Accessibility links

logo-print

ობამა მსოფლიოს ავტოკრატ მმართველებს აფრთხილებს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააფრთხილა ავტოკრატი მმართველები, გააცნობიერონ, რომ მსოფლიო იცვლება. მიუხედავად იმისა, „მეგობრები არიან თუ მტრები“, ისინი ძალის გამოყენებით და დაშინებით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, - განაცხადა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცოტა ხნის წინ ოპონენტები აკრიტიკებდნენ ბარაკ ობამას იმის გამო, რომ საკმარისად არ გამოხატავდა მხარდაჭერას ეგვიპტის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტებისადმი. თუმცა 15 თებერვალს ერთსაათიან დაუგეგმავ პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყველგან და ყოველთვის პროდემოკრატიული დემონსტრანტების მხარეზეა, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ლტოლვა გადადის იმ მთავრობების გადაყენების მოთხოვნაში, რომლებიც შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან:

რაც ეგვიპტეში იყო მართალი, ის მართალი უნდა იყოს ირანშიც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს უნდა შეეძლოს გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და უკმაყოფილება ...
„მესიჯი, რომელიც ჯერ კიდევ ეგვიპტის დემონსტრაციებამდე გავუგზავნეთ როგორც მეგობრებს, ისე მტრებს ახლო აღმოსავლეთში, იყო შემდეგი: მსოფლიო იცვლება. თქვენ გყავთ ახალგაზრდა, ენერგიული თაობა, რომელიც ითხოვს უფრო მეტ შესაძლებლობებს და თუ თქვენ მართავთ ამ ქვეყნებს, მაშინ თავი არ უნდა მოიტყუოთ და უნდა გაითვალისწინოთ ეს ცვლილებები.“

იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება იმ არაბული სახელმწიფოების რიცხვი, სადაც მოსალოდნელია დემოკრატიულად განწყობილი აქტივისტების გააქტიურება, ობამამ მოუწოდა მთავრობებს,მშვიდად უპასუხონ დემონსტრაციებს. შეერთებული შტატები ყოველთვის დაუჭერს მხარს მოქალაქეთა სიტყვისა და შეკრების უფლებას, რაც „ადამიანებს აძლევს უფლებას გამოხატოს უკმაყოფილება ხელისუფლების მისამართითო“, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. ობამამ „ირონია“ ამოიკითხა ქმედებაში ირანის ხელისუფლებისა, რომელიც პატივისცემას გამოხატავდა ეგვიპტის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების მიმართ, მაგრამ „სცემს და არბევს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ცვლილებების მოთხოვნით თეირანის ქუჩებში გამოდიან“.

„რაც ეგვიპტეში იყო მართალი, ის მართალი უნდა იყოს ირანშიც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს უნდა შეეძლოს გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და უკმაყოფილება და ეცადოს ჰყავდეს უფრო მეტად პასუხისმგებელი მთავრობა.“

სულ ბოლო არაბული სახელმწიფო, სადაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა, ბაჰრეინია, მილიონიანი ქვეყანა სპარსეთის ყურეში, რომელსაც მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფა და სუნიტური ელიტა მართავს, მაშინ როდესაც მოსახლეობის 70 პროცენტი შიიტი მუსლიმანები არიან. სამშაბათს ბაჰრეინის დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით 10 ათასკაციანი დემონსტრაცია გაიმართა მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ საპროტესტო მსვლელობაში პოლიციასთან შეტაკების შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ გადადგომას ქვეყნის პრემიერ- მინისტრ შეიხ ხალიფა ბინ სალმან ალ ხალიფასი, რომელიც ქვეყანას 1971 წლიდან მართავს.

ანალოგიური ვითარებაა იემენში, სადაც რამდენიმე დღეა გრძელდება გამოსვლები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით.

მიუხედავად გამაფრთხილებელი მესიჯისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვერ უკარნახებს სუვერენული სახელმწიფოების მთავრობებს, როგორ უნდა მოიქცნენ. „დემოკრატია რთული საქმეაო“, - თქვა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG