Accessibility links

logo-print

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტი ცხინვალში


ცხინვალი

ცხინვალი

ოთხშაბათს ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოსურ მხარესთან მომავალი შეხვედრის დღის წესრიგის შესათანხმებლად ჩავიდნენ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიერ მორელი, ეუთოს წარმომადგენელი გეიდრიუს ჩეკოულისი და გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს მურად ჯიოევს და ომბუდსმენს დავით სანაკოევს შეხვდნენ. ოსურმა მხარემ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღების საკითხი. ჟენევაში კიდევ ერთხელ იმსჯელებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულების, ორივე მხარეს დაკავებულების, ახალგორისთვის ბუნებრივი აირის, გორის რაიონისთვის კი სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებზე. ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლება არ ენდობა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო განცხადებებს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ამის პასუხად ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებებმა იურიდიული გაფორმება გაეროში სპეციალური წერილის შესვლის შემდეგ მიიღო და ამ საკითხზე მსჯელობა ჟენევაშიც გაგრძელდება. მორელი დადებითად აფასებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრების განახლებას, რადგან ამ მექანიზმს პრობლემების ოპერატიული მოგვარება შეუძლია.

ოთხშაბათს ოსურმა მხარემ ხმამაღლა განაცხადა, რომ მზადაა ცხინვალის ციხიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლოს. ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა ხუთშაბათს ერგნეთის შეხვედრაზე გაგრძელდება და დეტალები შეთანხმდება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქართული მხარე ასევე მზადაა ომის შემდეგ დაკავებული რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის რამდენიმე მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ბორის ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელსუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარზე გადაადგილების გამარტივებული რეჟიმი იმოქმედებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რიგით მოქალაქეებს გადაადგილებისას ბარიერებს უქმნის, როცა მათ დამატებით დოკუმენტაციას სთხოვს. ცოტა ხნის წინ ქართულ პოლიციურ საგუშაგოებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლებათ, თუ ისინი 10 დღით ადრე მიმართავენ საგუშაგოს და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენენ.

ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე, რომელიც პირველ მარტს გაიმართება ოსური მხარე ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს, ქართული მხარე კი გადაკეტილი სარწყავი არხების გახსნას მოითხოვს, მანამდე კი ერგნეთში მხარეები დაკავებულთა გაცვლის თაობაზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG