუხობენ დროის მოთხოვნას და საჭიროა მათში არსებითი ცვლილებების შეტანა. ამასთან, უშიშროების საბჭოსა და პარლამენტში აცხადებენ, რომ კონცეფციის შექმნის პროცესში ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ ექნება ფორმალური ხასიათი. მათი თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას მიეცემა საშუალება თავიდანვე ჩაერთოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ეს შეთავაზება უკვე მიიღეს პარლამენტში წარმოდგენილმა ოპოზიცურმა პარტიებმა. ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის გია თორთლაძის თქმით, დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ნდობის ჯგუფის წევრები, ასევე საპარლამენტო კომიტეტები:

„მთავარი არის ის, რომ კონცეფცია, რომელიც უნდა დაამტკიცოს ერთი მოსმენით პარლამენტმა, განიხილება საჯაროდ, ყველა პარტიის მონაწილეობით. ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, დეოკუპაციაა, რუსეთიდან მომდინარე ახალი საფრთხეები, ეკოსაფრთხეები, დემოგრაფია და სხვა.“

უსაფრთხოების კონცეფციის განახლების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანას აპირებენ თავისუფალი დემოკრატები, რომლის გამგეობის წევრი ლევან იზორია პირველ ეტაპზე სამუშაო დოკუმენტის გაცნობას ითხოვს.

ლევან იზორიას მსგავსად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის დეტალებს არც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი იცნობს, თუმცა პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე პარლამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ურჩევს, კონცეფციაში სათანადოდ აისახოს ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარი პრობლემები:

ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისათვის არის სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, უგულავა და მათი ძალადობრივი რეჟიმი ...
„მკაფიოდ და ნათლად აისახოს ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები: უმუშევრობა, მზარდი და უკონტროლო ინფლაცია, ეკონომიკური სტაგნაცია, პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობა და ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო... ყოველივე ეს, დემოკრატიის აშკარა დეფიციტთან ერთად, ცალსახად წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს მთავარ გამოწვევას“, - მიაჩნია დავით გამყრელიძეს.

დავით გამყრელიძის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გრძელვადიანი დოკუმენტია, დღეს არსებული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური ვითარების ფონზე კი, აუცილებელია მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი გადაუდებელი ზომების მიღება, რათა დროულად იქნეს თავიდან აცილებული დაძაბულობის შესაძლო ესკალაცია. ქვეყნის ეროვნული უსარფთხოების მთავარი დოკუმენტის მიმართ გულგრილი ვერც რესპუბლიკელები არიან. დავით უსუფაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, გაითვალისწინებენ თუ არა რჩევებს უშიშროების საბჭოსა და პარლამენტში, რჩევებსა და მოსაზრებებს აუცილებლად მიაწვდის:

„ეს არის ის თემა, რომელზეც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი მოსაზრებები და ეს მოსაზრებები უნდა იყოს ცნობილი მოსახლეობისათვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საგარეო საფრთხეები თანაზომადი პრობლემებია შიდაუსაფრთხოების თვალსაზრისით. ესაა დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე, რაც განაპირობებს სახელმწიფოს სისუსტეს, რაც განაპირობებს სახელმწიფოს უუნარობას გაუმკლავდეს საგარეო გამოწვევებს.“

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაში წვლილის შეტანას არ აპირებს ლეიბორისტული პარტია, რომლის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან თანამშრომლობა დემოკრატიულობის ნიღბის შესაქმნელად სჭირდება. ამასთან, ლეიბორისტებს ორიგინალური ხედვა აქვთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევებისა.

„ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისათვის არის სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, უგულავა და მათი ძალადობრივი რეჟიმი. ის ავანტიურისტული პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ და რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას - ფაქტობრივად, დაშალა ის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს უსაფრთხოება მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ამ რეჟიმის დემონტაჟი“, უთხრა გიორგი გუგავამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, ლეიბორისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტი უახლოეს მომავალში ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციას მაინც დაამტკიცებს. კონცეფციის მიღების შემდეგ კი უშიშროების საბჭო შეიმუშავებს უსაფთხოების სტრატეგიას, ხოლო სულ ბოლოს, კონცეფციაზე დაყრდნობით, მიიღებს საფრთხეების შეფასების საიდუმლო დოკუმენტს, რომელიც მხოლოდ პირთა შეზღუდული წრისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG