Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და ოსი სამართალდამცავების შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე


ერგნეთი
ერგნეთი
დღეს ერგნეთში ქართველი და ოსი სამართალდამცავების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არ დასწრებიან. საუბარი როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს დაკავებულთა გათავისუფლებას ეხებოდა. ამ შეხვედრამ ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა. სოფელ მეღვრეკისთან მოწყობილ საგუშაგოზე პოლიციელებმა ერგნეთისკენ გადაადგილების საშუალება არ მოგვცეს.

საგუშაგოზე მყოფი პოლიციელები ჟურნალისტების გასატარებლად პოლიციის უფროსის ნებართვას ელოდებოდნენ, სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ სამი საათის განმავლობაში ერგნეთისკენ ვერ გაგვიშვებდა.

ამ საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ ერგნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი და სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე შალვა ტრამაკიძე შევიდნენ. მანამდე ქართული მხარე ოსური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობას შეხვედრის ჩატარების შესახებ კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ მხარეებს შორის შეხვედრა მაინც შედგა. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ინფორმაციით, ერგნეთის შეხვედრა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და შესაძლოა დღესვე მომხდარიყო დაკავებულთა გათავისუფლება.

16 თებერვალს, ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ოსური მხარე ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქის გასათავისუფლებლად მზად იყო.

რადიო თავისუფლების კომპეტენტური წყაროს ცნობით, მხარეები ერთ-ერთი დაკავებულის გათავისუფლების საკითხში შეთანხმებას ვერ აღწევდნენ, ამიტომ გახდა საჭირო დღევანდელ შეხვედრაში სამართალდამცავთა მონაწილეობა. იმავე წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს კონკრეტული შედეგით დასრულდა და მხარეების მიერ დაკავებულთა გაცვლა უახლოეს ხანებში მოხდება.
XS
SM
MD
LG