Accessibility links

logo-print
აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტის განახევრება 2013 წლამდე და ათწლიან პერიოდში 1,1 ტრილიონი დოლარის დაზოგვა - საამისო პირობებს ქმნის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მან კონგრესს წარუდგინა.

„როცა პრეზიდენტად მუშაობას შევუდექი, პირობა დავდე, რომ ბიუჯეტის დეფიციტს გავანახევრებდი პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლომდე. ბიუჯეტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ამ დაპირებას შეესაბამება“, განაცხადა ობამამ, რომლის ბიუჯეტის პროექტიც 3,7 ტრილიონ დოლარს მოიცავს. ამ პროექტით, ბიუჯეტის დეფიციტი 2012 წელს მკვეთრად ეცემა (1,1 ტრილიონ დოლარამდე) მას შემდეგ, რაც 2011 წელს (ფისკალურ წელს) სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწევს (1,6 ტრილიონ დოლარს).

ობამას პროექტით, 47 მილიარდი დოლარია განკუთვნილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის დასაფინანსებლად - 1 პროცენტით მეტი, 2010 წელთან შედარებით. ამას ემატება 4 მილიარდი დოლარი დიპლომატიური და განვითარების პროგრამებისათვის, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული მაუწყებლობისთვის, რომელსაც ჩვენი რადიოც მიეკუთვნება. ეს დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, თითქმის 3 პროცენტით იზრდება - ყოველ შემთხვევაში, ობამას პროექტით.

როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ტომას ნაიდსმა უთხრა ჟურნალისტებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი პირდაპირ კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან. „სახელმწიფო დეპარტამენტის ძირითადი ბიუჯეტი არის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილი. ის ემსახურება სტაბილიზაციას კონფლიქტის ზონებში, ამცირებს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ საფრთხეს, აღადგენს ძველ ალიანსებს, ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს, უპირისპირდება ექსტრემიზმს, აღებს გლობალურ ბაზრებს და იცავს მოქალაქეებს საზღვარგარეთ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაზრდილი ხარჯები, რასაც 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, არ მოიცავს ავღანეთის, ერაყისა და პაკისტანისთვის განკუთვნილ ხარჯებს. პირველად ისტორიაში, ამ სამ ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედრო და დიპლომატიური საქმიანობის დაფინანსება ცალკე კატეგორიაშია მოქცეული. მისთვის უნდა გამოიყოს 8,7 მილიარდი დოლარი, უწინარეს ყოვლისა, ერაყში ოპერაციებისთვის. ამასთან, ერაყში შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებისთვის განკუთვნილი ფული მკვეთრად მცირდება (დაახლოებით 40 მილიარდი დოლარით) და, სამაგიეროდ, მატულობს ერაყშივე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაობის დაფინანსება.

როგორც სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განცხადა, მისი უწყება ითხოვს, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით მეტს: „რათა უზრუნველვყოთ სამოქალაქო წარმომადგენლების ყოფნა, ერაყის მთავრობასთან მუშაობის გასაგრძელებლად, რათა ამაო არ გამოდგეს უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა სამხედრო უნიფორმიანმა მამაკაცებმა და ქალებმა გაიღეს და ამ ქვეყანამ გაიღო; რათა შევეცადოთ, ერაყელებს მივცეთ შესაძლებლობა, დასახონ საკუთარი დემოკრატიული მომავალი. რადგან ჩვენ არა ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინოს იმაზე, რაც ერაყში მომავალში მოხდება“, დასძინა კლინტონმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმილი გაზრდით გათვალისწინებულია ასევე კვების უსაფრთხოების და ჯანდაცვის გლობალური ინიციატივების დაფინანსების მატება.

რაც შეეხება ხარჯების შეკვეცას, აპირებენ, მაგალითად, ევროპის, ევრაზიის და შუა აზიისთვის განკუთვნილი დახმარების შემცირებას. 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ რეგიონებისთვის 115 მილიონი დოლარით ნაკლებს ითვალისწინებს, ობამას წინა წლის პროექტთან შედარებით. თუმცა, ბევრი ოპოზიციონერისთვის ეს საკმარისი არ არის: რესპუბლიკელების ნაწილი მოითხოვს უცხოეთისთვის განკუთვნილი დახმარების მთლიანად გაუქმებას, ამერიკის ბიუჯეტის სარეკორდო დეფიციტის გათვალისწინებით.

ამჟამად რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მიმდინარე ფისკალური წლის ბიუჯეტის შეკვეცას ითვალისწინებს. ჰილარი კლინტონის შეფასებით, ბიუჯეტის 16 პროცენტით შეკვეცა, რასაც ოპოზიცია მოითხოვს, „გამანადგურებელი“ იქნებოდა შეერთებული შტატების უსაფრთხოებისათვის...

რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით იკვეცება სამხედრო ხარჯები - პირველად 2011 წლის 9 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. ეს შეკვეცა, ცხადია, ასახავს ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესს. მთლიანობაში, სამხედრო ბიუჯეტისთვის განკუთვნილია 671 მილიარდი დოლარი, ბიუჯეტის შარშანდელ პროექტში მოთხოვნილი 708 მილიარდის შემდეგ.

წინასწარვე ცხადია, რომ ბარაკ ობამას მიერ შეთავაზებულ პროექტს მწვავე დებატები მოჰყვება კონგრესში. როგორც წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა შეერთებული შტატების ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინების „მეტისმეტად ბევრ ხარჯს, მეტისმეტად ბევრ ვალსა და მეტისმეტად დიდ გადასახადებს“.
XS
SM
MD
LG