Accessibility links

თბილისიდან ჩრდილო კავკასიისკენ გაწვდილი ხელი


ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი

ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი

საქართველოს სწრაფვა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან დაახლოებისკენ, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მსჯელობისა და კამათის თემას წარმოადგენს. ამის შესახებ ხშირად ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები თუ ჟურნალისტები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მიმდინარე კვირაში ის ორმა წამყვანმა გაზეთმა -ამერიკულმა ”ნიუ-იორკ ტაიმსმა” და ბრიტანულმა ”ინდეფენდენტმა” - წამოსწია და ასევე მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა ”ამერიკის პროგრესის ცენტრის” ახალი ანგარიში, რომელშიც არცთუ სახარბიელოდ არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის ჩრდილო კავკასიასთან მიმართებით.

საქართველოსა და რუსეთის ჩრდილო კავკასიის ახლებურ ურთიერთობებს მთელი თავი ეთმობა ”ამერიკის პროგრესის ცენტრის” მიერ 15 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით ”შეერთებული შტატების უფრო პროაქტიული მიდგომა საქართველოს კონფლიქტებისადმი”. ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსების კორი ველტისა და სემუელ ჩარაპის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებით დაიწყო ”ცალმხრივად, ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში და რუსეთის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევის ეპიცენტრს...” გამოწვევად კი სახელდება ”ძალადობრივი და მზარდი ისლამისტური ამბოხი” და ტერიტორიული სიახლოვე რუსეთისთვის მეტად პრესტიჟული მოვლენის - 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის - მასპინძელ სოჭთან. ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, ”საქართველოს ხელისუფლების მოტივების მიუხედავად”, ეს პოლიტიკა მოსკოვისთვის დესტაბილიზაციის ხელშემწყობად აღიქმება.

უკვე შემოვიდა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი... ერთი ინციდენტის შესახებ ვინმეს რამე სმენია?! ...
ამერიკელი ანალიტიკოსები კორი ველტი და სემუელ ჩარაპი საქართველოს ჩრდილო კავკასიასთან დაკავშირებული ამჟამინდელი პოლიტიკისა და რიტორიკის ფარგლებში ვითარების გამწვავების საფრთხეს ხედავენ და ამიტომ ობამას ადმინისტრაციას პროცესში გარკვეული ჩარევისკენ მოუწოდებენ. ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების მიხედვით, ვაშინგტონმა უნდა ურჩიოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ, მაგალითად, თავი აარიდონ რიტორიკას, რომელშიც რუსეთი მტრად არის ნახსენები, ხოლო საქართველო ქვეყნად, რომელიც ომს დამთავრებულად არ თვლის. აქვეა რჩევა, რომ რუსეთ-საქართველოს მოქმედ საზღვარზე ვიზების გაცემა დაიწყოს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ისევე, როგორც ეს ხდება ქვეყნის სხვა ყველა ძირითად საზღვარზე. შესაძლებელია ვიზა იყოს უფასო, მაგრამ მისი დაწესება რუსეთის ყველა მოქალაქისთვის არის აუცილებელი, რათა საქართველომ ამით გამოავლინოს საზღვრის უსაფრთხოების პასუხისმგებლობა.

ერთი სიტყვით, ამ რეკომენდაციის მიხედვით, უნდა გაუქმდეს უვიზოდ მიმოსვლის პრივილეგია, რომელიც საქართველომ, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, რუსეთის ჩრდილო კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკას დაუწესა გასული წლის 13 ოქტომბრიდან.

ამ საკითხმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული ეჭვები თავის დროზე საქართველოშიც გამოიწვია, თუმცა ხელისუფლება ირწმუნებოდა, ვიზების გაცემა-არგაცემას არავითარი კავშირი არა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან და რუსეთის ავ ზრახვებს ვერც ვიზა შეუშლის ხელსო. ჩრდილოკავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი პრეზიდენტი ამბობს, რომ სახიფათო არაფერია, რადგანაც საზღვარი შესანიშნავად კონტროლდება და, ამასთან, მშვენივრად იქცევიან სტუმრებიც:

რუსეთის არმიის შემადგენლობა 9-10 აგვისტოს დაახლოებით 40 პროცენტით სწორედ კავკასიელებით იყო დაკომპლექტებული... და ეს ყოველთვის ასე იქნება, თუ ჩვენ არ გვექნება აქტიური კავკასიური პოლიტიკა ...
”დააკვირდით, უკვე შემოვიდა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი... ერთი ინციდენტის შესახებ ვინმეს რამე სმენია?! ეს ხალხი აქ იქცევა ძალიან კარგად, ჯერჯერობით... იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არის არა ისეთი კლიმატი, როგორიც მათ იქ იციან... იქ არის ჯუნგლების პრინციპი... გეტოდ არის ქცეული ჩრდილო კავკასია, ეს ხალხი მიცემული ჰყავთ ადგილობრივ ფეოდალებს, რომლებსაც შეუძლიათ ისინი მოკლან, გააუპატიურონ, ფეხებით დაკიდონ, აწამონ, ყველაფერი წაართვან... რა თქმა უნდა, იქ სხვანაირად იქცევა ადამიანი და სხვანაირად იქცევა, როცა შემოდის ქვეყანაში, სადაც არის კანონის უზენაესობა... ამას წინათ, ჩემი მეგობრებიც გაღიზიანდნენ: ერთმა დაღესტნელმა იმამმა თქვა,საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხალხი კარგად ცხოვრობსო - და სად ვცხოვრობთო ჩვენ კარგადო?! ამას კი არ გულისხმობდა ის... მისთვის კარგი ცხოვრების სტანდარტი სულ სხვა არის...”

ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 იანვარს გააკეთა, როცა ის ახალი რუსულენოვანი ტელეარხის - ”პიკის” - პროექტის ფარგლებში, ხალხის შეკითხვებს პასუხობდა. სხვათა შორის, ამერიკის პროგრესის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში ეს რუსულენოვანი ტელეარხიც არის ნახსენები, რომლის სატელიტური მაუწყებლობაც ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიასაც ფარავს. ამერიკელი ანალიტიკოსების რეკომენდაციით, ამ არხმა უნდა შეინარჩუნოს ფოკუსირება მთელ რეგიონზე და არ უნდა იქცეს რუსეთის გამაღიზიანებელ პროპაგანდულ მანქანად.

ამერიკის პროგრესის ცენტრის ანგარიშმა ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე მიიპყრო ”ნიუ-იორკ ტაიმსისა” და”ინდეფენდენტის” ყურადღება. ეს ამერიკული და ბრიტანული გაზეთები გარკვეულწილად იმის გარკვევასაც ცდილობენ, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველომ გადაედგა საკამათო ნაბიჯი და დაახლოებოდა რუსეთის ჩრდილო კავკასიას. ამ კონტექსტში ბეჭდავს ორივე გაზეთი კვირის გამოცემებში პრეზიდენტ სააკაშვილის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც მან 25 იანვარს ტელეკომპანია „პიკში“ სტუმრობისას გააკეთა. ამ განცხადებაში ჩრდილო კავკასიასთან დაახლოების მშვიდობიან მიზანს პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო დაპირისპირების ერთგვარი პრევენციის კონტექსტში განიხილავს:

”ხშირად ჩემი დასავლელი მეგობრებიც მეკითხებიან - აი, რად გინდათ ახლა ჩრდილო კავკასია... რა ვიცი, თავის ტკივილი არ იყოსო... და მე ვეკითხები: ჩემო ძვირფასებო, შემდეგ ჯერზე 50 ათას შეიარაღებულ ჩეჩენს რომ გამოგვიგზავნის ჩვენი მეგობარი ვლადიმერი, თქვენი ჯარისკაცები ჩამოვლენ და დაგვიცავენ მათგან?! ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს არ მოხდეს... რომ გამწარებულმა ხალხმა არ წარმოიდგინოს, რომ საქართველოში ასჯერ უარესი სიტუაციაა... და რომ - აი, ის არის მტერი... ეს უნდა მოვაცილოთ...”

მართალია, პრეზიდენტის ამ განცხადების ფორმა მაინცდამაინც არ მოსწონს, მაგრამ შინაარსობრივად ის სავსებით აკმაყოფილებს ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს:

”... თუ კავკასიაში მდგომარეობა ვერ შევცვალეთ ჩვენდა სასიკეთოდ, მაშინ ყოველთვის გვექნება ეს პრობლემა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის ხელისუფლებამ მობილიზაცია გაუკეთა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე ყველა კავკასიელს, ხაზს ვუსვამ - ყველას, და გამოაგზავნა საქართველოში... რუსეთის არმიის შემადგენლობა 9-10 აგვისტოს დაახლოებით 40 პროცენტით სწორედ კავკასიელებით იყო დაკომპლექტებული... და ეს ყოველთვის ასე იქნება, თუ ჩვენ არ გვექნება აქტიური კავკასიური პოლიტიკა, ჰუმანიტარული და კულტურული თვალსაზრისით, პირველ რიგში...”

სამომავლო მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით, მამუკა არეშიძე სავსებით ემხრობა ჩრდილოეთ კავკასიასთან საქართველოს ურთიერთობების გააქტიურებასა და გაუმჯობესებას, თუმცა ექსპერტი იმაშიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს ამ პროცესში წინდახედული ზომიერების დაცვა სჭირდება - როგორც ქმედებების, ასევე განცხადებების დონეზე.
XS
SM
MD
LG