Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხიდან 8 მოქალაქეს გამოუშვებენ


ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ ჟენევის დისკუსიის საერთაშორისო თანათავმჯდომარეები. მარტში დაგეგმილი ახალი რაუნდის მოსამზადებლად ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები პიერ მორელი, გედრიუს ჩეკუოლისი და ანტი ტურუნენი ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობის წევრებს მურატ ჯიოევსა და ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. სააგენტო რესის ცნობით, ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ უმთავრესი, რასაც ოსური მხარე კვლავ მოითხოვს, თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერაა, რადგან ცხინვალი პრეზიდენტ სააკაშვილის ზეპირ განცხადებებს არ ენდობა. ამასთან, დღეს გამოცხადდა, რომ ოსური მხარე მზადაა ცხინვალის ციხიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოუშვას. თავის მხრივ, ქართული მხარეც გამოთქვამს მზადყოფნას ომის შემდეგ დაკავებული, რუსეთის და დე-ფაქტო რესპუბლიკის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების თაობაზე. ამ საკითხზე საუბარი ხუთშაბათს ერგნეთში გაგრძელდება, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG