Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის ნაცვლად სააკაძე


საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა
კასპის საკრებულომ ქალაქში არსებულ, ზოგიერთ ქუჩას სახელი გადაარქვა. ამ თხოვნით საკრებულოს დღეს მხარის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა მიმართა, რომელიც კვირაზე მეტია კასპიდან მართავს რეგიონს. გუბერნატორის თქმით, ქალაქის მოსახლეობამ მას თხოვნით მიმართა, რომ აღარ უნდათ ფილიპე მახარაძისა და ფრიდრიხ ენგელსის სახელობის ქუჩებზე ცხოვრება.

გუბერნატორის თხოვნა საკრებულომ დღესვე დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაც ერთხმად მიიღო. კასპის მთავარ ქუჩას, რომელიც აქამდე იოსებ სტალინის სახელს ატარებდა, დღეიდან გიორგი სააკაძის სახელი ეწოდა, სწორედ ამ ქუჩაზეა აღმართული გიორგი სააკაძის ცნობილი მონუმენტი. სააკაძის ყოფილ ქუჩას ეფრემ მეორის სახელი ეწოდა, ფრიდრიხ ენგელისი ქუჩას - ქვათახევის მოწამეთა ქუჩა; ფილიპე მახარაძის ქუჩა კი სამების სახელობის იქნება.

კასპის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის ხათუნა თათანაშვილის აზრით, ადგილობრივ თვითმმართველობას ამ საკითხებზე აქამდეც უნდა ემსჯელა, მაგრამ მისი თქმით, ხელისუფლების მორჩილი საკრებულო ზემოდან ბრძანებებს ელოდება.

კასპელების აზრით თანამედროვე გმირები მეტად უნდა დაფასდნენ და საბჭოთა კავშირის დროინდელი დასახელებები უნდა შეიცვალოს. მათ ყველაზე მეტად ის გაუხარდათ, რომ მთავარი ქუჩა, რომელიც აქამდე სტალინის სახელობისა იყო ახლა გიორგი სააკაძის სახელის მატარებელი იქნება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯერ გორის შემდეგ კი კასპის საკრებულოებმა ქუჩებისთვის სახელების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ოპოზიცია აცხადებს რომ ეს მითითება ზევიდან მოდის, თუმცა გადაწყვეტილებებს მხარს უპრობლემოდ უჭერენ. თვალში საცემია ერთი ტენდენცია, გორის საკრებულო ქალაქის მთავარი ქუჩისთვის სტალინის სახელის გადარქმევას ჯერ არ ჩქარობს, მონუმენტის აღების შემდეგ, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის განაწყენებას ერიდება. კასპის საკრებულომ კი ეს გადაწყვეტილება უპრობლემოდ მიიღო, რადგან ბელადის სახელი კასპელების მთავარი გმირის, გიორგი სააკაძის, სახელით ჩაანაცვლა.
XS
SM
MD
LG