Accessibility links

8 თებერვალს შესრულდა 100 წელი ამერიკელი პოეტის, ელიზაბეტ ბიშოპის დაბადებიდან.

ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ელიზაბეტ ბიშოპი ყველაზე აღიარებული ამერიკელი ქალი პოეტია ემილი დიკინსონის შემდეგ. მართალია, მან სულ 5 პატარა ლექსების წიგნი გამოსცა თავისი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი მაინც თაობის ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად იქცა. მის ბოლო წიგნში, "გეოგრაფია - III" (1976), სულაც მხოლოდ 10 ლექსი შევიდა. მთლიანად, მის კრებულებში 88 ლექსს ითვლიან და, როგორც ამერიკული ლიტერატურის მკვლევარმა დანა ჯოიამ დათვალა, გამოუქვეყნებლებთან ერთად, სულ 105 ლექსამდე გროვდება ბიშოპის მთელი პოეტური მემკვიდრეობა.

ბიშოპი მართლაც განსაკუთრებული პოეტია ამერიკული და საერთოდ მსოფლიო პოეზიის ისტორიაში. პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი კარგად იცნობს მის შემოქმედებას და სწორედ მან გვითხრა:

"თვითონ ელიზაბეტ ბიშოპის პოეზიის მნიშვნელობა ამერიკაშიც კი ვერ შეაფასეს დროულად, როგორც მე ვიცი. იმიტომ, რომ ძალიან განსაკუთრებული პოეტი იყო თავისი მიდგომით პოეზიისადმი. პოეზია ყველასთვის ასოციირებულია სპონტანურ, მუზის ხარჯზე შესრულებულ საქმესთან, ხოლოდ ბიშოპისთვის ეს უფრო იყო ხელოვნების ნიმუში. იგი ძალიან ცივი გონებით ქმნიდა ასეთ ნიმუშებს, მატერიალური სამყაროდან იღებდა რაღაც დეტალს, ამუშავებდა და ასე ქმნიდა შედევრებს. ამიტომ ცხოვრებაში მისი მიდგომა პოეზიისადმი მაინცდამაინც პოპულარული არ ყოფილა. როგორც მე ვიცი, მან საკმაოდ გვიან მიიღო ლიტერატურული ჯილდოები... მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი პოეზია შეისწავლეს და შეაფასეს, აღმოჩნდა, რომ მისი დარი პოეტი არცთუ ისე ბევრია და, პრინციპში, ძალიან ცოტაა ამერიკულ პოეზიაში."

იგი არასდროს უწევდა ხმას ზოგიერთი მისი თანამედროვესავით, ვთქვათ, ალენ გინზბერგივით. არც მისი ლექსების კითხვას უხდება ხმის განსაკუთრებული მოდულაციები. იგი არაჩვეულებრივი მთხრობელია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბიშოპი ძალიან მკაცრი იყო ფორმის თვალსაზრისით, მაშინ როცა მისი ეპოქის ამერიკულ პოეზიაში ნიაღვარივით მოდიოდა თავისუფალი ლექსი:

"ამერიკაში ამ პერიოდში ძალიან მოდური იყო აღმსარებლობითი პოეზია. რობერტ ლოუელი, რომელიც ასე ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი სახელია ამერიკულ პოეზიაში, რადიკალურად განსხვავდება მისი თანამედროვე ელიზაბეტ ბიშოპისაგან თავისი სკოლით. იმიტომ, რომ მისი მიმდევრები წერდნენ ძირითადად ემოციებზე, იყვნენ სასოწარკვეთილები, წერდნენ თავიანთ დეპრესიულ გამოცდილებაზე და ამის ხარჯზე აღწევდნენ მთავარ ეფექტს, მაშინ როდესაც ბიშოპი სრულიად გაწონასწორებული, რაციონალური ქმნიდა ლექსებს, როგორც ნახატებს. და, როგორც ვიცი, ბიშოპი, კარგად ხატავდა კიდეც."

ბევრის აზრით, იმის მიუხედავად, რომ 50-60-იან წლებში სიტყვასთან სულ სხვა მიმართებები ბატონობდა მაშინდელ ამერიკაში, ბიშოპმა ერთმა მოახერხა გადაეწონა ეს უზარმაზარი ტალღა და თავისი ეპოქის ყველაზე ემბლემატურ პოეტად იქცა:

"მისი ლექსები, თავისი მატერიალური მხარით, რაც იმას გულისხმობს, რომ ის არ ჰყვება მხოლოდ თავის განცდებზე და გრძნობებზე, არ არის სპონტანური, არ არის ორიენტირებული რაღაც ლირიკულ გადახრებზე და გადახვევებზე. იგი იღებს რაღაც პატარა დეტალებს, მაგრამ იმდენად სრულყოფილად აღწერს და სიღრმეში შედის, რომ იგივე ეფექტს აღწევს, რასაც ისინი, ვინც რაღაც ერთი ამოსუნთქვით, ვითომ ქმნიან პოეზიას. მისი ნებისმიერი ლექსი ამის მაგალითია. ქართულად ბევრი არ არის თარგმნილი, მაგრამ ქართულ თარგმანებშიც კი, რომელზეც, ალბათ, ცალკე ვისაუბრებთ, იგრძნობა მისი სიზუსტე და ამავე დროს სისადავე და ოსტატობა."

ბიშოპისთვის დამახასიათებელია არაბუნებრივად მძაფრი, ზღვრამდე მიყვანილი მჭვრეტელობითი საწყისი და ეს არაა ჩვეულებრივი პოეტური მჭვრეტელობა. დავეთანხმები ლელას, ეს ჭვრეტა თარგმანშიც გადმოდის, სხვანაირად შეუძლებელია თარგმნო ბიშოპი. მე ბიშოპის ერთი მოზრდილი ლექსი ვთარგმნე 10 წლის წინ, სახელად "თევზსაშენის ფარდულებთან", და მახსოვს რა რთული და, ამავე დროს, გარდაუვალი იყო ამ ინტონაციის გადმოტანა.

2001 წლის "არილის" მე-10 ნომერში მოზრდილი პუბლიკაცია დავუთმეთ ელიზაბეტ ბიშოპს. დავბეჭდეთ ელიზაბეტ ბიშოპის რამდენიმე ძალიან ცნობილი ლექსი, მანანა მათიაშვილის მიერ თარგმნილი, მათ შორის, "თევზი" და "One Art". პუბლიკაციას წინ უძღოდა მანანა მათიაშვილისვე შესავალი წერილი, ბოლოში კი შეიმას ჰინის მიერ, ელიოტის მემორიალური ლექციების ფარგლებში, 1986 წელს წაკითხული ლექცია დავურთეთ, "სიტყვის ერთმმართველობა". ლექცია მე ვთარგმნე და იგი მთლიანად ბიშოპის ერთ ლექსზე იყო აგებული. მოგვიანებით მანანა მათიაშვილის კიდევ რამდენიმე თარგმანი დავბეჭდეთ, ლექსები - "მოგზაურობის საკითხი", "მოსაცდელ ოთახში", "ურწმუნო". ეს იყო ბიშოპის პირველი პუბლიკაციები ქართულ ენაზე. თუმცა კი მანამდეც არსებობდა ერთი-ორი თარგმანი:

"ძირითადად გაბნეული თარგმანები, ალბათ, არსებობს ამა თუ იმ ანთოლოგიაში - მაგალითად, ამერიკული პოეზიის მცირე ანთოლოგიაში. შემდეგაც იყო ასეთი ანთოლოგიების გაკეთების მცდელობები. მე რაც ვიცი, მთარგმნელი, რომელიც ძირითადად ბიშოპზე მუშაობდა და მისი ბევრი ლექსი გააკეთა, ეს იყო მანანა მათიაშვილი, სრულიად ახალგაზრდა მთარგმნელი და "არილის" ფურცლებზე მაქვს წაკითხული მისი თარგმანები. და მე მგონი, წელსაც ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია მანანამ მიიღო და, მე მგონი, იქაც იყო წარმოდგენილი ბიშოპის ლექსები, როგორც მახსოვს. ეს თარგმანები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, იმიტომ რომ ისეთივე ზუსტია და ფაქიზი, როგორც ორიგინალში შესრულებული."

ბიშოპი 1911 წელს დაიბადა, ზუსტად 100 წლის წინ, 8 თებერვალს. მამა სულ ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. დედა ფსიქიატრიულში დააწვინეს, როდესაც ელიზაბეტი 5-სა იყო. გაიზარდა კანადაში, Nova Scotia-ში, დეიდასთან. სუსტი ბავშვი იყო და მთელი ცხოვრება იტანჯებოდა ადრეული ასაკიდან გამოყოლილი დაავადებებით - ასთმა, ეგზემა, ალერგიები. განათლება კარგი მიიღო, 1934 წელს კი ცნობილი ამერიკელი პოეტი მარიანა მური გაიცნო, ვინც წარუშლელი კვალი დატოვა მასზე.

ბიშოპი ძალიან ბევრს მოგზაურობდა. იგი ბევრ ქვეყანაში არათუ ნამყოფი იყო, არამედ ხანგრძლივადაც ცხოვრობდა, მათ შორის, საფრანგეთში, მექსიკაში, ბრაზილიაში, სადაც 16 წელი გაატარა და სადაც იგი სიყვარულის გამო დარჩა. მისი სატრფო ქალი იყო, ბრაზილიელი არქიტექტორი ლოტა დე მასედო სუარეში, ვისმა თვითმკვლელობამაც 1967 წელს წერტილი დაუსვა მისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდს.

ბოლოს, მრავალწლიანი ხეტიალის შემდეგ, ბიშოპი ბოსტონში დასახლდა, ასწავლიდა ჰარვარდში. მას, როგორც ჰყვებიან, ძალიან უყვარდა თავის სტუდენტებთან ურთიერთობა, მაგრამ ძალიან არ მოსწონდა მასწავლებლობა და ამ საქმეს მხოლოდ ხელფასის გამო დასთანხმდა. ბიშოპს ასევე არ უყვარდა საჯარო გამოსვლები, ინტერვიუები და გაურბოდა ე.წ. ლიტერატურულ ცხოვრებას. როდესაც 1965 წელს "წიგნის ეროვნული ჯილდო" მიიღო, ბიშოპმა გამოტოვა კიდეც ცერემონიალი.

იგი მაქსიმალისტი იყო, ძალიან კრიტიკული თავისი ნაწერისადმი და, როგორც გითხარით, ცოტას წერდა, რის გამოც მის ნაწერს მეტი ყურადღებიანი მკითხველი ჰყავდა. მოგეხსენებათ, როცა კარგი პოეტი წელიწადში მხოლოდ 2 ლექსს წერს, შეუძლებელია მისი რაიმე გამოგეპაროს, განსხვავებით იმ პოეტებისგან, რომლებიც წელიწადში ერთ კრებულს უყრიან თავს და ყველგან იბეჭდებიან.

წელს ელიზაბეტ ბიშოპი კინემატოგრაფისტებმაც შეამჩნიეს. 2011-ის ბოლოს ეკრანებზე გამოვა რეჟისორ ბრუნო ბარეტოს ფილმი "დაკარგვის ხელოვნება", რომელიც ბიშოპის პირად ცხოვრებას ეძღვნება და სადაც ლოტა დე მასედო სუარეშის როლს ჩვენი დიასახლისებისთვის კარგად ნაცნობი სერიალების ვარსკვლავი, გლორია პირეში, ითამაშებს.
XS
SM
MD
LG