Accessibility links

logo-print
ანგარიში, სათაურით ”შეერთებული შტატების უფრო პრაქტიკული მიდგომა საქართველოს კონფლიქტებისადმი”, 15 თებერვალს გამოაქვეყნა ვაშინგტონში დაფუძნებულმა ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ - ”ამერიკის პროგრესის ცენტრმა”. ანგარიშის ავტორები, ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსები - კორი ველტი და სემუელ ჩარაპი, აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული სტატუს კვოს სასწრაფოდ შეცვლის მიზნით, დაპირისპირებულ მხარეებს მოკლევადიანი პროგრესის გეგმას სთავაზობენ, რაც 3 ძირითად რეკომენდაციას გულისხმობს.

ანგარიშის ავტორების თვალთახედვით, საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ საქართველო სამი კონფლიქტის ეპიცენტრად იქცა: ერთი მათგანი ”სახელმწიფოთშორისია”, დანარჩენი ორი კი - სეპარატისტული. სასწრაფოდ შესაცვლელია სტატუს კვო, რომელიც არავის არ აძლევს ხელს, - ასეთია ძირითადი მიზანი, რომლითაც ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსები კორი ველტი და სემუელ ჩარაპი 15 თებერვალს წარდგენილი ანგარიშის მომზადებისას ხელმძღვანელობდნენ.

”სტატუს კვო დამაბრკოლებელია და დამაბრკოლებელია ყველასთვის: რუსეთი და საქართველო ყოველდღე თავით ეჯახებიან ერთმანეთს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იზოლირებული და გაღარიბებული, რუსეთის სამხედრო პროტექტორატის ქვეშ არიან. საქართველო კი მუდმივად რჩება გლობალურ პერიფერიაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა სცენარს, რომ საქართველომ სრულად გაართვას თავი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას და შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, თუკი არ შეიცვლება კონფლიქტების დინამიკა.”

შეთანხმება, მოკლედ რომ ვთქვათ, რაციონალურსა და ლიბერალურს გახდის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმს ახალგორისა და გალის მკვიდრთათვის და ასევე გააადვილებს საზღვარზე გადაადგილებას მოსახლეობის დარჩენილი ნაწილისთვისაც ...
ამერიკის პროგრესის ცენტრის წამყვანმა ანალიტიკოსმა სემუელ ჩარაპმა ეს სიტყვები 15 თებერვალს, მისი თანაავტორობით მომზადებული ანგარიშის განხილვისას წარმოთქვა. ანგარიშში მოცემულია 3 ძირითადი ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც მხარეებს მოკლევადიანი პროგრესის მისაღწევად ესაჭიროებათ. საუბარია მოკლევადიან პერიოდში სავარაუდოდ მისაღწევ წარმატებაზე, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ხელი კონფლიქტის მოგვარებასაც კი შეუწყოს. ჩარაპისა და ველტის მიერ შემუშავებული გეგმა ფოკუსირებულია კონფლიქტის პრევენციასა და ნდობის აღდგენაზე და ის, როგორც ვთქვით, სამი ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტისგან შედგება:

• რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე.
• უნდა დაიდოს ორმხრივი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებათა შორის, ჰუმანიტარული და ადამიანების უსაფრთხოების პრობლემებთან გასამკლავებლად.
• უნდა შეიცვალოს საქართველოსა და რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა, რაც აფერხებს პროგრესს.

ანგარიშის ავტორი ანალიტიკოსების რწმენით, ამ გეგმის შესრულება სავსებით შესაძლებელია, რადგანაც ის არ სთხოვს მხარეებს, უარყონ თავ-თავიანთი მტკიცე პრინციპები ანდა კომპრომისზე წავიდნენ პრინციპულ პოზიციებთან დაკავშირებით.

რას ნიშნავს რუსეთის მიერ პასუხისმგებლობის აღება საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე?

ანგარიშის ერთ-ერთი ავტორის, კორი ველტის თქმით, ეს დაახლოებით ისეთივე სამშვიდობო ვალდებულებაა, რაც საქართველომ იტვირთა მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. რუსეთის მიერ ასეთი ვალდებულების აღება, ანალიტიკოსის აზრით, მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოს გაუქრეს შეშფოთება ომის შესაძლო განახლებასთან, ანუ რუსეთის მიერ ”საქმის ბოლომდე მიყვანასთან” დაკავშირებით:

”რუსებს შეუძლიათ ეს დაპირება ისე დადონ, რომ საერთოდ არ ახსენონ საქართველოს საზღვრების ზუსტი მდებარეობა. საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის დაპირება შესაძლებელია დაიდოს ისე, რომ არ ახსენონ ადგილზე არსებული სიტუაცია. მაგრამ ის უნდა მოიცავდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან; საგუშაგოებისა და შორი მოქმედების სარაკეტო სისტემების აღებას... მანამდე კი რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უფრო მეტი გამჭვირვალობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული აღჭურვილობის სახეობებსა და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით.”

რაც შეეხება ორმხრივი შეთანხმების მიღწევას საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებათა შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე, კორი ველტის განმარტებით, საქართველო ამით არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, არამედ აღიარებს მათ მხოლოდ ”პოლიტიკურ მოთამაშეებად”, რაც ამ რეგიონებს გაუზრდის პასუხისმგებლობას სამშვიდობო ქმედებების ჭრილში. ამასთან, ამ ყველაფერს არაერთი დადებითი შედეგი მოჰყვება:

”შეთანხმება, მოკლედ რომ ვთქვათ, რაციონალურსა და ლიბერალურს გახდის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმს ახალგორისა და გალის მკვიდრთათვის და ასევე გააადვილებს საზღვარზე გადაადგილებას მოსახლეობის დარჩენილი ნაწილისთვისაც, მათ შორის - ჯანმრთელობის დაცვის საჭიროების შემთხვევაში. ეს გააჩენს შესაძლებლობას მოაგვაროს წყლისა და გაზის მწვავე პრობლემა, კერძოდ - სამხრეთ ოსეთში. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის მეთვალყურეთა დაშვებას ახალგორსა და გალის რეგიონებში, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიზნებით.”

პროგრესის მისაღწევად, ანგარიშის ავტორების რწმენით, ცვლილებები უნდა განიცადოს შეერთებული შტატების პოლიტიკამაც და ის უფრო მეტად ფოკუსირებული უნდა გახდეს კონფლიქტის მოგვარების მიზანზე. შეერთებული შტატების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების ნუსხაში ანგარიშის ავტორები ასახელებენ, მაგალითად: ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშეწყობას რუსეთსა და საქართველოს შორის; თავდაცვითი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმებული პოლიტიკის შემუშავებას, რაც თავსებადია კონფლიქტის მოგვარებასთან. ამასთან, ობამას ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა ნებისმიერი ”სამომავლო კონტაქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უნდა აქციოს კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიის ნაწილად” და იმუშაოს ევროკავშირთან, ამ გაერთიანების მიერ იმავე ნაბიჯების გადადგმის უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG