Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში დედაქალაქს არმია აკონტროლებს, აქციები აიკრძალა


ბაჰრეინის ჯარის განცხადებით, მანამის ცენტრალურ უბნებს ახლა ის აკონტროლებს და წესრიგის დამყარების მიზნით შეკრებები იკრძალება. ეს განცხადება სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გადაიცა მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაბანაკებული დემონსტრანტები პოლიციამ ცრემლმდენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით განდევნა. მოედანზე ათასობით პირი სამშაბათის შემდეგ მართავდა აქციას. როგორც იუწყებიან, პოლიციის მიერ განხორციელებული რეიდისას სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 150 დაშავდა. კიდევ ორი ადამიანი კვირის დასაწყისში გამართულ აქციებზე მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლა. ქალაქის ქუჩებში ათობით დაჯავშნული მანქანა და ტანკია გამოყვანილი. აქციის მონაწილეები პოლიტიკურ რეფორმებს მოითხოვენ. ბაჰრეინის უმეტესად შიიტებისგან შემდგარ მოსახლეობას სუნიტთა დინასტია განაგებს. ბაჰრეინში საპროტესტო გამოსვლები არაბულ სამყაროში დაწყებული პოლიტიკური მღელვარების ნაწილია. ეს მღელვარება და საპროტესტო გამოსვლები ტუნისსა და ეგვიპტეში ლიდერების ჩამოგდებას მოსდევს. ყატარის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მოგვიანებით ბაჰრეინში შეიკრიბებიან და სამეფოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG