Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 18 თებერვალი 2011


”რეზონანსი” რუსული გამოცემის, ”რუსსკი რეპორტიორის” მიერ „ვიკილიკსის“ მასალებზე დაყრდნობით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. საქმე საქართველოს მიერ იარაღის შესყიდვას ეხება. ”უკრაინული საშუამავლო ფირმა იარაღით ვაჭრობისას საქართველოს ფულს ”უტეხავდა”?” - ასეთია სათაური სტატიისა, რომელიც იარაღის შესყიდვისას ”ატკატების” საკითხს ეხება. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ”რეზონანსს” ”ატკატების” მექანიზმს უხსნის: ”მაგალითად, ფირმას თუ სურს ”ტ-72” ტიპის ტანკი 200 ათასად გაყიდოს, ქართველ ჩინოვნიკს შეუძლია უთხრას: ოფიციალურად ვაჩვენოთ 600 ათასი დოლარი და აქედან 500 ათასი გავინაწილოთ. ფირმა ამით იგებს, შემოწმება კი ჩვენი მხრიდან შეუძლებელია. საქართველოს შეიარაღებაში ძალიან ბევრი ტექნიკა იყო უხარისხო, ფული კი ძალიან ბევრი დაიხარჯა. ამიტომაც, თავისთავად აშკარაა, რომ ეს სქემა მუშაობდა.”

სათაური ”ვერსიის” პირველ გვერდზე - ”სკანდალური ფაქტი ოპოზიციური კულუარებიდან“. სტატიაში წაიკითხავთ, რომ რამდენიმე წლის წინ არსებული გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი პარტიის წევრმა გაზეთს მიაწოდა ინფორმაცია ბადრი პატარკაციშვილის მიერ ოპოზიციის დაფინანსების ზოგიერთ დეტალზე. ”ვერსია” წერს: ”წყარო ამტკიცებს, რომ 2007 წლის შემოდგომის აქციების მოსამზადებელ სამუშაოებს 1,5 მილიონი დოლარი ”მოხმარდა”. თუმცა გეგიძემ და გაჩეჩილაძემ ”სტანდარტბანკიდან” რა რაოდენობის თანხა გამოიტანეს, მარტო მათ და ბადრიმ იცოდნენ. წყაროს ინფორმაციით, ამ თანხის მეათედიც არ მისულა ოპოზიციასთან, რომელსაც მაშინ მთლიანად პატარკაციშვილი აფინანსებდა და ხშირად რეგიონებში წასასვლელი ფულიც კი არ ჰქონდა.”

”24 საათი” რამდენიმე პოლიტიკოსს უსვამს შეკითხვას: ”რამდენად რეალურად მიგაჩნიათ უახლოესი 3-5 წლის მანძილზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება?”. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი: ”ეს, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებული იქნება ზოგადად საგარეო პოლიტიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, ანუ რუსეთისა და ევროპული სახელმწიფოების ურთიერთობებზე, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობებზე”; ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე: ”3-5 წელიწადში ნაკლებ სავარაუდოა. ხუთი წლის შემდეგ შეიძლება უფრო რეალური იყოს”; ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, ირაკლი ჩიქოვანი: ”ვფიქრობ, რომ ეს უფრო გვიან იქნება, ვიდრე სამიდან ხუთ წლამდე. ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში ინტეგრაციისაგან ჩვენ ახლა უფრო შორს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ”; ”ახალი მემარჯვენეები”, მამუკა კაციტაძე: ”მთავარი ის კი არ არის, რომ გინდა თუ არა სამ და ხუთ წელში მივიღოთ დასრულებული შედეგი, მთავარი ის არის, რომ ამ პერიოდში სწორი გეზი და მიმართულებები ავიღოთ და სწორი რეფორმები დავიწყოთ. ასეთ შემთხვევაში კი, მერწმუნეთ, შედეგი არ დააყოვნებს”; ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, ბაჩუკი ქარდავა: ”რაც შეეხება პერსპექტივას, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ, უბრალოდ, სხვა არჩევანი არ გვაქვს და ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. ამ მოძრაობაში, გარდა რუსული ფაქტორისა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით დემოკრატიის განვითარება.”

”საქართველოს რესპუბლიკა” არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას თბილისის ურბანული განვითარების საკითხებზე ესაუბრა: ”კაპიტალი, ფული იმდენად ძლევამოსილია, რომ მის ნებას ვერავინ აღუდგა წინ. ერთადერთი ძალაა სწორი ალტერნატივა. ქალაქმშენებლობაში ეს ალტერნატივა ქალაქიდან გასვლაა, ახალი საცხოვრებელი თუ საქმიანი უბნების მშენებლობაა, როგორც ეს გააკეთა პარიზმა, პრაღამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. თუ არ მოხდება თვისებრივი ცვლილება ქალაქმშენებლობისადმი დამოკიდებულებაში, სირთულეები კიდევ უფრო საგრძნობი გახდება.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG